Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თეონა დვალი
Biography„როგორც მშობლები მიყვებიან, სიმღერა საუბრის პარალელურად დამიწყია. 3 წლის ვიყავი, როცა საკმაოდ გამართულად და სწორად ვმღეროდი. ჩვენს ოჯახში ძალიან უყვართ მუსიკა. ყველა მღერის, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა პროფესიად გაიხადა“, - გვიყვება თეონა დვალი. დაიბადა 1985 წელს თბილისში. დედა - მუსიკოსი, პედაგოგია. მამა — თემურ დვალი, ფინანსისტ-ეკონომისტი. დედას ყოველთვის დაყავდა საბავშვო კონკურსებსა და ფესტივალებზე. 12 წლის იყო, როცა გაიმარჯვა ბორჯომის ფესტივალზე "ბროლის ნაძვი". გრან-პრი ჟიურის თავმჯდომარემ, ნანი ბრეგვაძემ გადასცა და შემდგომი წარმატებებიც უწინასწარმეტყველა. იმ დღიდან უკვე იცოდა, რომ მომღერალი გახდებოდა. სკოლის პერიოდში თეონა დვალი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სკოლაში. კონსერვატორიაში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე ჩააბარა. 2006 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, როგორც მუსიკისმცოდნემ და ვოკალისტმა, ხოლო, 2009 წელს ვოკალის სპეციალობით მაგისტრატურაც დაასრულა. კონსერვატორიაში მისი ვოკალის პედაგოგი აღმოჩნდა გულიკო კარიაული, რომლის დამსახურებადაც მიიჩნევს თავის წარმატებულ მუსიკალურ კარიერას. საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობა სტუდენტობის წლებში დაიწყო. გამოდიოდა თბილისის კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენებზე. დირიჟორ რეზო ტაკიძის მადლიერია, რომ საშუალება მისცა კონსერვატორიაში სწავლისას სპექტაკლებშიც მიეღო მონაწილეობა: მოცარტის "ჯადოსნურ ფლეიტაში" შეასრულა ორი როლი; "ტრავიატაში" ვიოლეტას პარტია ჯერ კონსერვატორიაში იმღერა, შემდეგ ოპერაში. ეს სპექტაკლი გივი გაჩეჩილაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. 2008 წელს, თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა იტალიაში გაემგზავრა ცნობილი საოპერო მომღერლის რენატა სკოტოს მასტერ-კლასზე. ახალგაზრდა მომღერალს გაუმართლა და ამ ლეგენდარულმა შემსრულებელმა სტუდენტად აიყვანა. მაესტროსთან მუშაობა წარმატებული აღმოჩნდა. ნაყოფიერი ერთობლივი შრომის შედეგად თეონა დვალი იტალიაში დარჩა. 2008-2011 წლებში საოპერო ხელოვნებას რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიის საოპერო სტუდიაში ეუფლებოდა. 2010 წელს გაიმარჯვა რომში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში და იტალიაში გამართულ ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ბელკანტოს არიის საუკეთესო შესრულებისთვის. იმავე წელს ტენორ ჯორდანო ლუკოისთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე და „რიგოლეტოში" ჯილდას პარტია შეასრულა. 2011 წელს სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე დადგმულ დონიცეტის ოპერა სიყვარულის ნექტარში" შესრულებული ადინას პარტია თეონა დვალისთვის დებიუტად იქცა. ეს ამბავი შემთხვევით მოხდა. დირიჟორმა ვალერი გერგიევმა მას "თეთრი ღამეების" ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე მოუსმინა და სასწრაფოდ შეიყვანა სპექტაკლში მომღერალ ანა ნეტრებკოს ნაცვლად, რომელმაც ლა-სკალას სეზონის გახსნაში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხა პეტერბურგში ჩასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თეონა ამ პარტიას პირველად ასრულებდა, მისი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და მუსიკის კრიტიკოსთა დადებითი რეცენზიები დაიმსახურა. 2014 წლიდან ქართველი მომღერალი მარიას თეატრში მიწვეული სოლისტია. 2017 წელს თეონა გათხოვდა, მისი რჩეულია იტალიელი ბიზმნესმენი ჯაკომო რაკუნო. მომავალი მეუღლე მან ექვსი წლით ადრე მოსკოვში გაიცნო, სადაც მონაწილეობდა პლასიდო დომინგოს სახელობის კონკურსში. მათი ნაცნობობა შემდეგ სოციალური ქსელით გაგრძელდა და ორი გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა - საქართველოში და იტალიაში. წყარო: 2. tbiliselebi.ge/index.php?newsid=268451189
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |