The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ კაკუშაძე

ზურაბ კაკუშაძე
Date of birth:25 March, 1973  (51 years)
Category:Physicist

Biography

ფინანსური მათემატიკისა და რაოდენობრივი ფინანსების სპეციალისტი ზურაბ კაკუშაძე დაიბადა თბილისში, 1973 წლის 25 მარტს, ფიზიკოს ჯემალ კაკუშაძის ოჯახში. 4 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა წერა-კითხვა ქართულად და რუსულად.

თბილისის 147-ე საშუალო სკოლის მე-3 კლასში ზ. კაკუშაძეს უკვე ამოწურული ჰქონდა ფიზიკის სასკოლო კურსი. მე-4 კლასელი იყო, როცა პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ ფიზიკა-ტექნიკური სკოლის მე-8 კლასში ჩაირიცხა.

ამ პერიოდიდან დაიწყო ზ. კაკუშაძის სერიოზული მუშაობა ფიზიკასა და მათემატიკაში, პროფესორ რ. დოღონაძის ხელმძღვანელობით. 12 წლის იყო როცა ექსტერნის წესით ჩააბარა გამოცდები კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-8 კლასში. სკოლის პერიოდში იგი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას მოსწავლეთა რესპუბლიკურ და საკავშირო ოლიმპიადებში, საიდანაც მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა. 1983-1985 წწ. მონაწილეობდა რ. დოღონაძის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო სტუდენტური წრის მუშაობაში.

1988 წელს 15 წლის ზურაბ კაკუშაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის (თეორიული ფიზიკის სპეციალობით) სტუდენტი გახდა. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში, სადაც მუდამ ყურადღებას იპყრობდა ამოცანების ამოხსნის ორიგინალური, განსხვავებული და არასტანდარტული გადაწყვეტილებებით. ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო, როცა გაიმარჯვა ფიზიკის ოლიმპიადებში სა­ქარ­თვე­ლოსა (1988, თბილისი, თეორიული ფიზიკა, კომპიუტერული მოდელირება, ექსპერიმენტული ფიზიკა) და სსრკ სტუდენტთა შორის (1988, კიშინიოვი, თეორიული ფიზიკა).

უნივერსიტეტში სწავლისას ახალბედა მეცნიერი კვლევით სამუშაოებს ატარებდა ფიზიკის ისეთ დარგებში, როგორიცაა: კვანტური მექანიკა და ველის კვანტური თეორია, ელემენტარული ნაწილაკები და მყარი სხეულების ფიზიკა, გრავიტაცია და მაგნიტური რეზონანსის მოვლენები. გამოკვლევებით მიღებული საინტერესო შედეგები და დასკვნები იბეჭდებოდა უნივერსიტეტის შრომებში.

1991 წელს მე-3 კურსის სტუდენტი ზ. კაკუშაძე აშშ-ში გაემგზავრა და იმავე წლის 21 ნოემბერს კორნელის უნივერსიტეტში ასპირანტურის მე-2 კურსზე ჩაირიცხა. იქვე დაიწყო მუშაობა სიმების თეორიაში და თავისი მონაცემების წყალობით უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვის უფლებაც კი მოიპოვა.

1991 წელს ზურაბ კაკუშაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1996 წლის მაისში კი ასპირანტურის სრული კურსი კორნელის უნივერსიტეტში და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სიმთა თეორიაში; კორნელის უნივერსიტეტის პარალელურად 1996-1999 წწ. კონტრაქტით მუ­შაობ­და ჰარვარდის უნივერსიტეტში (აშშ).

1994 წელს ქართველმა მეცნიერმა მოიპოვა ეტორე მაიორანას ცენტრის (იტალია) პოლ დირაკის სახელობის სტიპენდია, 2001 წელს - ალფრედ სლოუნის ფონდის სტიპენდია. 

1999–2002 წწ. ზ. კაკუშაძე იყო ნიუ-იორკის სტონი ბრუკის (Stoni Brook) უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი; 2002-2007 წწ. კანადის საინვესტიციო ბანკის "RBC Capital Markets Corporation" დირექტორი; 2007-2008 წწ.- რაოდენობრივი საინვესტიციო ფირმის "World Quant" მმართველი დირექტორი; 2008-2009 წწ. – "Revere Data" ფირმის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი; ამავდროულად, 2003-2012 წწ. ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და "Fynance Consulting" ფირმას; 2013 წელს მუ­შაობ­და კონექტიკუტის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორად;

2008 წლიდან ზ. კაკუშაძე არის "Quantigic®Solutions LLC" კომპანიის პრეზიდენტი; 2014 წლიდან თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკისა და ბიზნესის სკოლების პროფესორია. მისი სამეცნიერო კვლევების სფეროა მაღალი ენერგიების ფიზიკა, სიმების თეორია, გრავიტაცია, მათემატიკური ფიზიკა, ფინანსური მათემატიკა, რაოდენობრივი ფინანსები. არის ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების ავტორი თეორიულ ფიზიკაში, რისკების სტატისტიკურ თეორიასა და მის გამოყენებებში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: . IV. -თბ., 2018.-გვ. 480;

2. ხელაშვილი, . ქართველი ვუნდერკინდი - ზურაბ კაკუშაძე / ა. ხელაშვილი, ნ. ქავთარაძე // მეცნიერება და ტექნიკა. - , 1998. - N4-6. - გვ.157-159


Share: