The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარინა მუსხელიშვილი

მარინა მუსხელიშვილი
Date of birth:19??
Category:Biologist, Designer

Biography

მარინა მუსხელიშვილმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები ორმოცდაათი წლის ასაკში აღმოაჩინა და მისი თქმით ეს ახალი „ვნება და გატაცება“ სამკაულების კეთება აღმოჩნდა. იგი მეუღლე ლენკოსა და ვაჟიშვილ მიშიკოსთან ერთად, 90-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა: „ოცდაერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე სამუშაოდ ამერიკაში მიიწვიეს. მე და ჩემმა ოჯახმა დავტოვეთ საქართველო და არკანზასის შტატში გადავსახლდით. დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყება ნამდვილი შვება იყო. იქ ხომ შენი ოჯახი დაცულია და თუ მუშაობ – ყველაფერი აუცილებელი გაქვს. არსად ისე კარგად არ ესმით ემიგრანტების, როგორც ამერიკაში. იქ მცხოვრები ადამიანებიც ხომ ემიგრანტების შთამომავლები არიან. იქ ჩასულებს, ისეთივე შეგრძნება გვქონდა, როგორც ახალფეხადგმულ ბავშვს, რომელსაც დედა ეხმარება წამოდგომასა და სიარულში. მიყვარს ამერიკა – უხვი და თავისუფალი!“

პროფესიით ბიოლოგმა ამერიკაში ჩასვლისთანავე დაიწყო მუშაობა, მაგრამ რვა წლის შემდეგ გულის პრობლემები შეექმნა, რის გამოც სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია. ამ პერიოდში დაიწყო მარინა მუსხელიშვილმა სამკაულების კეთება, რაც ნამდვილი თეარაპია აღმოჩნდა, შეამცირა მედიკამენტების მიღება და აქტიურ სამუშაო პროცესში ჩაება. აზარტულად დადიოდა საინტერესო მასალის მოსაპოვებლად, სიამოვნებას ანიჭებდა ახლის შექმნა და ძველის განახლება. თავიდან მისი ნაკეთობები ნაცნობ–მეგობრების წრეში გაიცნეს და დიდი მოწონებით სარგებლობდნენ, შემდეგ ეს წრე გაფართოვდა და ნამუშევრებით ამერიკელი ქალბატონებიც მოიხიბლნენ. მოეწყო რამოდენიმე გამოფენა. კრიტიკოსები აღტაცებას ვერ მალავდნენ ახალი და ძალიან თავისთავადი ხელოვანის აღმოჩენით, რომელმაც მოღვაწეობა ორმოცაათი წლის ასაკში დაიწყო და მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალებს გაუტოლდა, სამყაროში, რომელშიც ყველაზე მეტად აფასებენ ინდივიდუალურ მიღწევებს და პრიორიტეტს hand mades-ს ანიჭებენ.

მარინა მუსხელიშვილის ერთ–ერთი გამოფენა ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა ართთერაპიის კუთხით. ხელოვნება, როგორც ჯანმრთელობის დაცვის ერთ–ერთი საშუალება. მარინა მუსხელიშვილის ნამუშევრების ორიგინალურობა მიმზიდველი და მომგებიანი აღმოჩნდა ისეთი ცნობილი მაღაზიების მფლობელებისთვისაც, როგორებიცაა – Barbara Jean და B. Barnett, სადაც რამდენიმე ნამუშევარი სახელგანთქმული ბრენდების – Kris Punto, Dolche&Gabanna, Donna Karani, Roberto Cavalli, Versace, სხვა ცნობილი ამერიკელი, ევროპელი და იაპონელი დიზაინერების ტანსაცმელების კოლექციებთან ერთად გაიყიდა. მარინა მუსხელიშვილის კოლექციაში ჰარმონიულად თანაარსებობენ – ძვირფასი, ნახევარძვირფასი ქვების, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთებები და პლასტმასის, მინის, , უბრალო ლითონის ქმნილებები, ეგზოტიკურ მაღაზიებსა თუ ანტიკვარულ „ფარდულებში“ აღმოჩენილი უნიკალური საგნები, დეტალები, სხვადასხვა დანიშნულების სარიტუალო ნივთები და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი ელემენტები, ქსოვილები, ფურნიტურა, აქსესუარები და დამოუკიდებელი სამშვენისები.

ხელოვანის ნაკეთობები უნივერსალურია, მათში ჭარბობს მხატვრული ასიმეტრია და მოწესრიგებული ქაოსი. არც ერთი მათგანი დანარჩენებს არ იმეორებს, არ მეორდება სახეები, კომპოზიცია, შემადგენელი ელემენტები თუ მხატვრული ფორმები. ყველა თავისთავადია და თითოეული, თავის მხრივ უნიკალური, ისევე როგორც ყველა ერთად – განუმეორებელი.

წყარო:

1. ოჩიაური ლელა. ნახავ და... დღესასწაულია // მარინა მუსხელიშვილი . – თბილისი,  2014 წ. – გვ. 4-9.


Share: