The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ფრიდონ შუბითიძე

ფრიდონ შუბითიძე
Date of birth:20 January, 1971  (53 years)
Category:Physicist

Biography

ფრიდონ შუბითიძე დაიბადა 1971 წლის 20 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. მშობლები: ივანე შუბითიძე და შურა ხარაიშვილი. 1988 წელს დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. პედაგოგებიდან განსაკუთრებით ემადლიერება ფიზიკის მასწავლებელს, ავრორა მებონიას, რომელმაც შეძლო მოსწავლის პოტენციალის დანახვა და გაღრმავება.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფრიდონმა სწავლა გააგრძელა აფხაზეთის (სოხუმის) სახელემწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. საუკეთესო სტუდენტი იყო. მეორე კურსის შემდეგ ლექტორები გამოცდას აღარც აბარებინებდნენ ისე გადაჰყავდათ მომდევნო კურსზე - შენზე დროს ვეღარ დავკარგავთო.

ფრიდონი ამბობს, რომ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პერიოდი საქართველოსთვის უმძიმეს 1990-იანი წლების დასაწყისს დაემთხვა, მეცნიერულ კვლევებზე ფიქრი არასოდეს შეუწყვეტია. მომავალი საქმიანობის სფეროც ადრეულ ეტაპზე განსაზღვრა და პროფესორ რომან ჯობავას უშუალო ხელმძღვანელობითა და კურირებით აირჩია გამოყენებითი ელეტქროდინამიკის მიმართულება.

შემდეგ იყო აფხაზეთის ომი, მონაწილეობა ოჩამჩირის დაცვაში, კოდორის ხეობასა და უღელტეხილზე გადმოსვლა, ლტოლვილობა და კიდევ ბევრი რთული პერიოდი...

ფრიდონმა და მისმა საცოლემ, ირმა შამათავამ, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძეს, სადაც სოხუმიდან გადმოსულ სტუდენტებს სათანადო პირობები შეუქმნეს.

ფრიდონ შუბითიძემ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; 1994-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში; 1997 წლის 26 სექტემბერს დაიცვა საკანდიდატო  დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდების მოსაპოვებლად; 1994-1998 წლებში მუშაობდა თსუ-ს სოხუმის ფილიალში, ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, კითხულობდა ლექციებს და ხელმძღანელობდა ასპირანტურის განყოფილებას.

საქართველოში მოღვაწეობისას ფრიდონ შუბითიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღო ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდია. ის, ასევე, გახდა სოროსის სტიპენდიანტი და ჩართული იყო სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებში.

საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ ფრიდონმა მიიღო საბერძნეთის სახლემწიფო გრანტი და 1998 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო ათენის ტექნიკურ უნივერსისტეტში, როგორც პოსტ-დოქტორანტმა.

გარდა საბერძნეთისა ფრიდონ შუბითიძე მოღვაწეობდა კანადაში, „ბრიტიშ კოლუმბიის“ უნივერსიტეტში.

ათენში მუშაობის პერიოდში ფრიდონმა შეიტყო, რომ ამერიკაში ეძებდნენ მეცნიერ-თანამშრომელს გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით. მან თავისი მონაცემები ელექტრონული ფოსტით გააგზავნა და, მალე, მიიღო შეტყობინება, რომ იგი აიყვანეს ამერიკის ერთ-ერთი ელიტარული და უძველესი კოლეჯის - Dartmouth-ის  პროფესორ/ მასწავლებლად.

ფრიდონ შუბითიძე და მისი მეუღლე, ირმა შამათავა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2000 წელს გაემგზავრნენ. დასახლდნენ ნიუ-ჰემპშირის შტატის საუნივერსიტეტო ქალაქ ჰანოვერში. ვიდრე ამერიკის მოქალაქეობას მიიღებდნენ, ყოველი მორიგი სამწლიანი კონტრაქტის მიწურულს აპირებდნენ საქართველოში გადმოსვლას, მაგრამ კოლეჯის პროფესურა თვლიდა, რომ მათი საქმიანობა  შეესაბამებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონტრაქტს კვლავ უგრძელებდა.

Dartmouth-ის უნივერსიტეტში ფრიდონმა დააარსა და ხელმძღვანელობს ელექტრო-მაგნიტური ველების ზონდირების ლაბორატორიას, სადაც ასპირანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჰყავს. ქართველი მეცნიერის მიერ ჩამოყალიბებულმა სამეცნიერო ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: კიბოს განკურნება, აუფეთქებელი ბომბების აღმოჩენა და იდენტიფიცირება, მზის მაგნიტური ველების დასხივება დედამიწაზე, ადამიანის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) გაშიფვრა, ახალი ბიო-დეგრედირებული მასალების გამოკვლევა და მათი ტესტირება კოსმოსში, ახალი რადარების დიზაინი, რიცხვითი მოდელებისა და პროგრამული პაკეტების შემუშავება და სხვა.

ფრიდონ შუბითიძე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან; მას ეკუთვნის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; არის სხვადასხვა ორგანიზაციის საპატიო წევრი; მიღებული აქვს ამერიკის თავდაცვის, ენერგიის სამინისიტროებისა და ბუნების დაცვის სააგენტოს წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო.

ამჟამად ფრიდონი ფიზიკის დოქტორი და დართმოუთის კოლეჯის პროფესორია, ირმაც დოქტორია და ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. 2009 წელს მათ მიიღეს ამერიკის მოქალაქეობა.

ფრიდონს და ირმას სამი შვილი ჰყავთ: თორნიკე, სალომე და გიორგი. თორნიკე ოთხი წლის იყო, როდესაც ოჯახი საბრძნეთში წავიდა. სალომე და გიორგი ამერიკაში დაიბადნენ. სამივეს ძალიან უყვართ საქართველო, თითქმის ყოველწლიურად ჩამოდიან და კარგად იცნობენ ქართულ ყოფას, ისტორიას, კულტურასა და ურთიერთობებს. თორნიკეს დიდი სურვილი აქვს ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტიის პოპულარიზაცია და გატანა მოახდინოს ამერიკაში. სალომეს განსაკუთრებით ქართული ცეკვები და ბალეტი მოსწონს. უმცროსი ვაჟი ჯერ მოსწავლეა. ისინი ამაყობენ, რომ ქართველები არიან და მეგობრებიც ჩამოჰყავთ საქართველოს გასაცნობად.

ცოლ-ქმრის მომავალი სამეცნიერო გეგმები მჭიდროდ უკავშირდება სამშობლოს. ფრიდონ შუბითიძემ წარსულში მოახერხა და რამდენიმე პროექტი დააფინანსა; ბოლო რამოდენიმე წელია ცდილობს საქართველოში ჩამოაყალიბოს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მეცნიერების ყველა მიმართულებას გააერთიანებს. მეცნიერი ფიქრობს, რომ დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, იმისათვის რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა და არ წაიშალოს რუკიდან, აუცილებელია, ქვეყანამ შექმნას რაიმე მაღალი ტექნოლოგია. მისი აზრით, სწორი დაგეგმარებითა და არსებული პოტენციალის მობილიზებით ამის შესაძლებლობა არსებობს და საუკეთესო ვარიანტი იქნება თუ  აქცენტი გაკეთდება საქართველოში კიბოს განკურნების სასწავლო სამეცნიერო ცენტრის შექმნაზე.

წყარო:

1. ფრიდონ შუბითიძე // საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები / რედ.: დავით გუბელაძე . - თბილისი, 1999. - გვ. 73 

2. firstnews.ge/index.php/component/k2/item/369-2018-09-27-08-55-06

3. exclusivenews.ge/post/87787

 


Share: