The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზაალ კოკაია

ზაალ კოკაია
Other name:ზაზა  (Acronym)
Date of birth:1963  (61 years)
Category:Biologist

Biography

შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ზაალ კოკაია დაიბადა 1963 წელს. სწავლობდა თბილისის 24–ე საჯარო სკოლაში. 1984 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (სპციალობით “ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია”). ბიოლოგიას ბატონი არჩილ ჯანაშვილი ასწავლიდა. 25 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. ამავე პერიოდში ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის მეექვსე გერმანულ სკოლაში.

1990 წელს ზაზა კოკაიამ მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და ცხრათვიანი სამეცნიერო პროექტის შესასრულებლად ლუნდის უნივერსიტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ გაემგზავრა. პროექტის დასრულების შემდეგ ზაზა საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მალე მიხვდა, რომ აქ თავის პროფესიაში პერსპექტივა არ ექნებოდა, და მალევე, ოჯახთან - მეუღლე თამუნასთან და ერთი წლის შვილთან ერთად, უკან, შვედეთში დაბრუნდა.

ლუნდის უნივერსიტეტი, სადაც 1992 წლიდან მოღვაწეობს ქართველი მეცნიერი, ჩრდილოეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ძველი და დიდი უნივერსიტეტია. აქვეა კვლევით ბიოსამედიცინო ცენტრიც, სადაც მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. აქ შეისწავლება თავის ტვინის პათოლოგიები, კერძოდ, ეპილეფსიის, ტვინის იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, მათი განვითარების პროცესი და ექსპერიმენტულ პირობებში დგინდება ამ დაავადებათა მკურნალობის ახალი ტიპის გზები, რომლების საბოლოო ჯამში კლინიკაში ინერგება.

ბატონი ზაზა ლუნდის სამეცნიერო  ცენტრში 1996 წლიდან მოღვაწეობს. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაციაც  კლინიცისტ ნევროლოგის ულე ლინდვალის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ საქართველოშიც მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს მან დაიმსახურა ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში. 2002 წელს კი მოიპოვა ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში.

2003 წელს ზაზა კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში მას ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, რა დროსაც იგი ხელმძღვანელობდა ნეირომეცნიერების პროგრამას.

2007 წლიდან დღემდე ზაალ კოკაია არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის “შტემშტროკე” ხელმძღვანელი. 2008 წელს იგი გახდა ლუნდის უნივერსიტეტის სრული პროფესორი (მუდმივი თანამდებობა) ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში.

სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ქართველი მკვლევარი შვედეთში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამავე დროს, იგი არის კაგლიარის უნივერსიტეტის (სარდინია, იტალია) მოწვეული პროფესორი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს; ხოლო 2011 წლიდან არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FP7 ევროპული სამეცნიერო კვლევითი კონსორციუმის კოორდინატორი და ლუნდის ღეროვანი უჯერედების ცენტრის დირექტორი.

უცხოეთში მოღვაწეობის პარალელურად ზაალ კოკაიას კონტაქტი არ გაუწყვეტია საქართველოსთან. იგი რეგულარულად ჩამოდის  და კითხულობს მოხსენებებსა და ლექციებს ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მონაწილეობს სატელევიზიო გადაცემებში და სხვ.

ბატონი ზაზა ოც წელზე მეტია შვედეთში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა თავს ემიგრანტად არ თვლის. მისი აზრით, მეცნიერება უნივერსალურია და გეოგრაფიული საზღვრები არ აქვს. იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორია და დოქტორანტებს ორ საგანს უკითხავს: სწავლების თანამედროვე მეთოდებსა (Problem based learning) და სამეცნიერო წერას (Scientific writing).

მეცნიერია ზაზა კოკაიას ძმა - მერაბ კოკაიაც, ცნობილი ფიზიოლოგი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. იგი 1994 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს შვედეთში. არის ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტიის კვლევითი ლაბორატორიის გამგე, მრავალი მნიშვნელოვანი შრომის ავტორი.

წყარო:

1. mastsavlebeli.ge/?p=2576 

2. ჭითანავა, ეკა. სასწაულებრივი უჯრედები / ეკა ჭითანავა // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. -  N79. - გვ.48-55. - ისტორია


Share: