The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნანა ჭიქაშუა

ნანა ჭიქაშუა
Date of birth:197?
Category:Musician, Psychologist

Biography

ნანა ჭიქაშუა უკვე მეათე წელია პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი თვლის, რომ მუსიკოსად და პიროვნებად საქართველოს მერე, საფრანგეთში მეორედ დაიბადა, თუმცა როცა საზღვარგარეთ წავიდა უკვე ჩამოყალიბებული პიანისტი იყო. მუსიკის სწავლა ნანამ 6 წლის ასაკიდან დაიწყო. დამთავრებული აქვს სამტრედიის დ. შანიძის სახელობის მუსიკალური სკოლა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა (ნიჭიერთა ათწლედი). ამბობს, რომ ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი ჰყავდა. მაგრამ განსაკუთრებით გამოყოფს მერაბ ოძელაშვილს, რადგან მისი აზრით მან სულ სხვა თვალით დაანახა მუსიკის სტრუქტურა. მუსიკის პარალელურად ნანა ჭიქაშუა ბავშვობიდან დაინტერსდა ფსიქოლოგიითაც, განსაკუთრებით ბავშვის ფსიქოლოგიითა და პედაგოგიკით. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო და მხოლოდ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (რუსუდან ხოჯავას კლასი).

1997 წელს ნანამ რესპუბლიკური კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატობა მოიპოვა, ხოლო რამდენიმე წლით ადრე, მცირე ასაკის გამო, კონკურსგარეშე მონაწილეობისთვის დიპლომანტი გახდა. მან თბილისის რადიოსა და ტელევიზიასთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი: რევაზ ტაკიძე) შეასრულა სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი, რამაც მის მუსიკალურ კარიერაში წარუშლელი კვალი დატოვა.

ნანა ჭიქაშუას მუსიკალური კარიერის მნიშვნელოვანი, ფრანგული ნაწილი დაიწყო პარიზის კორტოს სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, რომლის სტიპენდიანტი სამჯერ გახლდათ (ერთხელ შერინგის, ორჯერ- ზალენსკის), რამაც ამ პრესტიჟული სასწავლებლის გადასახადისგან გაათავისუფლა. 2010 წელს, პარიზში საშემსრულებლო ფაკულტეტის დიპლომი აიღო, 2011 წელს —კორტოს უმაღლესი დიპლომი პედაგოგის კვალიფიკაციით, ხოლო 2012 წელს მას კორტოს კონცერტმეისტერის დიპლომი გადასცეს.

2009 წლიდან ნანა ჭიქაშუა მონაწილეობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ გაერთიანებულ კონცერტებსა და ფესტივალებში, მათ შორის საქველმოქმედო კონცერტებშიც. აქვს სოლო გამოსვლებიც, სადაც ხშირად უკრავს ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

საფრანგეთში, კონსერვატორიაში სწავლების უფლება რომ მიანიჭონ, ამისთვის ხელოვანს პედაგოგის დიპლომი უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ  ნანამ 2012-2013 წელს ბობინისა და ვერსალის რეგიონალურ კონსერვატორიებში დახელოვნების ერთწლიანი კურსი გაიარა. 2017 წელს დაამთავრა უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო კონსერვატორიის გაერთიანება, რომელიც ამზადებს პროფესიონალ მუსიკოსებს პედაგოგობისთვის. ამ დიპლომის წყალობით ნანა ჭიქაშუა დაინიშნა ფორტეპიანოს პედაგოგად ორ კონსერვატორიაში: ქალაქ ლა ვერიერსა და ქალაქ სან ჟერმენ ან ლეიში, სადაც ფორტეპიანოს გაკვეთილების გარდა, მის კომპეტენციაში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებაც შედის. ასე მაგალითად: 2017 წელს სან ჟერმენის დებიუსის სახელობის კონსერვატორიაში მისი თაოსნობით დაიდგა სპექტაკლი "რწყილი და ჭიანჭველა", ვაჟა  აზარაშვილის მუსიკის თანხლებით.

მუსიკოსი ცდილობს, ორივე სამშობლოსთვის ერთდროულად იღწვოდეს. კონცერტებით გამოდის საქართველოსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების საკონცერტო დარბაზებში. ჩაწერილი აქვს სამი დისკი.

ნანა ჭიქაშუა ამჟამად პარიზის ერთ-ერთ რეგიონში, ისტორიულ ქალაქ მარლი ლე რუაში ცხოვრობს, ფრანგ მეუღლესთან, ამირ ბერ ტურესთან და ქალიშვილთან, დებოსთან ერთად.

წყარო:

1. https://sputnik-georgia.com/people/20170920/237400255/nana-chiqashua.html

2. https://www.concertino.fr/pianiste/nana-chikashua


Share: