The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იაკობ პაპიაშვილი

იაკობ პაპიაშვილი
Date of birth:22 January, 1942  (82 years)
Category:Writer

Biography

ებრაული წარმოშობის ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პოეტი და მკვლევარი იაკობ პაპიაშვილი 1942 წლის 22 იანვარს დაიბადა ქ. ქუთაისში მიხეილ (მიშა) პაპიაშვილის ოჯახში. 1958 წ. დაამთავრა ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისში, მაგრამ ქულები არ ეყო. ქუთაისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო მე–4 სამშენებლო ტრესტში მუშად. ინსტიტუტიდან მალევე  მიიღო დეპეშა, რომ დაუსწრებელზე ჩაირიცხა ქუთაისის ფილიალში, რომელიც შემდეგ საღამოს დასწრებულ ფაკულტეტად  გადაკეთდა. მესამე კურსის დახურვის შემდეგ მეოთხე ტრესტის ლიმიტით გადაიყვანეს თბილისში და სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუში უკვე დღის დასწრებულზე გააგეძელა. 1966 წელს ინჟინერ–მშენებლის სპეციალობით თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.

1958-1966 წლებში იაკობ პაპიაშვილი თამაშობდა თბილისის „პოლიტექნიკის“ რაგბისტთა გუნდში, ვინაიდან სწრაფად დარბოდა, თანაგუნდელებმა სლავა შეარქვეს (თბილისის „დინამოს“ ცნობილი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელი). 1966 წელს სამუშაოდ ქუთაისის მეოთხე სამშენებლო ტრესტში გაანაწილეს ინჟინრად. რადგან არც ქუთაისში და არც დასავლეთ საქართველოში რაგბი ცნობილი თამაში არ იყო, გადაწყვიტა მისი პოპულარიზაცია. 1967 წელს ტრესტის ბაზაზე ჩამოაყალიბა ქუთაისის პირველი რაგბის გუნდი "მშენებელი", რომელიც რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1966-1968 წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის რაგბის პირველი ფედერაცია, რომელშიც შედიოდნენ იაკობ პაპიაშვილი, ბოგდან ზაუტაშვილი (მეცხე ტრესტის მთავარი ინჟინერი), ამირან კირტავა (მეცხრე სამშენებლო სამმართველოს უფროსი) და გოგი ყუფარაძე.

იაკობ პაპიაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის მეოთხე სამშენებლო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; კომბინატ „საქნახშირის“ საპროექტო განყოფილების უფროსად; საბჭოთა კავშირის მშენბანკის ქუთაისის განყოფილების უფროსად. 1967-1969 წლებში იყო "იუჟსტალკონსტრუქციის" სამმართველოს ჯერ ოსტატი, შემდეგ უბნის უფროსი. ამ პერიოდში დაამონტაჟა ქუთაისში პირველი მაღლივი, 16 სართულიანი შენობის კარკასი (ჩონჩხი) რკინა-ბეტონის ანაკრები კონსტრუქციებით, დღევანდელი პარლამენტის წინ (იხ. გაზ. "ქუთაისი", ოთარ ბერეჩიკიძის ფოტო და სტატია).

70-იანი წლებიდან სპორტს ჩამოშორდა და პროფესიონალურ ლიტერატურულ და მეცნიერულ კვლევით მუშაობას შეუდგა. 1972 წლიდან იყო გაზეთ "ქუთაისის" და "სოფლის ცხოვრების" შტატგარეშე კორესპონდენტი. 1990-1996 წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს - "ქართულ-ებრაული ურთიერთობები". მისი მეცნიერული ნაშრომი "ჰურიათა ქართველთა" კავკასიური წარმომავლობის შესახებ ახალ ფურცელს შლის ქართველთა და ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიოგრაფიაში. არის პირველი მკვლევარი, რომელმაც მეცნიერულ დონეზე დაასაბუთა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოშობა ძვ.წ. მე-14 საუკუნეში; 1989 წლიდან იაკობ პაპიაშვილის რომანები ("ქართული ლეგენდა" და "ხანისწყალთან"), მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა ისრაელის ქართულენოვან გაზეთში "ალია საქართველოდან". მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ჟურნალ-გაზეთებში: "განთიადი", "ცისკარი", "ლიტერატურული საქართველო", "ნობათი", "მწერლის გაზეთი", "ქართული სიტყვა"; ატვირთულია მართლმადიდებლური ფორუმის ინტერნეტ საიტზე.  2013 წელს თბილისში გამოიქცა იაკობ პაპიასვილის „გაგრა: ორი რომანი, მოთხრობები, ესსები“

1996 წლიდან იაკობ პაპიაშვილი ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და იქიდან ემსახურება ქართულ საქმეს. არის საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირის წევრი, ისრაელის და ქართულ-ებრაული საზოგადოებების და ასევე ისრაელის საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრია. 2014 წელს ის ივანე მაჩაბლის პრემიის ლაურეატი გახდა. იაკობ პაპიაშვილი 16 წიგნის, მათ შორის სამი პოეტური კრებულის, ავტორია.

წყარო:

1. https://iakobblog.wordpress.com/

2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00006060/

3. https://ka.wikipedia.org/wiki/იაკობ_პაპიაშვილი


Share: