The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით მალტეზე

დავით მალტეზე
Legal name:მაღალდაძე დავით
Date of birth:1975  (49 years)
Category:Actor/Actress

Biography

დავით მაღალდაძე 1996 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. საზღვარგარეთ გამგზავრების მიზეზი 1990-იან წლებში საქართველოში გამეფებული გაჭირვება და განუკითხაობა იყო. ჯარიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ სამსახური ვერ იშოვა და გადაწყვიტა, ძმასთან ერთად, დროებით, სალონიკისთვის შეეფარებინა თავი. მათი არჩევანი განაპირობა იმან, რომ საბერძნეთში მშობლები ეგულებოდათ, რომლებიც, იმ დროისათვის, უკვე არც თუ ახალბედა ემიგრანტები იყვნენ.

დათო მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ უცხო ქვეყანაში მოულოდნელად მსახიობობას დაიწყებდა, მერე მის ნიჭს ისე დააფასებდნენ, რომ მაყურებლის საყვარელ მსახიობად იქცეოდა. უფრო მეტიც, ჩაირიცხებოდა საბერძნეთის სახელმწიფო ნაციონალური თეატრის დასში, სადაც თავის რიგს 2000 ბერძენი მსახიობი დღემდე მოთმინებით ელოდება.

იმის გამო, რომ ბერძნები მის გვარს ვერ წარმოთქვამდნენ,  დავით მაღალდაძე იძულებული გახდა ფსევდონიმად დავიდ მალტეზე აერჩია. თუმცა ოფიციალურად გვარი არ შეუცვლია და საბერძნეთში ყველამ იცის, რომ ქართველია.

მაღალდაძეები სალონიკში თავდაპირველად არალეგალურად ცხოვრობდნენ და თავის გადასარჩენად არანაირ სამუშაოზე არ ამბობდნენ უარს. დათო ჯერ  ფეხსაცმელების ფაბრიკაში მუშაობდა, შემდეგ მშენებლობაზე. რამდენიმე წელი ბარში მიმტანადაც იმუშავა. პარალელურად კი არც მუსიკას ივიწყებდა.

დავითი ამბობს, რომ ხელოვნებასთან კავშირი ბავშვობიდან ჰქონდა. დადიოდა ქართულ ხალხურ სიმღერებზე, უკრავდა გიტარაზე და საბავშვო ანსამბლის წევრიც იყო.

ყოველთვის სურდა მის პროფესიას ხელოვნებასთან ჰქონოდა კავშირი. ამიტომ როცა მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში ჩადგა, ვალი აიღო, საქსაფონი იყიდა და მასწავლებელი დაიქირავა. ამ პერიოდს მსახიობი ასე იხსენებს - „როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, პედაგოგთან მივრბოდი. სამსახურის ხელფასით საქსოფონზე დაკვრა ვისწავლე. 3-4 თვის შემდეგ ბარში მუშაობა დავიწყე და ჯაზის იმპროვიზაციას ვასრულებდი“.

საბერძნეთში ჩასვლიდან რამდენიმე წელიწადში ლეგალურად ცხოვრების საშუალება გაჩნდა. მიგრანტებს საბუთები გადაეცათ და ოჯახმა ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო.

დათომ სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ დრო იყო თეატრალურ ინსტიტუტში ჩაებარებინა. მსახიობობა მისი ოცნება იყო. „თეატრი ჩემთვის სამყაროა, სადაც ყველანაირი ხელოვნების ერთობლიობაა. თეატრი არის ხატვის, მუსიკის, ცეკვის და ამ ყველაფრის ხელოვნებასთან სინთეზი“, - ამბობს დავით მალტეზე.

მომავალი მსახიობის თეატრალურში ჩაბარების პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. სურდა სალონიკის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრილიყო, სადაც სწავლა უფასო იყო, მაგრამ იქ აბითურიენტი მხოლოდ 25 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო, დავითი კი ამ დროს უკვე 28 წლის იყო. ამიტომ დროებით კვლავ ბარში სამუშაოდ დაბრუნდა, შემდეგ კი ათენში გაემგზავრა და ცხოვრება ნულიდან უკვე მეორედ დაიწყო.

ათენის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ასაკობრივი ზღვარი იმხანად არ იყო დაწესებული. დათოს ქალაქში არც ბინა ჰქონდა, არც სამსახური, მაგრამ ჰქონდა მიზანი და სწამდა, რომ გამარჯვებას მიაღწევდა: „ათენში არავის ვიცნობდი. ახლა რომ ვფიქრობ წარსულზე, წესით უნდა შემშინებოდა, მაგრამ ამაზე მაშინ არ ვფიქრობდი, იმიტომ კი არა, რომ ბავშვი ვიყავი, არამედ – ვიცოდი, რომ რასაც ხელს მოვკიდებდი, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. ძალიან მიყვარს შრომა... ინსტინქტით ვგრძნობდი, რომ სწორია ის, რასაც ვაკეთებდი“, - აღნიშნავს მსახიობი.

დავითმა ბინა იქირავა და ისევ ბარში დაიწყო მუშაობა - ჯერ მიმტანად, მერე მენეჯერად. თან საკუთარი ძალებით ემზადებოდა. თეატრალურში სწავლის უფლების მოპოვებისთვის, თავდაპირველად, საბერძნეთის კულტურის სამინისტროში ჩააბარა  გამოცდები. შემდეგი საფეხური იყო ათენის თეატრალური ინსტიტუტი, სადაც დიდ წარმატებას მიაღწია - 1500 კაციან კონკურსში 152 გამარჯვებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა, თანაც ერთადერთი უცხოელი იყო.

მეორე კურსზე იყო დავითი, როდესაც სპექტაკლში – „ბრილიანტები და ბლუზი“ ერთ-ერთი პატარა როლი შეასრულა. აქედან დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა. მას შემდეგ 30-ზე მეტ სპექტაკლში აქვს მიღებული მონაწილეობა. ბევრ რეჟისორთან იმუშავა. რაც შეეხება პიესებს, იქაც დიდი სიაა, დაწყებული ძველი ბერძნული ტრაგედიებიდან, თანამედროვე პიესებით დამთავრებული.
2007-2008 წლებში ათენის ერთ-ერთ გამორჩეულ თეატრში (Neos Kosmos Theatre) ემიგრანტმა რეჟისორმა და მსახიობებმა დადგეს სპექტაკლი ემიგრანტების ცხოვრებაზე. შეაგროვეს ემიგრანტების ისტორიები და პიესა თავად დაწერეს, მასში პირადი ამბებიც ჩართეს. ამ სპექტაკლმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს პირველი შემთხვევა იყო საბერძნეთში, როდესაც უცხოელებმა დამოუკიდებლად შეძლეს სცენიდან საკუთარი თავის წარდგენა. ამ სპექტაკლით დავით მალტეზე 2009 წელს მამაკაცის საუკეთესო როლზე წარმადგინეს.

დავითის ცხოვრებაზე ფილმიცაა გადაღებული, რომელშიც ის საკუთარ თავს თამაშობს. გერმანიაში მოღვაწე ბერძენმა რეჟისორმა ჯორჯ დრივასმა (George Drivas ), ერთ-ერთ ბერძნულ გაზეთში შემთხვევით წაიკითხა მსახიობის ინტერვიუ, სადაც ის საუბრობდა თავის რთულ და საინტერესო ემიგრანტულ ცხოვრებაზე. მისი ამბავი რეჟისორს იმდენად საინტერესოდ მოეჩვენა, რომ გადაიღო ფილმი Empirical Data. ეს არ იყო მხატვრული ფილმი. ეს იყო დოკუმენტურ-მხატვრული ვიდეოარტი. პრემიერა 2009 წელს ათენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა. მოგვიანებით ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენეს, 2010 წელს კი Best Experimental Film Award-ი (საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის პრიზი) აიღო ინგლისის დედაქალაქში London Greek film Festival-ზე.
სამსახიობო კარიერის განმავლობაში დავით მალტეზესთვის გამორჩეული მონო-სპექტაკლი იყო „ტროა“, რომელიც მისთვის ბერძენმა დრამატურგმა დიმიტრი დიმიტრიადისმა დაწერა. სპექტაკლის ორი სეზონი დიდი ანშლაგით მიმდინარეობდა საბერძნეთში.

მსახიობისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა 2017 წელს ეპიდავროსის უძველეს თეატრში დადგმული სპექტაკლი, სადაც კვიპროსის ეროვნული თეატრის დასთან ერთად ითამაშა ესქილეს „სპარსელებში“. ეს იყო საბერძნეთის „ათენის და ეპიდავროსის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და კვიპროსის ეროვნული თეატრის ერთობლივი პროექტი. ამ სპექტაკლში დავითმა ბერძნული დასი ქართულად აამღერა. მისი ხელმძღვანელობით მსახიობები წარმატებით დაეუფლენ მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას და ბერძნულ სპექტაკლში სამ ხმაში შეასრულეს „გაფრინდი შავო მერცხალო“. ეს სპექტაკლი წარდგენილი იყო კვიპროსისა და საბერძნეთის ათობით ქალაქში და ბერძენ  მაყურებელის მოწონებით სარგებლობდა.

წყარო:

1. #სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia 

2. https://sputnik-georgia.com/people/20181212/243437508/teona-gogniashvili.html

3. http://kvira.ge/251968
4. https://www.kvirispalitra.ge/public/32584.html


Share: