The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი კერესელიძე

გიორგი კერესელიძე
Other name:გია  (Acronym)
Date of birth:13 March, 1966  (58 years)
Category:Filmmaker

Biography

გიორგი (გია) კერესელიძე დაიბადა 1966 წლის 13 მარტს, თბილისში. მამა, კოტე კერესელიძე, დოკუმენტური ფილმების რეჟისორია. დედა, ლარისა ალექსეევა - მხატვარი იყო.

გია 4 წლის ასაკიდან ხატავდა. 9 წლის რომ გახდა, მამამ დაბადების დღეზე პატარა, 8-მილიმენტრიანი კინოკამერა აჩუქა.სწორედ ამ კამერით გადაიღო მან თავისი პირველი ანიმაციური ფილმი, - „ორწუთიანი ფილმი გავაკეთე. რომ გავამჟღავნე და ეკრანზე გავუშვი – ეს იყო საოცარი გრძნობა და მგონი, მაშინ დავავადდი კინოთი, ხელოვნებით. ეს არის ჯადოსნობა... არაჩვეულებრივი გრძნობა, როდესაც შენით რაღაცას აკეთებ, მერე კი იმას აცოცხლებ და ეკრანზე მოძრაობს“, - იგონებს რეჟისორი. 

შემდეგ იყო თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და „პიონერფილმი“, გრიშა ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით. გია თვლის, რომ მისი კარიერა სწორედ აქედან დაიწყო. ამ სტუდიაში გადაიღო ფილმი „სახიფათო გართობა“ – ერთწუთიანი პოლიტიკური ფილმი, რომელმაც საბავშვო და ახალგაზრდულ საერთაშორისო ფესტივალებზე უამრავი ჯილდო დაიმსახურა. კარგი პრიზები აიღო მეორე ფილმმაც, რომელსაც „ყვავილის მოედანი“ ერქვა.

გია კერესელიძის წარმატებებმა განაპირობა ის, რომ როცა სასახლეში ანიმაციის წრე გაიხსნა, პატარა რეჟისორი პედაგოგად აიყვანეს. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, მაგრამ გრიშა ჩიგოგიძემ დაიჟინა -  ეს ბავშვი გენიოსია და, რა მნიშვნელობაა აქვს, რამდენი წლისააო. გიას ხელფასიც დაუნიშნეს, 20 მანეთი და სკოლის დამთავრებამდე პედაგოგობდა.

როცა უმაღლესში გამოცდების ჩაბარებაზე მიდგა საქმე, ახალგაზრდა არჩევანის წინაშე დადგა - მამა ამბობდა: სარეჟისოროზე უნდა ჩააბაროსო, დედა – სამხატვრო აკადემიაშიო. ამ დროს მხატვარმა მამია მალაზონიამ სამხატვრო აკადემიაში  გახსნა ანიმაციის ფაკულტეტი და ყველაფერი თავისით გადაწყდა: „ეს რომ გავიგე, ვთქვი: „ავრორას“ ჩემთვის უსროლია-მეთქი, – თან კინოა, თან აკადემია, თან – ანიმაცია, მოკლედ, ის, რაც მე მინდოდა და ჩავაბარე“, - ღიმილით მოგვითხრობს ბატონი გია.

თბილისის სამხატვრო აკადემია გია კერესელიძემ 1991 წელს დაამთავრა. მისმა სადიპლომო ანიმაციურმა ფილმმა – „მზეზე უფრო“ – ბევრი პრიზი აიღო. ფილმი აშშ-ის ფლორიდის შტატში გამართულ ორლანდოს ანიმაციური ფილმების ფესტივალშიც მონაწილეობდა და წარმატებას მიაღწია. ამ დროს თბილისში ომი დაიწყო. სამშობლოში რუსეთის გავლით უნდა დაბრუნებულიყო და მდგომარეობის შეფასების შემდეგ, გიამ ამერიკაში დარჩენა გადაწყვიტა.

ახალგაზრდა ხელოვანი ფლორიდაში არავის იცნობდა, ინგლისურიც ცუდად იცოდა, ფინანსურადაც უჭირდა, მაგრამ არ შეშინებია. ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ხატავდა და ნახატებს ყიდდა, გამოფენებს აწყობდა. ორ წელიწადში იმდენს მიაღწია, რომ მოქალაქეობაც მიიღო და მთელი მისი ოჯახი - მამა, და, ძმა - ამერიკაში ჩაიყვანა. დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო.

გია კერესელიძე ცხრა წლის მანძილზე მუშაობდა გაზეთ USA TODAY-ში, რეკლამების მთავარი განყოფილების სინიორ გრაფიკ-დიზაინერად, შემდეგ კი ჩამოაყალიბა საკუთარი კინოკომპანია - Artmangia Pictures“.

2007 წელს კანის კინოფესტივალზე,  „Short Сomer“-ის განყოფილებაში ნაჩვენები იქნა გია კერესელიძის ანიმაციური ფილმი - „Hope“ („იმედი“). ფილმი ჩვენებისთვის საგანგებოდ შეარჩია საერთაშორისო სატელევიზიო არხმა Mini Movie-მ; საუკეთესო ანიმაციისთვის ფილმმა ჯილდოები მოიპოვა წმინდა ანდრიას კინოფესტივალზე და მაყურებლის სიმპატიის პრიზი ვაშინგტონის საერთაშორისო კინოფესტივალზე  DCIFF;

2016 წელს მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „სოლო“ მოიგო ‘საუკეთესო კინორეჟისურის“ პრიზი კვიპროსის საერთაშორისო კინოფესტივალზე DFF და „აღიარების“ პრემია  ჰოლივუდის საერთაშორისო კინოფესტივალზე;  2017 წელს კი მას მიენიჭა ჯილდო „საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის“ ნიცის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

2019 წელს გია კერესელიძემ შექმნა სამი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „Le Coq“, „Rose“ და „Elizium“, რომლებიც ამჟამადაა წარმოდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამებში.

რეჟისორი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შექმნაზე- სახელწოდებით «ნინო“. ისტორიული დრამა ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, წმინდა ნინოს ცხოვრებას.

წყარო:

1. http://mitropolia.spb.ru › c... Состоялась встреча с режиссером Гией Кереселидзе ...

2. http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268438517რატომ იჭერდნენ გია კერესელიძის ...

3. http://aquaviva.ru/journal/vtorogo_dublya_net
4. https://kvirispalitra.ge › public › 17526-qpatriarqma-siyva...


Share: