The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთევან გორგილაძე

ქეთევან გორგილაძე
Date of birth:197?
Category:Humanitarian

Biography

ქეთი გორგილაძე უკვე 20 წელზე მეტია ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. არის „ესპანურ-ქართული სავაჭრო პალატის“ გენერალური დირექტორი. მის მიერ 2006 წელს

ქ. გვადალახარაში (მადრიდის რეგიონი)  დაფუძნდა ქართულ-ესპანური კულტურული ასოციაცია – „იბერია“, რომელიც ეხმარება ქართულ და ესპანურ კომპანიებს თანამშრომლობის დამყარებაში. ქ-ნი ქეთევანი ასოციაციის პრეზიდენტია.

„იბერია“ ესპანეთში ქართული ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. მისი თითოეული წევრისთვის თუ მოხალისესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დიდსა თუ პატარა პროექტს, რომელიც ორი ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური თუ სხვა ურთიერთობათა დანერგვასა და გაღვივებას ემსახურება.  „იბერიის“ ეგიდით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები ორ ქვეყანას შორის.

2016 წელს ასოციაცია „იბერიის“ ფილიალი საქართველოშიც გაიხსნა.  „ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ხიდი საქართველოსა და ესპანეთს შორის, როგორც კულტურის, სპორტის, განათლების, ასევე ბიზნესისა და პოლიტიკის მიმართულებით“, - ამბობს ქეთი. 

ესპანეთამდე ქეთი გორგილაძე გერმანიაში ცხოვრობდა და არც ფიქრობდა სხვა ქვეყანაში გადასვლაზე, მაგრამ ესპანეთის ნახვამ მისი გეგმები შეცვალა. „ესპანეთი ჩემი მეორე სამშობლოა . სწორედ ამიტომ დავაკავშირე ეს ორი ჩემი სამშობლო ერთმანეთს.მიხარია ქართველებს რომ ვაცნობ იქაურ წესებსა და ტრადიციებს და ვაყვარებ, ასევე ესპანელებს საქართველოს“, - აღნიშნავს ქალბატონი ქეთევანი.

ქეთევან გორგილაძე აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო სფეროშიც. ის არის  საქართველო-ესპანეთის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების კოორდინატორი, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი ესპანეთში და პირიქით. ბოლო წლებში მუდმივ მოძრაობაშია ესპანეთსა და საქართველოს შორის: ეხმარება ორივე მხარეს, როგორც გაცვლითი პროგრამების შემუშავებაში, ასევე მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებაში; მუშაობს რამდენიმე უნივერსიტეტის ბაზაზე და ხელს უწყობს ესპანური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ესპანელი მასწავლებლებისა თუ სტუდენტების დახმარებით. 

2010 წლიდან ქეთი გორგილაძე საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელია ესპანეთში. ის არის, აგრეთვე, წევრი მადრიდის საქმიან ქალთა ასოციაციისა (ASEME) და საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების (UBL) ბორდის წევრი. „საქმიან ქალთა გაერთიანება“ აკავშირებს და აერთიანებს საერთაშორისო დონის წარმატებულ ლიდერებს. 

ქალბატონი ქეთის ინიციატივით დაფუძნებულ „ესპანურ-ქართული კვლევისა და ინოვაციის ცენტრში“ (RIBS), როგორც ქართველი, ასევე, სხვა ეროვნების სტუდენტებიც არიან ჩართულები. ესპანელი პედაგოგის როდრიგოს ხელმძღვანელობით შეიქმნა გაზეთი "საქართველოზე", რომელზეც ერთობლივად მუშაობდნენ ქართველი და ესპანელი სტუდენტები. გაზეთი ორ ენაზეა.

საქართველოში ცენტრს ხელმძღვანელობს ესპანური ენის პედაგოგი ლანა გვახარია. ცენტრი ფუნქციონირებს თბილისის „ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში“; ასევე ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებთანაც  აქვთ გაფორმებული მემორანდუმი და სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც გეგმავენ ურთიერთობის დამყარებას. როგორც ქალბატონმა ქეთევანმა აღნიშნა - საქართველოში ესპანური ენისა და კულტურის გავრცელება-პოპულარიზაციის მიზნით ესპანური ცენტრი “Iberia" GEU-ს ბაზაზე განახორციელებს სასწავლო კურსებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ესპანური ენის როგორც სალაპარაკო, ისე წერითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე და მას გაუძღვებიან ესპანელი პედაგოგები. GEU-ს სტუდენტები ესპანური ენის საბაზისო (საწყის დონეს) უფასოდ შეისწავლიან.

წყარო:

1. ubl.ge/ka/about-us/board-members

2. intermedia.ge/სტატია/98244/191


Share: