The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ეკატერინე გორდელაძე

ეკატერინე გორდელაძე
Date of birth:1971  (53 years)
Category:Musician

Biography

საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ქართველი პიანისტი ეკატერინე (Catherine) გორდელაძე გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დაიბადა თბილისში. დედამისი, მაგული გორდელაძე - ალტერნატიული მედიცინის ცნობილი წარმომადგენელი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი იყო; მამა დავით გორდელაძე-არქიტექტორი; დეიდა, რომელმაც დედასთან ერთად ასევე დიდი გავლენა იქონია ადრეულ ასაკში ეკატერინეს მუსიკალურ განვითარებაზე – პროფ. ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილი, სახელოვანი ენათმეცნიერი და ისტორიკოსი, ი.ჯავახიშვილის მედლის ლაურეატი.

მუსიკალური ნიჭი ეკატერინემ ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა და მშობლებმა ნიჭიერთა ათწლედში შეიყვანეს (პროფ. ნელი გაჩეჩილაძის კლასი). საკონცერტო გამოსვლები 6 წლიდან დაიწყო. 7 წლის იყო, როცა საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჰაიდნის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. 10 წლისამ სოლო ნაწარმოების შესრულებით მონაწილეობა მიიღო გამოჩენილი ქართველი მუსიკოსების გალა-კონცერტზე თბილისის ოპერაში, რომელიც პირდაპირ ეთერში მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში გადაიცა. 11 წლისამ ხელოვნების მუშაკთა სახლში გამართა პირველი სოლო-კონცერტი.

მუსიკის პარალელურად ეკატერინე, ბავშვობიდან ძალიან სწრაფად ითვისებდა უცხო ენებს. მშობლიური ქართულის გარდა იგი თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ინგლისურ, სერბო-ხორვატიულ და რუსულ ენებზე.

ათწლედის დასრულების შემდეგ პიანისტმა თბილისის კონსერვატორიასა და ასპირანტურაში განაგრძო სწავლა პროფ. ნოდარ გაბუნიას კლასში. კონსერვატორიის დამთავრებას მოჰყვა გერმანიაში გამგზავრება დედასთან ერთად. მაგული გორდელაძემ სამუშაო კონტრაქტი მიიღო ფრანკფურტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მრავალპროფილიან კლინიკაში. ეკატერინემ გერმანიაში გააგრძელა ცოდნის გაღრმავება. მოგვიანებით მან წარჩინებით დაამთავრა ფრანკფურტისა და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტების ასპირანტურის ფაკულტეტები გერმანელი პროფესორების ბერნარდ ვეთცის, რაინერ ჰოფმანის და როლფ-დიტერ არენსის ხელმძღვანელობით. მთელი გერმანიაში სწავლის მანძილზე იგი კონრად ადენაუერის ნიჭიერთა დაფინანსების ფონდის სტიპენდიატი იყო.

სწავლის პარალელურად ეკატერინემ დაიწყო საკონცერტო მოღვაწეობა პატარა მასშტაბის კონცერტებით, ე.წ. „სახლის კონცერტებით“ (Hauskonzerte). ასეთი ტიპის სალონური საღამოების ტრადიციას გერმანიაში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ამას მოგვიანებით უკვე დიდი დარბაზები და საჯარო კონცერტები მოჰყვა. ეკატერინე გორდელაძე ამჟამად ფრანკფურტში ცხოვრობს და როგორც ცნობილი პიანისტი კონცერტებს მართავს ევროპის სხვადახვა ქვეყნებში.

მას სოლო-კონცერტები ჰქონდა ისეთ დარბაზებში, როგორიცაა, მაგალითად: მიუნჰენის ფილარმონია (Philharmonie im Gasteig München); ფრანკფურტის რადიოსა და ტელევიზიის დიდი დარბაზი (HR Sendesaal Frankfurt); ვისბადენის კურჰაუზი (Kurhaus Wiesbaden); ჰამბურგის ლაეიცჰალე (Laeiszhalle Hamburg), ლისტის სალონი ვაიმარში (Liszt Salon Altenburg/Weimar); შოპენის სახლი პალმა დე მალორკაზე (Chopin Haus in Valdemossa/Mallorca). ლონდონის სანტ მარტინის ეკლესია (St.Martin-in-the-Fields London).

პიანისტისთვის მნიშვნელოვანი იყო ასევე მისი გამოსვლები ფესტივალზე „The Next Generation III“ დორტმუნდში, მევიოლინე დავიდ გარეტთან (David Garrett) ერთად და ასევე გერმანიის ტელევიზიის რენომირებულ ღამის შოუში SWR Late Night, აგრეთვე დავიდ გარეტთან ერთად. როგორც სოლისტი მას საკონცერტო გამოსვლები ქონდა კობურგის ფილარმონიის  (Philharmonischen Orchester Landestheater Coburg), მაინცის სახელმწიფო (Mainzer Staatsorchester), ფორცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთის კამერულ (Südwestdeutschen Kammerorchester Pforzheim), ახალგაზრდა ევროპის ფილარმონიის (Junge Europa Philharmonie) და დორტმუნდის ფილარმონიის (Dortmunder Philharmoniker) ორკესტრებთან ერთად.

აღსანიშნავია ეკატერინეს საკონცერტო გამოსვლა კონრად ადენაუერის ვილაში, კომოს ტბაზე იტალიაში, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფორუმზე, რომელზეც ყოველწლიურად იკრიბებიან ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები. ეკატერინე ორჯერ იყო მიწვეული ფორუმის გახსნაზე საფორტეპიანო კონცერტით.

დღეს, წარმატებული ქართველი პიანისტის საკონცერტო გამოსვლებს გერმანული პრესა ასე აფასებს: „მისი კონცერტი საფორტეპიანო სპექტაკლად იქცა, სადაც მაყურებელს სუნთქვა ეკვრის“(Frankfurter Rundschau); „ქართველი პიანისტის კონცერტი გადაიქცა უმაღლესი ხელოვნების მოვლენად, ის ემოციური და ბრწყინვალეა“ (Dresdner Neueste Nachrichten); „მისი თითებიდან მარგალიტები იბნევა” (Frankfurter Allgemeine), „ფანტასტიკური შესრულება“ (klassik.com).

მას გამოცემული აქვს 6 სოლო ალბომი ისეთ რენომირებულ ჩამწერ სტუდიებში, როგორიც არის NAXOS, ANTES EDITION, ARS MUSICI. ამ დისკებზე ჩაწერილმა მრავალფეროვანმა რეპერტუარმა, როგორც ცნობილი, ასევე არასტანდარტული, იშვიათად შესრულებული ნაწარმოებებით, საერთაშორისო პრესის დიდი აღიარება მოიპოვა და სხვადასხვა პრემიებით დაჯილდოვდა. მაგალითად 2011 წელს გამოცემული დისკი უკრაინელი კომპოზიტორის, ნიკოლაი კაპუსტინის ნაწარმოებებით, დღემდე NAXOS-ის ბესტსელერის სიაშია.

მისი ჩანაწერები რეგულარულად გადაიცემა მსოფლიოს მრავალი კულტურის რადიო-ტელევიზიის ეთერში, ასე მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში (WQXR-New York Public Radio, Hawai Public Radio), გერმანიაში (hr-Fernsehen, hr2 kultur, BR-Klassik, Nordwest Radio, MDR Figaro, MDR Klassik, NDR Kultur, Kulturradio (RBB), SR2 Kultur Radio, WDR3, SWR Fernsehen, SWR2, RADIO ARD, Deutschland Radio Berlin, Radio Rheinwelle), დიდ ბრიტანეთში (BBC Radio3, BBC Radio Scotland, Classic FM); შვეიცარიაში (Radio DRS2, Radio Suisse Romande); ავსტრიაში (Radio Klassik Stephansdom; Ö1 Radio), ჩეხეთში (Radio Free Europa Prag), მექსიკაში (Klassik Radio UNAM); ავსტრალიაში (ABC Classic; Klassik Radio Fine Music FM); ჰონგ კონგში (Radio Television Hong Kong).

პიანისტის შემოქმედება როგორც თვითონ ამბობს "ქართული და დასავლეთევროპული მუსიკალური ტრადიციების სინთეზია".

ეკატერინეს პრემიების ნუსხა ძალიან ვრცელი და მრავალფეროვანია:

1999: დარმშტადტის შოპენის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი;

2002: საფრანგეთის საპატიო ლეგიონის პრემია და მედალი, რომელიც შვეიცარიაში, ენგელბერგის ფესტივალზე გადაეცა ლეგენდარული პიანისტის ალექსის ვაისენბერგის (Alexis Weissenberg) მიერ, ვისთანაც ეკატერინეს დიდი ხნის პროფესიული ურთიერთობა აკავშირებდა.

2002: დიცენბახის (გერმანია) საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრემია;

2005: კონრად-ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ დაწესებული ბრუნო-ჰეკის პრემია;

2014: პიანისტის კომპაქტდისკს სახელწოდებით „ამერიკული რაფსოდია“ მიენიჭა „ამერიკის გლობალური მუსიკის პრემია“ (Global Music Award), რომელიც საუკეთესო ჩანაწერებისათვის კალიფორნიაში ყოველწლიურად გაიცემა.

2017: მინიჭებული აქვს პრემია – „უცხოური წარმომავლობის გამორჩეული პიროვნება“ – მისი ქალაქის, ფრანკფურტის მერიისაგან, სადაც უკვე 27 წელია ცხოვრობს. ეს პრემია გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტანმაიერის პატრონაჟით გაიცემა და ჟიურის მიერ შერჩეულ რამდენიმე პიროვნებას ენიჭება ყოველწლიურად. ეკატერინე ამ პრემიაზე ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ იყო წადგენილი.

სხვადასხვა საქველმოქმედო კონცერტებიდან გამოირჩეოდა
2015 წლის საქველმოქმედო კონცერტი ფრანკფურტში, საქართველოს გენერალური საკონსულოს პატრონაჟით, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად; 2017 წელს მან საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა ბად ჰომბურგის ტაძარში, სადაც სოლიდური თანხა შეგროვდა თბილისის მეორე გიმნაზიის დახმარებისთვის. ამ კონცერტის ორგანიზატორი ბად ჰომბურგში არსებული ქართულ-გერმანული საზოგადოება გახლდათ.

საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, იგი ფრანკფურტის მუსიკისა და თეატრის უნივერსიტეტის და ციურიხის კალაიდოს მუსიკალური უნივერსიტეტის დოცენტია და აგრეთვე მასტერკლასებს ატარებს სანკტ- გოარის საერთაშორისო მუსიკალურ აკადემიაში.

ეკატერინე დაქორწინებულია პროფესიით ბიოლოგ, ჰაუკე ბეკერზე.

წყარო:

1. www.catherinegordeladze.de

2. ქართველი პიანისტის გერმანული აღიარება და საფრანგეთის საპატიო ლეგიონის მედალი სპუტნიკ-ჯორჯია.გე 

  https://sputnik-georgia.com/20170301/ekaterine-gordeladze-235055071.html

3. „საკუთარ თავს დღესაც კრიტიკულად ვაფასებ და ვცდილობ, სხვადასხვა შთაგონების წყარო ვიპოვო ახალი იდეებისათვის“ – ქართველი პიანისტი, რომელიც ფრანკფურტის მერიის მიერ მინიჭებული პრემიის მფლობელია

კვირა.გე:

https://kvira.ge/895875?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3Oy_1o9897X28AF1PS1sw2bw_CWhPC7Wus0IQd3caMnK-fHyhu9dkC93U_aem_ZmFrZWR1bW15MTZieXRlcw

4. რადიო თავისუფლება 2017: 

https://www.radiotavisupleba.ge/a/25404984.html

5. რადიო თავისუფლება 2014: 

https://www.radiotavisupleba.ge/a/25404984.html  



Share: