The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თომა ბარათაშვილი

Date of birth:17??
Date of death:1756
Category:Poet

Biography

თომა ავთანდილის ძე ბარათაშვილი პოეტ მამუკა ბარათაშვილის ძმა იყო. მას ზედმეტ სახელად „კანჭა თომას“ ეძახდნენ და „კანჭაშვილადაც იხსენიებდნენ. 1721 წელს იგი ალგეთში ცხოვრობდა და ჰყავდა ყმები. 1724 წელს თავის ორ ძმასთან (მამუკასა და ზაალთან) ერთად ერთი მსახურის თანხლებით ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში, ირიცხებოდა ბაქარის ჯგუფში, ერთი პერიოდი, ურთიერთობის გაფუჭებამდე  ვახტან VI ძესთან გიორგი ბატონიშვილთან ცხოვრობდა. 1730-31 წლებში საქართველოში წასასვლელად ემზადებოდა, 1736 წლის თებერვალში საქართველოშია, 1738 წლიდან ისევ რუსეთშია და ვახმისტრის ჩინით სამსახურს იწყებს საგარეო საქმეთა კოლეგიაში დიპლომატ–შიკირიკის თანამდებობაზე. თომა ბარათაშვილმა იცოდა რუსული და სპარსული ენები, ამიტომაც იყო რომ 1740-1741 წლებში დიპლომატიურ საქმეებზე სამჯერ მიავლინეს ისპაჰანსა და დერბენტში (ცოლის რუსეთში წასაყვანად დერბენტიდან საქართველოშიც ჩასულა ამ პერიოდში).

1741 წელს წესდების დარღვევის გამო თომა ბარათაშვილი სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა 1747 წელს იგივე თანამდებობაზე აღადგინეს. იმავე წელს სენატს ასტრახანში დასახლების ნებართვა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა საცხოვრებელი ადგილი აღარ შეუცვლია. 1754 წელს დაუმტკიცდა თავადობა და მიეცა ჰუსართა პოლკის კაპიტნის ჩინი, თუმცა არ ჩანს მოქმედ არმიაში როდესმე ემსახუროს. იმავე წელს აზიური ჯიშის ცხენების შეაძენედ საქართველოში ჩამოვიდა. მოიარა ქართლ–კახეთი, ახალციხე, იმერეთი, ოდიში, გურია და დავალების შესრულებასთან ერთად აღწერა და თავის სამსახურს მიაწოდა აქ ნანახი და გაგონილი ამბები,  თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის 1755 წლის 14 მაისს დაწერილი წერილები, ასევე წაიღო ქართველი დედოფლის ანას მიერ რუსეთის დედოფალ ელისაბედისადმი გაგზავნილი საჩუქარი და წერილი.

1757 წელს თომა ბარათაშვილი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში რუსეთის მეფის კაბინეტისთვის ცხენების შესაძენად, ყიზლარში რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეეგისათვის დაწერა ვრცელი, დაზვერვითი ხასიათის მოხსენებითი ბარათი აზატხანის მიერ ქართლის წინააღდეგ დაღესტნელთა ამხედრების თაობაზე.

თომა ბარათაშვილის პოეტური მემკვიდრეობიდან სამიოდე ლექსია ცნობილი. ყველაზე დიდი თორმეტსროფიანი ლექსი, სათაურით „ექსორიანი“, გამოხატავს ავტორის მძიმე სულიერ განწყობილებას, რაც თავის მფარველ და ყოველმხრივ პატრონ გიორგი ბატონიშვილთან კონფლიქტსა და მასთან დაშორებას გამოუწვევი. მეორე ლექსიც, რომელიც ორსტროფიანი და უსათაუროა ამავე თემას – გიორგი ბატონიშვილთან გაყრას ეძღვნება. მესამე, ასევე უსათაურო ერთსტროფიან ლექსში, რომელიც ძმის მამუკა ბარათაშვილის გალექსილ „ჯიმშედიანის“ ნუსხაზეა მიწერილი საწუთროს თვითნებობასა და ვერაგობაზეა საუბარი. თომა ბარათაშვილი თავის წრეში პოპულარული პოეტი ყოფილა. ჩვენამდე  მოღწეული მისი ლექსები 16–მარცვლოვანი შაირითა და მსუბუქი, სხარტი, ნათელი ენითაა შესრულებული.

თომა ბარათაშვილი 1758 წელს გარდაიცვალა მოსკოვში.

წყარო:

1. დარჩია, ბორის. სტატიები "ქართული ლიტერატურის ისტორიის" მრავალტომეულისათვის : XVII, XVIII საუკუნეთა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართული ემიგრანტული მწერლობის საკითხები / ბორის დარჩია // ფილოლოგიური ძიებანი : ტ. 1 / ბ. დარჩია. - თბილისი, 2013. - გვ.117-149.


Share: