The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბელა მახარაძე-ბერკემერი

ბელა მახარაძე-ბერკემერი
Date of birth:1975  (49 years)
Category:Musician

Biography

ბელა მახარაძე დაიბადა 1975 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში. 6 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა. 7 წლის ასაკიდან გადავიდა ვიოლინოს კლასში. ნატანებში მისი  პირველი მასწავლებლები იყვნენ - რაისა ჯავახია (ფორტეპიანო) და თემურ შალვაშვილი (ვიოლინო). შემდეგ სწავლა ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო, კვლავ თემურ შალვაშვილის ხელმძღვანელობით.

ბელა ცხრა წლის ასაკიდან უკრავდა, როგორც სოლისტი, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და მართავდა სოლო კონცერტებს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შოთა შანიძისა და ხათუნა თუშმალიშვილის კლასში. პარალელურად საფორტეპიანო ხელოვნებასაც ეუფლებოდა.

ბელა მახარაძე პირველი კურსიდანვე კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტი იყო. მესამე კურსიდან მისი ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე გახდა, რომელმაც  სწავლის დასრულებისთანავე ახალჩამოყალიბებულ კამერულ ორკესტრში მიიწვია. ჰქონდათ უამრავი კონცერტი, გასტროლები და ტურნეები სხვადასხვა ქვეყანაში. ბელა ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტიც იყო. კონსერვატორიაში სწავლის დროს მან მასტერკლასი გაიარა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, პროფესორ ჰაბიბ კაიალესთან.

კამერულ ორკესტრს იმდენად წარმატებული გამოსვლები ჰქონდა, რომ მისი გერმანიაში მიწვევა განიზრახა გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა და ორკესტრის ახლოს გასაცნობად და სარეპეტიციოდ 2000 წელს თბილისში ჩამოვიდა. პროფესიული მისიით ჩამოსული სტუმარი ვერც იფიქრებდა, თუ აქ თავის მეორე ნახევარს იპოვიდა. ქალბატონი ბელა ამბობს, რომ მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და იმავე წელს დაქორწინდნენ. დღეს ორი ქალიშვილი ჰყავთ - ნინა და მარი.

გოგონებმა კარგად იციან ქართული, ხშირად ჩამოდიან დედის სამშობლოში და საქართველოს ისტორიას, კულტურას და ქართულ ტრადიციებს ეცნობიან. ქართული უვე ბერკემერმაც ისწავლა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

2000-დან 2005 წლამდე ბელა მახარაძე გერმანიაში ცხოვრობდა და მსოფლიო კამერულ ორკესტრში უკრავდა. 2005 წელს ცოლ-ქმარმა ერთობლივი გადაწყვეტილებით გაყიდა სახლი გერმანიაში და თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. უვემ მშვიდობის მისიის ფარგლებში კავკასიის კამერული ორკესტრი დააარსა, სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი მუსიკოსები იყვნენ გაერთიანებული. ბელა ანსამბლის სოლისტი იყო.

თბილისში სახლი შეიძინეს, ბევრს შრომობდნენ, ჰქონდათ უამრავი გასვლითი კონცერტი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეს იდილია 2008 წლის აგვისტოს ომმა შეცვალა. დაფინანსების შეწყვეტის გამო ორკესტრი დაიშალა და ოჯახი კვლავ გერმანიაში დაბრუნდა. თუმცა ორკესტრი წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს შეკრებას და კონცერტების გამართვას ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ცოლ-ქმარმა  ქალაქ იბენბიურენის გიმნაზიაში გააგრძელა მოღვაწეობა.

2018 წლის 10 მარტს ბელა მახარაძე გახდა მფლობელი ტიტულისა - წარმატებული ემიგრანტი ქალები, 2018.

ქართულ-გერმანული ოჯახი აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით. ხშირად მართავენ კონცერტებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად. „მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თუნდაც სულ მცირედით დავეხმარო ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩვენ არ გავჩერდებით და კვლავაც გავაგრძელებთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, - ამბობს ბელა ბერკემერ-მახარაძე.

წყარო:

1. https://www.kvirispalitra.ge/.../38239-qchemi-gacnobisthanave-ori-nivthi-iyida-germa...

qronikaplus.ge › მთავარი › საზოგადოება

2. ბერკემერ-მახარაძე ბელა. რატომ გადახტა აივნიდან ბელა ბერკემერ-მახარაძე და რატომ დადიოდა ის საქმროსთან პაემანზე ქართველების ჯგუფთან ერთად: ინტერვიუ: / ბელა ბერკემერ-მახარაძე; ესაუბრა ნონა ქარქაშაძე // თბილისელები. – 2018.- 27 აგვისტო-2 სექტემბერი. – N35. - გვ.47


Share: