The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქრისტეფორე გურამიშვილი

Date of birth:1697
Date of death:4 March, 1753  (at 56 years)
Burial location:უსპენსკის მონასტერი, ასტრახანი, რუსეთი
Category:Religious leader

Biography

დავით გურამიშვილის უფროსი ძმა ქრისტეფორე 1697 წელს დაბადებულა გურამიშვილების სამემკვიდრეო მამულში, საგურამოში. ქრისტეფორეს საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. XVIII საუკუნის 20-30-იან წლებში ქართლი და კახეთი თურქეთ–ირანისა და ლეკების გამუდმებული თავდასხმების ობიექტად იყო ქცეული. სწორედ ამ თავდასხმებისას გაიტაცეს ლეკებმა ლამისყანიდან დავით გურამიშვილი.

აღნიშნულ პერიოდში საგურამო–მუხრანის მიდამოებში, იმ სოფლის ეკლესიაში, რომელიც წილკნის ეპისკოპოსის იოსებ სამებელის სამწყსოში შედიოდა, უნდა ემსახურა მღვდლად ქრისტეფორე გურამიშვილს. ლეკთა თარეშის გამო ქართლიდან ლტოლვილ იოსებს, ადვილი შესაძლებელია, ძმის ბედით დაშინებული ქრისტეფორეც გაჰყვა რუსეთში 1731 წლის მიწურულს. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება რომ იოსებ სამებელი ყველგან ქრისტეფორესთან ერთად ფიგურირებს: მოსკოვში, პეტერბურგში, ნოვგოროდსა და ვსესვიატსკოეში.

1734 წელს სინოდის მიერ მოსკოვიდან პეტერბურგში გაწვეულ იოსებ სამებელს ქრისტეფორეც თან გაჰყოლია. და სწორედ, პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ იწყება ქრისტეფორეს მესტამბეობა. 1737 წელს მას იოსებ სამებელის სახელით განცხადება შეუტანია მეცნიერებათა აკადემიაში რუსულ–ქართული ანბანის გამოცემის თაობაზე. ქრისტეფორე გურამიშვილი სტამბის საქმეებში ჩახედული პიროვნება ყოფილა. კერძოდ, მას ასოთამწყობობა სცოდნია. სად ან როდის შეისწავლა მან ეს ხელობა გაურკვევლია. მეცნიერებათა აკადემიას დაუკმაყოფილებია იოსებ სამებელის თხოვნა. ქრისტეფორეს დახმარებით ჩამოუსხამთ ქართული შრიფტი და დაუბეჭდავთ ზემოდხსენებული „ანბანი“.

1736 წელს ბაქარ ბატონიშვილისა და იოანე სამებელის დავალებით ქრისტეფორე გურამიშვილი ვსესვიატსკოეში იწყებს სტამბის მშენებლობას და მოწყობას, შემდეგ კი წიგნების ბეჭდვის საქმესაც ხელმძღვანელობს. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა წიგნების რედაქტირებისა და დედნების ლიტერატურულ დამუშავებაში. კერძოდ, გ. ღამბარაშვილთან ერთად რუსული ორიგინალებისათვის შეუდარებია გამოტოვებული ადგილები. ხელახლა უთარგმნია და ისე დაუბეჭდია 1738 წელს „ზატიკი“, ხოლო 1739 წელს –„მარხვანი“.

1744 წელს „ბიბლიის“ გამოცემის თაობაზე ამტყდარი უსიამოვნების გამო ვსესვიატსკოეს სტამბა დაიხურა. ამის შემდეგ ქრისტეფორე იძულებული გახდა საყვარელი საქმე მიეტოვებინა. იმავე წელს იგი ქართველ სასულიერო პირებთან არქიმანდრიტ პახომთან, იღუმენ ნიკოლოზთან და იერომონახ ეფრემთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში მიემგზავრება ოსებს შორის ქრისტიანობის გასავრცელებლად.

ქრისტეფორე გურამიშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩრდილო კავკასიაში გაატარა და იქვე გრდაიცვალა 1753 წლის 4 მარტს, დაკრძალული უნდა იყოს ასტრახანის უსპენსკის მონასტერში. მისი სარჩო–საბადებელი გადაუციათ დავით გურამიშვილისათვის. 

წყარო:

1.  კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : ქრისტეფორე გურამიშვილი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 333-335.

2. https://qim.ge/qristefore%20guramishvili.html


Share: