The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მამუკა ბარათაშვილი

Date of birth:16??
Date of death:17??
Category:Poet

Biography

პოეტ მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, საქართველოსა და რუსეთში ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები დღემდე ცნობილი არ არის. მამუკა ბარათაშვილი დაბადებული უნდა იყოს XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში. იგი ძმებთან – ზაალთან და თომასთან ერთად 1724 წელს თან  გაჰყოლია რუსეთში დიპლომატიური მისიით მიმავალ ვახტანგ VI, როგორც მისი ამალის ერთ–ერთი წვერთაგანი. მამუკა ბარათაშვილის თანამდებობა მეფის „ხმალათა ჭერანი“ ყოფილა. ასტრახანში ჩასული ვახტანგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შედარებით მცირერიცხოვან ჯგუთან ერთად მოსკოვს გაემგზავრა. მეფის ამალის წევრთა დიდი ნაწილი, მათ შორის მამუკაც, ასტრახანში დარჩენილა. 1725 წლის 9 დეკემბერს მამუკამ ასტრახანში დაამთავრა პოემა „წამებული“.

მამუკა ბარათაშვილი ვახტანგის ამალის წევრთა შორის ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება იყო. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ 1728 წელს რუსეთის მთავრობას იგი იმ დიპლომატიურ მისიაში შეუყვანია, რომელიც ვახტნგ მეფის მეთაურობით გააგზავნა შაჰ–თამაზთან მოსალაპარაკებლად კასპიისპირა რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით.

1733 წელს მამუკა ბარათაშვილი თან გაჰყვა საქართველოს საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვიდან ასტრახანისკენ მდინარე ედილით (ვოლგით) მომავალ ვახტანგ VI. ამ პერიოდში მამუკას სიმპატიები ვახტანგის შვილის – ბაქარისკენ გადაიხარა, რის გამოც მამუკა ასტრახანიდან მოსკოვში გადავიდა ბაქართან და 1734 წელს დაუწერა მას „ქება მეფისა ბაქარისა“. მამუკას დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1736 წელს ქართველ თავადაზნაურთა დავალებით იგი პეტერბურგში სპეციალურად შეხვდა რუსეთის დედოფალს – ანას და სთხოვა ლტოლვილი მეფე შესაფერისი პატივით დაებრუნებინათ სამშობლოში. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ მამუკა ბარათაშვილი საცხოვრებლად რუსეთში დარჩა. აქ მას სახელად მათესაც ეძახდნენ. დღემდე უცნობია რუსეთში მამუკას ზუსტი საცხოვრებელი ადგილი და საქმიანობა. 1750 წელს ცოცხალი ყოფილა, ეს დასტურდება იმით, რომ ამ წელს გარდაცვლილი თავისი პატრონის – ბაქარის განსადიდებლად დაწერილი მისი პოეტური „ქებისათვის“ მას ორი ახალი სტროფი დაუმატებია, სადაც ბაქარის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარებაა გამოხატული.

მამუკა ბარათაშვილმა 1731 წელს დაწერა პოეტური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც და განსაზღვრავს მის თემატიკას.

1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით საგმირო-სათავგადასავლო თხზულების „რუსუდანიანის“ (XVII ს.) II თავი გალექსა, რომელსაც „ჯიმშედიანი“ ეწოდა. ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები — 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა „ქება მეფისა ბაქარისა“. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „იამბიკო“. მისი შემოქმედება განმსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. მამუკა ბარათაშვილი // ქართული ემიგრანტული მწერლობა / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - თბილისი, 2006. -  გვ. 86-104.

2. https://ka.wikipedia.org/wiki/მამუკა_ბარათაშვილი


Share: