The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ ბარბო–ჯავახიშვილი

მარიამ ბარბო–ჯავახიშვილი
Date of birth:1986  (38 years)
Category:Physicist

Biography

მარი ჯავახიშვილი 1986 წელს დაიბადა. მისი ფიზიკასთან კავშირი ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო: „სამყარო, ფიზიკა, ბუნების კანონზომიერება - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სახლში ღრმა ბავშვობიდან მესმოდა, მამაჩემის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯიმშერ ჯავახიშვილის წყალობით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე. სწორედ მან შემაყვარა სამყაროს წარმოშობასა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებაზე ფიქრი და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა საბოლოოდ დამეკავშირებინა ჩემი ბედი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან," - იხსენებს ახალგაზრდა მეცნიერი.

პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, მარიამი მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება თეორიული ფიზიკის ერთგულება არ შეეძლო, მაგრამ ბიოლოგიური სისტემების ფიზიკური კანონებით შეფასება და ექსპერიმენტალურად დამოწმება ნამდვილად იყო ის, რისი კეთებაც არასოდეს მობეზრდებოდა. ამიტომ ჩააბარა თსუ-ში ფიზიკის ფაკულტეტზე ბიოფიზიკის განხრით. სწავლის პარალელურად, ატარებდა სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ექსპერიმენტული ბიოფიზიკის ლაბორატორიაში, მონაწილეობდა თსუ-ს ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მარი ჯავახიშვილმა სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელა. მან თავისი მონაცემები გერმანიაში, ბრემენის იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგზავნა და სწავლების სრული დაფინანსებით ჩაირიცა მაგისტრატურის პროგრამაზე - Molecular life sciences (მოლეკულური სიცოცხლის მეცნიერებები).

მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში მარიამ ჯავახიშვილი  სხვადასხვა პროფილის მქონე ლაბორატორიებში მუშაობდა, რაც დაეხმარა უფრო ცხადად დაენახა, თუ რა მიმართულებით უნდოდა მომავალში კვლევების გაგრძელება. სამაგისტრო თემისთვის არჩევანი მოლეკულური ბიოფიზიკის ლაბორატორიაზე შეაჩერა, სადაც მუშაობდა მედიცინაში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევის მექანიზმების ბიოფიზიკური მეთოდებით შესწავლაზე.

ანტიბიოტიკებისადმი ინფექციების გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების წარმოქმნასა და გავრცელების წინააღმდეგ სტრატეგიების შემუშავებაა საჭირო. ამ სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა მარიამის სამაგისტრო ნაშრომი.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მარიამ ჯავახიშვილმა ქალაქ ვიურცბურგში რუდოლფ-ვირხოუს ინსტიტუტში პროფესორ როლანდ ბენცის ლაბორატორიაში მკვლევარად დაიწყო საქმიანობა. პროფესორი ბენცი განსაკუთრებით ცნობილია მიკროოგანიზმებში მემბრანული ცილების, კერძოდ კანალების დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მის ჯგუფში ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი იკვლევდა ერთ საკმაოდ არაორდინალური ქცევის P13 კანალის ელექტროფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, რომელიც მიეკუთვნება ლაიმის დაავადების და შებრუნებითი ტიფის გამომწვევ ბაქტერიას. ამ პროექტზე მუშაობის მთავარი მიზანი იყო ამ ბაქტერიიდან გარე მემბრანული ცილის "დამზადება", რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ბორელიის ინფექციური დაავადებების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობისთვის. მოგვიანებით მარი ჯავახიშვილი გოთინგენის უნივერსიტეტში გადავიდა და დღემდე გლობალური მნიშვნელობის პროექტებშია ჩართული. გოთინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა იგი დააფინანსა სადისერტაციო სამუშაოებისათვის, რომლის მიზანი იყო მიტოქონდრიის შინაგანი „ანატომიის“ შესწავლა. მიტოქონდრია გახლავთ მემბრანით შემოსაზღვრული უჯრედის შიდა კომპონენტი – ორგანელა, რომელზეც ხშირად საუბრობენ, როგორც უჯრედის ენერგეტიკულ სადგურზე. სწორედ მიტოქონდრიის შიდა მემბრანის ნაკეცოვანი სტრუქტურის წარმოქმნის ფაქტორების და მექანიზმების აღმოჩენა და გაგება იყო კვლევის მთავარი მიზანი, რაც ქართველმა მეცნიერმა  წარმატებით განახორციელა.

აღსანიშნავია რომ, გოთინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა მარიამის ნაშრომს „ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციის" სტატუსი მიანიჭა კატეგორიაში „კლინიკური მეცნიერება".

მარი ჯავახიშვილის მეცნიერული აღმოჩენების შესახებ დაიბეჭდა სტატიები მსოფლიო დონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და უმაღლესი დონის სამეცნიერო ჟურნალებში - Cell Metabolism და Journal of Cell Biology.

რაც შეეხება მარიამის ცხოვრებისეულ ინტერესებს, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. მეცნიერების გარდა, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა მოგზაურობა, კულინარია, სიმღერა. ძალიან უყვარს ოპერა და ბალეტი, შესაბამისად ოპერისა და ბალეტის თეატრის ხშირი სტუმარიცაა.

მარი ჯავახიშვილი ახალბედა დედაა. მისი ვაჟი ჯერ სულ რამდენიმე თვისაა. მარიამის სანუკვარი ოცნებაა საქართველოში დაბრუნება და საზღვარგარეთ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარება. მას მხარში უდგას მეუღლე, დოქტორი იან ბარბო, რომელიც თვითონაც მზად არის თავისი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს და დაეხმაროს ინოვაციური მეთოდების განვითრებასა და დანერგვაში (მაგ: ბიოენერგიის წარმოება და ინდუსტრიულად დაბინძურებული წყლის დამუშავება/გაწმენდა).

წყარო:

1. http://www.ambebi.ge/article/220143-gaicanit-kartveli-mecnieri-kali-romelic-germanul-laboratoriashi... 



 


Share: