The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პავლე თუმანიშვილი

პავლე თუმანიშვილი
Date of birth:1872
Date of death:4 January, 1935  (at 63 years)
Category:Humanitarian

Biography

საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი პავლე იოსების ძე თუმანიშვილი 1872 წელს დაიბადა. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად რუსეთში გაემგზავრა. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული განყოფილება.

პავლეს დედა – იულია კონსტანტინეს ასული  ზუბალაშვილი ნავთობის საბადოების მფლობელ ზუბალაშვილების ოჯახის წევრი იყო. მისმა მამამ და ძმებმა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს საქართველოს საკეთილდღეოდ. მათ მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ — ამჟამინდელი მარჯანიშვილის თეატრი, თავადაზნაურთა გიმნაზია - უნივერისტეტის პირველი კორპუსი, კათოლიკური ეკლესია ბათუმში, თბილისის მუსიკალური სკოლა - დღევანდელი კონსერვატორია და სხვა.

იულია ზუბალაშვილის ქონებას, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღო, პავლე თუმანიშვილი თავად განკარგავდა. მას ბიზნესი ჰქონდა საქართველოში, სპარსეთსა და ფინეთში, ასევე, მისი საერთაშორისო ინტერესების სფეროში შედიოდა საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ა.შ.

თავადი პავლე აქტიურად მონაწილეობდა ზუბალაშვილების მიერ წამოწყებულ  სამრეწველო თუ სავაჭრო ღონისძიებებში, კეთილსინდისიერად ასრულებდა საზოგადოებრივ საქმეებს და არც ქველმოქმედებაზე იხევდა უკან. მან დააფინანსა ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია ლეჩხუმ–სავანეთში 1910 წლის ზაფხულში; „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას“ შესწირა საკუთარი მიწის ნაკვეთი ვერაზე მუზეუმ–წიგნსაცავის ასაშენებლად; აგრეთვე, შეიძინა საარქეოლოგიო ნივთები და საუცხოო ბიბლიოთეკასთან ერთად გადასცა მუზეუმს;

პავლე მონაწილეობას იღბდა საქართველოს სამხედრო გზის მშნებლობის დაგეგმვაში. მან, ძმები ზუბალაშვილების შემწეობით, გაახსნევინა გაზეთი "ვოზროჟდენიე" (რედაქტორი პ. გოთუა); გამოსცემდა, ასევე, საბავშვო ჟურნალ "ნაკადულს"(რედ. მარიამ დემურია) და გაზეთ "ივერიას" (1905-1906, რედ. ფილიპე გოგიჩაიშვილი).

პავლე თუმანიშვილი მრავალი წლის განმავლობაში ტფილისის მაზრის თავად–აზნაურთა წინაძღოლი იყო და ხშირად გუბერნიის მარშლის თანამდებობასაც ასრულებდა.

მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში ზუბალოვებმა ნავთობის მინდვრები მილიარდ რუბლად მიჰყიდეს კომპანია SHELL OIL-ს და თავი შვეიცარიასა და საფრანგეთს შეაფარეს. მართალია, თავიდან აქაური საქმეები პავლეს გადააბარეს, მაგრამ შემდეგ ნათესავი სოციალიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს და სუბსიდიების გაცემა შეწყვიტეს.

მიუხედავად ამისა, პავლე თუმანიშვილი აგრძელებდა საქველმოქმედო საქმიანობას. მისი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი მასზე წერს: "...თავმდაბალი, კეთილი გულის პატრონი და კაცთ-მოყვარე, ის გამსჭვალული იყო ერთადერთის იდეით, ერთადერთის მისწრაფებით, რაც შეიძლება მეტი სამსახური გაეწია თავის სამშობლოსათვის... დაასრულა თუ არა უნივერსიტეტი, სულ ახალგაზრდა ჩაება ჩვენს საზოგადო საქმეებში და დიდის ენერგიით და დაუღალავად მუშაობდა... ყოველ ჩვენს დაწესებულებაში მონაწილეობას იღებდა და თავის ხარჯით უძღვებოდა საქმეებს. დედას ცოტა რამ შეძლება ჰქონდა მამისაგან ნაანდერძევი და პავლეს არ უშლიდა საზოგადო საქმეებზე შეძლებისამებრ ხარჯი გაეწია. საბავშვო ჟურნალი არ მოსპო და თავის პირადი საშვალებით ისტუმრებდა ხარჯებს."

თავადი პავლე მეცნიერებისა და ხელოვნების მოყვარული იყო. მას აინტერესებდა ყველაფერი ახალი და პროგრესული. მისი ნათესავი, ცნობილი საბჭოთა რეჟისორი იოსებ (ბება) თუმანიშვილი იგონებს - „კარგად მახსოვს თუ როგორ ოცნებობდა ბიძაჩემი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანაზე ბორჯომიდან ბაკურიანამდე და ეს იყო ერთ-ერთი იმ იდეათაგანი, რომლებიც მას განუწყვეტლივ აღელვებდა“... 

პავლე თუმანიშვილი გახლავთ ქართული სამეცნიერო-პოპულარული კინოს ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი. მან ჯერ-კიდევ 1918 წელს განჭვრიტა კინემატოგრაფიის პოტენციური შესაძლებობები და შეადგინა დოკუმენტი "მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფიის" პროგრამა, სადაც შეეხო სასკოლო სწავლებაში თვალსაჩინოების პრობლემას, კინოს საშუალებით პოპულარიზაციის მეთოდებს და სხვ. (დაცულია თბილისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში. ფონდი 1935, საქმე 33, N5-7).

პავლე თუმანიშვილის პოლიტიკური მიმართულება ეროვნულ–დემოკრატიული იყო. მისი მონაწილეობით და ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამომუშავდა ამ პარტიის პირველი საჯარო ოფიციალური პროგრამა, რომელიც მან თავისი ხარჯით დაბეჭდა.

სარწმუნოებით კათოლიკე იყო. მფარველობდა და შემწეობას უწევდა საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას. იგი საკმაოდ ახლოს იცნობდა რომის პაპს პიუს XII-ს და ხშირად სტუმრობდა ვატიკანსაც. დაჯილდოებული იყო წმ. სტეფანეს ორდენით, რომელიც პაპმა მას უკვე ემიგრაციაში უბოძა.

მომავალი მეუღლე, პოლონელი დიდგვაროვანი იადვიგა შიშკო, პავლე თუმანიშვილმა პეტერბურგში გაიცნო და იქვე დაქორწინდა 1915 წელს. სამსახურის გამო ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ, სადაც, 1916 წლის 21 ივნისს დაიბადა მათი ვაჟი - იეჟი თუმანიშვილი.

მალე ოჯახი თბილისში დაბრუნდა. იმ დროს, როდესაც ბოლშევიკებმა რუსეთში ხელისუფლება აიღეს ხელთ, პავლე თუმანიშვილი დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად და ბიზნესის საწარმოებლად იყო პარიზში.

ნაცნობი გერმანელი ელჩის დახმარებით იადვიგამ მოახერხა ვიზისა და გამგზავრების ნებართვის აღება. 1921 წლის ბოლოს ოჯახი უკვე იტალიაში იმყოფებოდა. მალე პარიზიდან ბატონი პავლეც ჩავიდა და ყველანი ვარშავაში გაემგზავრნენ. თავიდან საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ, რადგან პავლე თუმანიშვილს გარკვეული თანხა ჰქონდა შვეიცარიის ბანკში. მაგრამ როდესაც ფულის მარაგი ამოიწურა და საქართველოში სწრაფი დაბრუნების იმედიც აღარ ჰქონდათ, საჭირო გახდა რაიმე სამუშაოს მოძებნა. ეს კი ძალზე ძნელი საქმე აღმოჩნდა უცხოელისათვის, რომელმაც ამასთან, კარგად არ იცოდა პოლონური ენა.

უნდა აღინიშნოს, რომ 1930 წლამდე პავლე თუმანიშვილი რამდენიმე წლის მანძილზე იყო საქართველო-პოლონეთის საზოგადოების პრეზიდენტი ვარშავაში. ამ პერიოდში საზოგადოების საბჭოში შედიოდნენ, ასევე, ნიკოლოზ კანდელაკი, კონსტანტინე ტერიაშვილი და ალექსანდრე ყიფიანი.

თავადი პავლე პარიზში გაემგზავრა, სადაც ცდილობდა საკმარისი რაოდენობით თანხა გამოემუშავებინა ოჯახის სარჩენად და ძველი ვალების გასასტუმრებლად. ამასობაში კაზიმეჟმა (იადვიგას ვაჟი პირველი ქორწინებიდან), რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, იშოვა სამუშაო და მთელი ოჯახი ვილნიუსში გადავიდა საცხოვრებლად. 1935 წელს კაზიმეჟი კიდევ უფრო დააწინაურეს. ოჯახმა თითქოს ამოისუნთქა და სწორედ ამ დროს პოლონეთის ქალაქ სუვალკში 1935 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა თავადი პავლე თუმანიშვილი.

მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ თავადი პავლე იყო ნაციონალ-დემოკრატი, მაგრამ „ ეს მას ხელს არ უშლიდა პატივისცემით მოპყრობოდა ყველა სხვა პარტიების მოღვაწეთ, რომელნიც ასე თუ ისე საქართველოს კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ. ის ყოველთვის და ყველგან იყო იდეოლოგი საერთო ფრონტისა. ის იყო საზოგადოთ დიდი ოპტიმისტი. ვერავითარი მარცხი, ვერავითარი დაბრკოლება და უნუგეშო მდგომარეობა მას ვერ უცვლიდა რწმენას საქართველოს აღდგენისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისა, ეს ენთუზიაზმი მას შერჩა ემიგრაციაშიც და ჩაყვა საფლავშიც. უაღრესად გაჭირვებულმა მატერიალურმა მდგომარეობამ ვერ გადრიკა მისი სტოიკური ბუნება, მას ვერავისზე საყვედურს ვერ ათქმიებდი, არავითარ ფიზიკურ მუშაობას არ თაკილობდა...და ბოლოსდაბოლოს სხეულმა ვეღარ აიტანა და უდროოდ გარდაიცვალა. საუკუნოდ დარჩება მისი ღვაწლი და ამაგი ჩვემს გულში და აგრეთვე ყოველი შეგნებული ქართველის გულში."

წყარო:

1. ისტორია - რა იცით პავლე თუმანიშვილის შესახებ? ექვთიმე ...

2. ჭიჭინაძე, ზაქარია. ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე / აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან. - თფილისი, 1905. გვ.41-42

3. გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში. თბ., 2008.– გვ. 218–232.

4. ჟვანია, გ. პავლე თუმანიშვილის "მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფი" : [პროგრამა] // საბჭოთა ხელოვნება. - 1971. - N9. - გვ.53-55

5. თაყაიშვილი, ექვთიმე. ნეკროლოგი: პავლე იოსების ძე თუმანიშვილი // დამოუკიდებელი საქართველო (პარიზი). – 1935. – იანვარი (N109).

 

Share: