The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუსუდან გვასალია

რუსუდან გვასალია
Date of birth:27 September, 1953  (70 years)
Category:Musician

Biography

მევიოლინე რუსუდან კირილეს ასული გვასალია დაიბადა თბილისში, 1953 წლის 27 სექტემბერს. 1969 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური სამუსიკო ათწლედი (პროფესორ ლ. შიუკაშვილის კლასი). ჯერ კიდევ მოსწავლემ 1969 წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსში და I პრემია მოიპოვა. 1970-74 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (პროფესორ დავით ოისტრახის კლასი), 1975–1977 წლებში – ასპირანტურაში, პედაგოგი: ვ. კლიმოვი. 1979 წლიდან იყო პროფესორ ვ. კლიმოვის ასისტენტი.

1973 წელს რუსუდან გვასალიამ მოიგო მარგარეტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი (პარიზი, გრან-პრი), 1974 წელს კი გახდა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, II პრემია. პირველი არ გაცემულა). 1979 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

მუსიკოსი 1975 წლიდან იყო „მოსკონცერტის“ სოლისტი. გასტროლებით მოვლილი აქვს საზღვარგარეთის მრავალი ქვეყანა. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის კონსერვატორიაში (1980–1990 წლები).  

1987-იდან რუსუდან გვასალია, როგორც პედაგოგი მოღვაწეობს ხელოვანთა საერთაშორისო კურსებზე (გერმანია, ქ. ფრანკენთალი). 1990 წლიდან ის არის ქალაქ მინცის უნივერსიტეტის პროფესორი. ამ ქალაქში მან დააარსა ქალთა კამერული ორკესტრი, რომელიც ქალთა ერთადერთი ორკესტრია გერმანიაში. ქალბატონი რუსუდანი თავადვეა ორკესტრის დირიჟორი, სოლისტი და კონცერტმაისტერი.

რუსუდან გვასალიას დაკვრა გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო კულტურით, ინტერპრეტაციის სიღრმითა და არტისტიზმით. მის რეპერტუარშია: ს. ცინცაძე – „პოემა“; კ. შიმანოვსკი – „სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის“; ფ. კრეისლერი – „რეჩიტატივი და სკერცო სოლო ვიოლინოსათვის“; ა. ზარჟიცკი „მაზურკა“, აგრეთვე, ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები და სხვ.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 1.–თ., 1997.–გვ.605

2. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 108


Share: