The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან ბაშარული

ლევან ბაშარული
Date of birth:17 July, 1985  (38 years)
Category:Composer

Biography

ლევან ბაშარული დაიბადა 1985 წლის 17 ივლისს. დედა – ეთერ ჩაჩანიძე. სწავლობდა კომპოზიციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2008 წლის ივლისში გერმანიაში გაემგზავრა. მისი მიზანი მიუნხენის კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელება იყო. აღმოჩნდა, რომ ვისი მიწვევითაც ჩავიდა, მას ლევანის  დახმარება აღარ დასჭირდა. გამოსავალი თავადვე მოიფიქრა - მის შვილებს ფორტეპიანოს გაკვეთილებს უტარებდა, დედას კი ბაღის საქმეებში ეხმარებოდა. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.

დაუღალავი შრომისა და სიბეჯითის წყალობით ჩააბარა Hochschule für Müsik und Theater München-ში, შემდეგ კი სწავლობდა Music Composition for Film and TV-ზე  Hochschule für Musik und Theater München-ში.

რამდენიმე წლის შემდეგ, ლევან ბაშარული გერმანიის წლის კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე – Deutscher Filmmusikpreis 2015 „გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის" ნომინაციაზე წარადგინეს და გამარჯვებულადაც გამოაცხადეს. ასეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე ლევანის ნომინირების მთავარი მიზეზი გახდა მისი ორი დიდი პროექტი: სიმფონიური პოემა – "ომის შემდეგ" მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით და ასევე, მუსიკა მხატვრული ფილმებისთვის, რომელთა შორის, განსაკუთრებით, „LUIS TRENKER “-ს გაუსვეს ხაზი (გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ერთობლივი პროექტი). დამწყები კომპოზიტორის ეს გამარჯვება სამომავლოდ საჭირო და საინტერესო კონტაქტების, პროექტებისა და ღონისძიებების გარანტია გახლდათ.

ლევანი დღეს უკვე არაერთი ქართული თუ უცხოური ფილმისა თუ სპექტაკლის მუსიკის ავტორია. გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებში მონაწილეობს. მიუნხენის ხელოვანთა ჯგუფი, სახელწოდებით "SUPER+" ინოვატორული არტ-პროექტების განხორციელებითაა დაკავებული. ერთ-ერთია "ფენიქსის ფრენა", რომლის პრეზენტაცია პარიზში გაიმართა. 70-მეტრიანი ვერცხლის პოლიეთილენის გიგანტური ფიგურა ჰელიუმის აირით ივსება და 7 სხვადასხვა მხრიდან თოკების საშუალებით ჰაერში საინტერესო ფორმებს იღებს. ლევანმა სპეციალურად ამ საღამოსთვის ორიგინალური ნაწარმოები შექმნა და ეს ფიგურა მუსიკით აამეტყველა. თვალწარმტაცი შოუ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ამ პროექტის განხორციელება  2017 წელს ვენეციასა და ნიუ-იორკშიცაა დაგეგმილი. 

ახალგაზრდა კომპოზიტორმა ხუთ კოლეგასთან ერთად იმუშავა ცნობილი ბავარიული ჯგუფის – "Dreiviertelblut"-ის სიმღერების გაორკესტრებაზე. ამ ჯგუფისა და მიუნჰენის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, განსაკუთრებული წარმატების გამო, რამდენჯერმე გაიმართა.
ლევან ბაშარულმა შექმნა მუსიკა ცნობილი გერმანული სერიალისთვის, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ტელეარხებს შორის ყველაზე რეიტინგულ არხზე იქნა ნაჩვენები. მასში არაერთი გერმანელი კინოვარსკვლავი მონაწილეობს. კომპოზიტორს მომავალი სერიების მუსიკაზე მუშაობაც უკვე დაუკვეთეს. 

ლევანი სიამოვნებით თანამშრომლობს ქართველ ხელოვანებთან. მას ეკუთვნის მუსიკა რეჟისორ გიორგი მენაბდის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის – "სისხლი"და სოფია ბერიკაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ლევან ბაშარული  ხელმძღვანელობს საფორტეპიანო ტრიოს, რომელმაც მისი სიმფონიური პოემა – "ომის შემდეგ"  – ქალაქ ბრემენში შეასრულა. ეს მოხდა ორი ქართველი გოგონას, ნინა ორჯანელისა და თეონა მანჯგალაძის მიერ ორგანიზებული საღამოს ფარგლებში, რომელიც საქართველოში კულტურისა და ტურიზმის განვითარებას მიეძღვნა. პროექტს სისტემატური ხასიათი აქვს და ის პერიოდულად გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. 

ლევან ბაშარული ხელმძღვანელობს, ასევე,  ვოკალურ კვარტეტს – "ჰარმონია", რომლისთვისაც ქართული სიმღერების არანჟირებას ახალი ვერსიით ახდენს. კვარტეტი შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა, ხშირად მართავს კონცერტებს გერმანიის სხვადასხვა ქალაქსა თუ სხვა ქვეყნებში და ქართულ ჰანგებს აცნობს უცხოელ მსმენელს.

გარდა კინომუსიკისა, ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკას მიუნხენის თეატრისთვისაც ქმნის. გარდა ამისა, მიუნხენის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სკოლაში ასწავლის ფორტეპიანოზე დაკვრასა და კომპოზიციას.

ლევან ბაშარულის მეუღლე, ნინო ბაშარული, პროფესიით მხატვარია. 

წყარო:

1. ბაშარული, ლევან. ფილმის მუსიკის ღამე: მიუნხენი 2011; ესაუბრა თეონა ხაზალაშვილი // ქართული / გერმანიის ქართული სათვისტომო. - მიუნხენი, 2011. - ივლისი-ოქტომბერი. - N4-5 (35-36). - გვ.19-21

2. http://gza.ambebi.ge/life/sazogadoeba/5651-germaniis-tslis-sauketheso-qarthveli-kompozitori.html

3. www.ambebi.ge/.../183154-qarthveli-musikosis-gamaognebeli-shou-parizshi-vin-aris-.

 







 


Share: