The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელენე ათაბაგი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Royalty

Biography

სამცხის ათაბაგის მანუჩარ III (1614-1625) და მისი მეუღლის (რომელიც გურიის მთავრების მამია გურიელისა და მალაქია კათალიკოსის და იყო)  ასულის, ელენეს დაბადების თარიღი უცნობია. მანუჩარი თავისი სამთავროს გადასარჩენად თავგამოდებით იბრძოდა ხან სპარსელების და ხან ოსმალების წინააღმდეგ. 1625 წელს ქართლელებისა და კახელების გვერდიგვერდ იბრძოდა მარაბდის ველზე. ცოტა ხნის შემდეგ კი მანუჩარი, რომელიც სამცხეში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, სტამბოლში წავიდა სულთნისაგან წყალობის სათხოვნელად. სულთანმა შეიწყალა მისი თხოვნა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით „მისცა ქრისტიანობით ათაბაგობა“. როდესაც მანუჩარი სამშობლოში ბრუნდებოდა, გზაში თავისი ბიძა  ბექა (შემდეგში საფარ–ფაშა) დახვდა, სტუმრად მიიწვია ძმისწული და საწამლავით მოაკვლევინა. ბექა თავად წავიდა სტამბოლში, მიიღო მაჰმადიანობა და ათაბაგობა.

სავარაუდოდ სტამბოლში გამგზავრებამდე მანუჩარ III ქალიშვილი, უსაფრთხოების მიზნით, გურიაში ბიძასთან მალაქია კათალიკოსთან გაგზავნა. შესაძლებელია, ისიც რომ ელენე ძმისწულის მკვლელ საფარ–ფაშას გამოარიდეს. გურიაში, მთავრის სასახლესთან მცხოვრებმა კათოლიკე პატრებმა, იმდენი მოახერხეს, რომ ელენე გააკათოლიკეს.

ელენე ათაბაგით, როგორც საათაბაგოს მემკვიდრით, მანუჩარ III სიცოცხლეშივე დაინტერესებულა ირანის შაჰი აბას I, იგი თავისი შვილიშვილის, შაჰ–სეფის საცოლედ მოუნდომებია და ელჩობაც მიუვლენიათ ირანელებს გურიელთან. ელენეს ირანში გათხოვების განზრახვა როგორც კი თურქებმა გაიგეს, სტამბოლიდან გურიაში სულთნის ელჩი მივიდა და ელენეს წაყვანა მოინდომა. ქაიხოსრო I გურიელმა (1640-1658) ყოველივე ოდიშის მთავარს აცნობა. ლევან II დადიანის რჩევით, ქაიხოსრო გურიელმა სულთნის ელჩს განუცხადა, რომ ელენე ათაბაგი გურიის სამთავროში აღარ იმყოფებოდა და იგი სასწრაფოდ ოდიშის სამთავროში გაგზავნა. ლევან II დადიანის ხელში ელენე ათაბაგი პოლიტიკური ინტრიგის ობიექტად იქცა.

ქრისტოფორო კასტელს ელენე ათაბაგი პირველად სამეგრელოში უნახავს , როდესაც იგი გურიიდან გამოიძახეს ათაბაგის ასულის ავადმყოფობის გამო და ამის შემდეგ ის და ელენე ერთად იყვნენ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში. პატრი ქრისტოფორო კასტელი ხშირად ესაუბრებოდა ელენეს და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა.

ლევან დადიანი გამომწვევად იქცეოდა. მან არაფრად ჩააგდო სულთნის მოთხოვნა ათაბაგის ასულის მისთვის გადაცემის შესახებ, რადგან ელენეს ირანში გაგზავნა საბოლოოდ გადაწყვეტილი ჰქონდა. თავად ელენე საქართველოდან წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მაგრამ ლევან დადიანმა ელენე მოატყუა, თითქოს მას ისევ გურიაში აგზავნიდა და 1642 წლის 27 მარტს ირანის გზას გაუყენა.

ელენემ კასტელს სთხოვა ირანში გაყოლა, მაგრამ მას ამ თხოვნის დაკმაყოფილება არ შეეძლო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო იყო პაპის ნებართვა. სამეგრელოდან წამოყვანილი ელენე დიდი ამალითა და ეპისკოპოსის თანხლებით ქართლისკენ გაისტუმრეს, როსტომ მეფე გაფრთხილებული იყო და იგი ელენეს სანახავად დიდი ძღვენით მივიდა და ზარბაზნების გრიალით გორში მიიყვანა. ამის შემდეგ ათაბაგის ასული თბილისში ჩაიყვანეს, სადაც ასევე დიდი პატივი მიაგეს. თბილისიდან ისპაჰანამდე მგზავრობას სამი თვე დაჭირდა და მას ყველგან დიდი ზეიმით ხვდებოდნენ.

როდესაც ელენე ისპაჰანში ჩავიდა შაჰ სეფი ინდოეთის ლაშქრობაში იმყოფებოდა, იგი მალე დაბრუნდა, დედოფალი სასახლეში მიიწვია და რვა დღის განმავლობაში ზეიმობდა. შაჰმა ელენეს დიდი სიხარული მიანიჭა, რამდენიმე ქალაქის გარდა, დიდძალი თანხა უბოძა საყიდლებისა და დროის გასატარებლად... „უფალმა ინება, ხელმწიფე–მეუღლე მოკლე ხანში ლოგინად ჩავარდნილიყო და სულ მალე თავისი საყვარელი დედოფლის ხელში დაელია სული... ასე მომწერა ელენემ, – გადმოგვცემს კასტელი, – ხოლო საჭურისებმა, რომლებიც თან ახლდნენ ელენეს სასახლეში, გადმომცეს, რომ შაჰმა სიკვდილის წინ ისე გამოაცხადა დედოფლად, რომ ხორციელად არ შეუცვნია“. შაჰ სეფის გარდაცვალების შემდეგ ელენე მის ვაჟს აბას II შერთეს ცოლად. 1642 წლის 15 მაისს, გამეფებისას აბას II დაახლოებით 11 წლის უნდა ყოფილიყო, ხოლო ელენე ისპაჰანში ჩასვლისას სულ მცირე 20 წლისა უნდა ყოფილიყო. გამოდის რომ ელენესა და აბას II შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, მაგრამ თუ ამ ქორწინებით ირანი თავის გავლენას გაავრცელებდა სამცხეში და ანტიოსმალური კოალიცია კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ასაკობრივი სხვაობა სათვალავში ჩასაგდები აღარ იყო.

ელენე ათაბაგსა და ქრისტოფორო კასტელს შორის ელენეს ირანს გამგზავრების შემდეგაც ჰქონიათ კონტაქტი მიწერ–მოწერის დონეზე. ელენე რომის პაპ ურბან II დაჟინებით სთხოვდა კასტელის ირანში გაშვებას. ამის შემდეგ კასტელმაც დაიწყო რომში თავის უფროსებთან წერილების გაგზავნა ირანში წასვლის ნებართვის მოსაპოვებლად.

კასტელი მოხიბლული იყო ათაბაგის ასულის სილამაზით და სათნოებით. საყურადღებოა, რომ კასტელმა შექმნა ელენეს ორი პორტრეტი – ერთზე ელენე გამოსახულია ძვირფასად მორთულ ცხენზე ამხედრებული, მაგრამ არ ჩანს მისი სახის ნაკვთები. შემორჩენილია კასტელის მიერ დახატული ერთ–ერთი სურათის მხოლოდ კვადრატული ჩარჩო და მის კიდეებზე მინაწერები: „ელენე ათაბაგი, ირანის დედოფალი... ქ. დედოფალი ელენე. ირანის დედოფალი. გურიის მშვენება, ელენე ათაბაგი. ჩვენი პატრის ქრისტოფოროს სულიერ შვილია.. დროში ირანის ხელმწიფის შაჰ–სეფის მეუღლე გახდა“. ჩარჩოში ელენეს სურათი არ არის, ნათლად ჩანს რომ მისი პორტრეტი ვიღაცამ ისე უხეშად წაშალა, რომ მინაწერებიც დააზიანა. ამგვარად დაიკარგა ელენეს სახე, რომელიც საინტერესო და მრავლისმეტყველი იქნებოდა.

წყარო:          

მამისთვალიშვილი, ელდარ. ელენე ათაბაგი და დონ ქრისტოფორო დე კასტელი / ელდარ მამისთვალიშვილი // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი. - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.41-49.

ხოფერია, ნინო. ბაგრატოვან ქალთა გალერეა : ელენე / ნინო ხოფერია // ბაგრატოვანთა ქალები : საქართველო უბედობის ჟამს / ნინო ხოფერია. - თბილისი, 2012. - გვ. 50-52


Share: