The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ევსევი ახვლედიანი

Other name:ხუტა
Date of birth:4 February, 1894
Date of death:9 January, 1975  (at 80 years)
Burial location:სიდნეის როკვუდის სასაფლაოს მართლმადიდებელთა სექცია, ავსტრალია
Category:Journalist, Military Person

Biography

ევსევი (ხუტა) ახვლედიანი დაიბადა 1894 წლის 4 თებერვალს მარტვილის მაზრის სოფელ გურძემში, მღვდლის ოჯახში. ევსევი მეცხრე შვილი იყო. მამამისი, კონსტანტინე, აზნაური გახლდათ; დედა – თავადის ქალი ესმა ჩიქოვანი.

ევსევმა დაამთავრა ჯერ ძველსენაკის, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სასულიერო სემინარია. ძმასთან, დავითთან ერთად მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართული ჯარის მაიორი გახდა.

1918 წელს ცვლილებები მოხდა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების სტრუქტურაში. შეიცვალა კადრებიც – რუს მოხელეთა ნაცვლად შტატები დაკომპლექტდა ქართველი თანამშრომლებით. იმ დროისათვის, მთავარი საბაჟოს გარდა, არსებობდა ნატანების, სოხუმის, სალოღლის, სანაინის, აწყურის, დარიალის, ანაკლიის, ახალი ათონის, გუდაუთის, ოჩამჩირის, გაგრის, ლაგოდეხის, ყულევისა და ბათუმის საბაჟოები. სხვა სამხედრო პირებთან ერთად ბათუმის საბაჟოს შტატში ჩაირიცხა მაიორი ევსევი ახვლედიანიც.

1921 წლის 17 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უცხოეთში ბათუმის საბაჟოს გავლით წავიდა. ამის გამო ბოლშევიკები საბაჟოს მოხელეებს შემოწყრნენ და ევსევი ახვლედიანსაც არაერთი უსიამოვნება შეხვდა. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე ახლობლებთან იმალებოდა, ხშირად იცვლიდა მისამართებს, 1927 წელს კი ფარულად ასტრახანს გაემგზავრა. იქიდან, საფრანგეთში მამიდაშვილებთან აპირებდა წასვლას, მაგრამ ვერ მოახერხა და მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში გადავიდა. იქ იმ დროს ძლიერი ქართული სათვისტომო არსებობდა ივლიანე ხაინდრავას მეთაურობით. სათვისტომო ყველა ახალჩასულს ხელს უმართავდა და სამუშაოს შოვნაში ეხმარებოდა.

როგორც ქართული არმიის ოფიცერს და 1924 წლის აჯანყების მონაწილეს ხარბინელები დადი პატივისცემით შეხვდნენ ევსევი ახვლედიანს და ქართული ბიბლიოთეკა ჩააბარეს 20 000 წიგნით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას და ახალი გამოცემებით ამდიდრებდა. მონაწილეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში. იყო ხარბინის ქართული საზოგადოების მდივანი. დღესასწაულების დროს კითხულობდა ლექციებს. მწერლობაშიც უცდია ბედი და პატარა ბროშურა გამოუცია.

ევსევი ახვლედიანმა მანჯურიიდანაც ვერ მოახერხა საფრანგეთში ემიგრირება  და იძულებული გახდა პროფესიის შეცვლაზე ეზრუნა. 1929 წელს იგი ჩაირიცხა ხარბინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.   

1931 წელს იაპონიის მიერ ხარბინისა და ჩრდილო მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ ევსევი ახვლედიანი შანხაიში გადასახლდა და ფრანგულ კონცესიაში დაიწყო მუშაობა. გახსნა რესტორანიც, სადაც ადგილობრივი თუ ტურისტად ჩასული ქართველები იყრიდნენ თავს. ძალიან მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ ჩინეთის რევოლუციის შემდეგ რესტორანი და ბინა ჩამოართვეს და ერთ ოთახში შეკეტეს. როგორც გერი იხსენებდა, მთელი ღამე იჯდა და კრიალოსანს მარცვლავდა, დილით კი ვეღარ ვიცანით – ერთ ღამეში გაჭაღარავდაო.

1945 წლის აგვისტოში, კვანტუნის არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა ჯარი ხარბინში შევიდა. შანხაიში აქტიურად ამუშავდა საბჭოთა საელჩო და ემიგრანტთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. 1954 წელს ევსევი ახვლედიანის რუსმა მეუღლემ და გერებმაც რუსეთისკენ აიღეს გეზი. ევსევს კი არ მიუვიდა ვიზა. იგი  ემიგრაციაში დარჩა  და უკვე ხანშიშესულმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა პროფესია. 1957 წელს მუშაობა დაიწყო უხანის, ხოლო 1961 წელს – სუჯოუს პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენის მასწავლებლად. არდადეგებს კი შანხაიში ატარებდა თანამემამულეთა შორის.

1957 წელს გარდაიცვალა ევსევის უფროსი ძმა ნიკოლოზ ახვლედიანი (დავითის ტყუპისცალი). მას ქალიშვილის, ნადია ახვლედიანისთვის ანდერძად დაუბარებია დაკარგული ძმის მოძებნა. ნადიამ მოძებნა ბიძა და სამშობლოსთან დააკავშირა. გაჩაღდა მიმოწერა. წერილებს უგზავნიდნენ დები, ნათესავები. ისიც დაუზარებლად პასუხობდა ყველას, უგზავნიდა მისალოცებსა და საჩუქრებს. ცხოვრება თითქოს აეწყო, მაგრამ 1961 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მომხდარმა უთანხმოებამ და ახალმა კონფლიქტმა შეუძლებელი გახადა ევსევის ჩინეთში დარჩენა. 1962 წლის 9 მარტს ნადია ახვლედიანის შუამდგომლობით, როგორც იქნა მიიღო ვიზა და სამგზავროდ გაემზადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაბრუნებაზე კვლავ უარი მიიღო, ამჯერად ჩინეთის ხელისუფლებისაგან.

ჩინეთში დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. 1963 წელს ევსევი ახვლედიანი ჰონკონგში ჩავიდა და იქიდან ავსტრალიაში გაემგზავრა. სიდნეიში დასახლდა. სამსახურს ეძებდა, მაგრამ 71 წლის ასაკში სამუშაოს შოვნა ძნელი აღმოჩნდა. ჩასვლიდან ხუთი თვის შემდეგ საცხოვრებლად მოხუცთა დასასვენებელ სახლში გადავიდა, რათა ნაცნობებს ტვირთად არ დასწოლოდა. მაგრამ ფარ–ხმალი არ დაუყრია – ურთიერთობდა იქაურ მცირერიცხოვან ქართველობასთან, სწავლობდა ინგლისურს და ყველანაირად ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას. რაც უფრო ეწურებოდა იმედი, მით უფრო ეძალებოდა ქართულ კულტურას. აგროვებდა ქართულ წიგნებს სიდნეიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. იმდროინდელ წერილებში ძირითადად ქართულ წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს ითხოვდა. ხარობდა ქართველი სპორტსმენებისა თუ ხელოვნების მუშაკების წარმატებებით. უბედნიერესი იყო ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ავსტრალიაში გასტროლების დროს.

1975 წლის თებერვალში ავსტრალიიდან გიორგი დიდებულიძემ ნადია ახვლედიანს აცნობა, რომ ბიძამისი 9 იანვარს გარდაიცვალა და 22 იანვარს დაკრძალეს სიდნეის როკვუდის სასაფლაოს მართლმადიდებელთა სექციაში.

ევსევი ახვლედიანს შთამომავლობა არ დარჩენია.

წყარო:

1. დაუშვილი, რუსუდან. ევსევი ახვლედიანი მარტვილიდან სიდნეიმდე // პრაიმტაიმი. - , 2011. - 19 სექტემბერი. – N38. - გვ.30-31

2. ახვლედიანი ევსევი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.27-28.


Share: