The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გრიგოლია

გიორგი გრიგოლია
Date of birth:5 January, 1962  (62 years)
Category:Medical Doctor

Biography

მიუნხენში ფიურსტენფელდბრიუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგი გიორგი ნოდარის ძე გრიგოლია  დაიბადა თბილისში, 1962 წლის 5 იანვარს. ბავშვობაშივე გადაწყვიტა მამის კვალს გაჰყოლოდა და თავადაც მედიცინისთვის მიეძღვნა თავი. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და ამავე წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია.

1985–1987 წწ. გიორგი გრიგოლია მუშაობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ინსტიტუტში. აქვე, 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - „არტერიული ჰიპერტენზის მექანიზმების ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობების შემდეგ".

1990–1991 წწ. ქართველი მეცნიერი მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დებორას გულისა და ფილტვების ცენტრში. ამჟამად კი ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი და კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. მას ეკუთვნის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

გიორგი გრიგოლია არის ერთ-ერთი თანაავტორი 2009 წელს თბილისში გამოცემული სახელმძღვანელოსი - „ რესპირატორული მხარდაჭერა ზოგადი ანესთეზიის პირობებში“.

მიუნხენელი ქართველი ქირურგი დარწმუნებულია, რომ ექიმს ყველაზე მთავარი რამ ავალია, ღვთის საჩუქარს - სიცოცხლეს - მოუაროს. ეს არის მისი მრწამსი და მომავალ ექიმებსაც ამ რწმენით ზრდის. სამშობლოსაც არ ივიწყებს, ხშირად ჩამოდის, მონაწილეობს კონფერენციებში, კითხულობს ლექციებს და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს ოპერაციებში.

გიორგი გრიგოლიას თაოსნობით რამდენიმე ასეული სტუდენტი და ახალგაზრდა ექიმი იქნა ჩაყვანილი საქართველოდან მიუნხენში პრაქტიკაზე. სულ ახლახან, 2019 წლის ზაფხულში, პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდნენ თსსუ-ის სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას ლანდსჰუტის კლინიკასა და ვაილჰაიმის კლინიკაში გადიოდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ყოველკვირეულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესში, რადიოლოგიის კონფერენციებსა და ყოველდღიურ კონსილიუმებში, ასევე, ასისტირებას უწევდნენ ქირურგებს ქირურგიული ოპერაციისას.

თსსუ-ის სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ სტაჟირებამ მათ დაუვიწყარი და მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შესძინა სამედიცინო სფეროში. „ასეთი შესაძლებლობისათვის დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ბატონ გიორგი გრიგოლიას, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ზემოთხსენებულ პროგრამას და საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს მიიღოს საკმაოდ დიდი გამოცდილება“, - განაცხადეს მათ.

წყარო:

1. ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.- გვ.81

2. https://www.radiotavisupleba.ge › shin-utskhoetshi


Share: