The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მთაწმინდელი

Date of birth:1009
Date of death:29 June, 1065  (at 56 years)
Burial location:ატონის მთა, საბერძნეთი
Category:Religious leader, Saint

Biography

გიორგი მთაწმინდელი 1009 წელს დაიბადა თრიალეთში ღთვისმოშიში ქრისტიანების იაკობისა და მარიამის ოჯახში. ჰყავდა და–ძმა თეკლა და თევდორე. იზრდებოდა სამცხეში. მშობლები მას სამონასტრო სამსახურისთვის ამზდებდნენ, ამიტომ 1016 წელს, შვიდი წლის გიორგი ტაძრისის დედათა მონასტერში მიიყვანეს, სადაც იზრდებოდა მისი და.

 1919 წელს გიორგი ხახულის მონასტერში გადავიდა, სადაც იმ დროს მისი ბიძები (მამის ძმები) გიორგი მწერალი და საბა მოღვაწეობდნენ. გასაწვრთნელად ბიძებმა იგი ილარიონ თუალელს მიაბარეს. მცირე ხანში გიორგიმ უდიდესი ნიჭი, უნარი და შრომისმოყვარეობა გამოავლინა. საოცარი მეხსიერების პატრონი პირდაპირ ისრუტავდა ყველაფერს რასაც ასწავლიდნენ – ენებს (ბერძნული, სომხური, არაბული), ფილოსოფიურ თუ საღთვისმეტყველო წერილებს, ძველ და ახალ „აღთქმებს“, სჯულის კანონებს, საგალობლებსა და ა. შ. მალე გიორგის უფროსი ბიძა, გიორგი დაბა ტვარწატაფს (იმიერ-ტაო) თავის სახლში მასწავლებლად მიიწვია ქართველმა დიდებულმა ფერსო ჯოჯიკის ძემ, რომელსაც ცოლად ჰყავდა გიორგი I-ის და. ბიძამ თან წაიყვანა პატარა გიორგიც. ცოტა ხანში ფერსოს ბიზანტიის კეისარმა ვიღაცის დასმენით, ბრალი დასდო მის წინააღმდეგ შეთქმულებაში და სიკვდილით დასაჯა,ხოლო მისი ოჯახი 1022 კონსტანტინოპოლში გადაასახლა. ტყვეთა შორის მოხვდნენ ორივე გიორგი – ბიძა და ძმისწული. კონსტანტინოპოლში გიორგი სასწავლებლად მიაბარეს „კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა“. იგი 12 წელიწადს სწავლობდა და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა. 1034 წელს იმპერატორის ნებართვით ფერსოს ქვრივი თავისი ამალით სამშობლოში დაბრუნდა.  გიორგი ხახულის მონასტერში თავის მეორე ბიძასთან საბასთან წავიდა და ილარიონ თუალელის მიერ ბერად აღიკვეცა.

1036 წელს გიორგი შავ მთაზე გადავიდა სვიმეონ საკვირველმოქმედის მონასტერში და ქართველ ბერს გიორგი შეყენებულს დაემოწაფა. გიორგი შეყენებულს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი  ნიჭიერება, ბერძნული ენის ზედმიწევნით ცოდნა და თავისთან დაიტოვა.

1039 წელს გიორგი მოძღვრის ნებართვით იერუსალიმს გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად  და ისევ შავ მთაზე დაბრუნდა. მოძღვარმა მას წინადადება მისცა ხელი მიეყო წიგნების თარგმნისთვის. გიორგი მივიდა ივერიის მონასტერში, სადაც იმ დროს გაჩაღებული იყო დიდი ლიტერატურული მუშაობა. 1040 წელს მთაწმინდის ქართველებმა ის დიდი სიხარულით და პატივისცემით მიიღეს. ორი წლის განმავლობაში გიორგი უკანასკნელი მოსამსახურისა და მორჩილის საქმეს ასრულებდა მონასტერში საკუთარი სურვილით. შემდეგ კი თანახმად თავისი მოძღვრისა და ათონელთა სურვილისა, მღვდობის ხარისხი მიიღო, 1042 წელს არჩეულ იქნა დეკანოზად და წიგნების თარგმნას შეუდგა. მალე გიორგი მთაწმინდელმა განასრულა „ცხოვრებაი ნეტარისა მამის ჩვენისა იოანესი და ექვთიმესი და უწყება ღირსისა მის მოქალაქეობისა მათისაი“. ბერძნულიდან თარგმნა ეკლესიის საფუძველი – სვინაქსარი, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ამას შემდეგი თხზულებები მოჰყვა – „სახრება გამოკრებილი საწელიწადოი“, „პავლე გამოკრებილი საწელიწადოი“, „დიდნი კურთხევანი“, „დაბადება“, „პავლე სრული“, „კათოლიკენი წმიდათა მოციქულთანი“.

1044 წელს გიორგი მისი სურვილის წინააღმდეგ ათონზე წინამძღვრად აირჩიეს და ისიც ენერგიულად შეუდგა წინამძღვრის რთულ და საპატიო მისიას.  თუ არ წერდა, მიწას ხნავდა და თესავდა, თიბავდა, მკიდა, აშენებდა, დიდ დროს უთმობდა მოწაფეთა აღზრდას. მალე მან ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში დიდი სამარტვილე  ლარნაკი აღაშენა და იქ გადაასვენა ექვთიმესა და მისი მამის, იოანეს ნაშთები, ისევე როგორც არსენ ნინოწმინდელისა და იოანე გრძელიძისა.

გიორგი მთაწმინდელა ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინე მონომახს დახმარება სთხოვა  – სამშენებლო მასალა (ტყვია) მთავარი ლავრის შესაკეთებლად, რაც იმპერატორმა სიხარულით შეუსრულა.

ბაგრატ IV კონსტანტინეპოლში ვიზიტის დროს, როდესაც ქართველ მეფეეს თან ახლდნენ დედა - მარიამი და ქალიშვილი - მართა, გიორგი მთაწმინდელმა მეფე ინახულა. მეფე და მწერალი ერთად მიიწვია სტუმრად იმპერატორმა, კონსტანტინე მონომახმა და ათონის სავნეს ახალი წყალობა უბოძა. ათონის მთას შესაწირი შესწირა ბაგრატ IV დედამაც. მეფემ გიორგის საქართველოში ჩასვლა და ჭყონდიდის ეპისკოპოსობა შესთავაზამ, რაც გიორგიმ იუარა.

ბეგრატ IV-ის სამშობლოში გამგზავრების შემდეგ გიორგი კონსტანტინოპოლიდან ათონს გაემგზავრა, წინამძღვრობიდან გადადგა და კვლავ გიორგი შეყენებულთან მივიდა, მაგრამ მოძღვარმა შეძლო მისი დაყოლიება და კვლავ დაითანხმა ათონის ქართველთა სავანის წინამძღვრობაზე.  სულ მალე გიორგი მთაწმინდელი ბაგრატ  IV–ს დედის, მარიამ დედოფლის ნაცვლად იერუსალიმის მოსალოცად და მოწყალების დასარიგებლად  გაემგზავრა და იმ პერიოდში მშენებარე ჯვრის მონასტერს შესწირა დედოფლის მიერ გატანებული განძის დიდი ნაწილი. იერუსლიმიდან დაბრუნებული კვლავ შავ მთაზე გაემგზავრა საღმრთო წიგნთა სათარგმნელად და საწერად.

ბაგრატ IV–ემ კვლავ მიიპატიჟა გიორგი მთაწმინდელი საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. მაგრამ ამ დროისთვის საქართველოში სიტუაცია აირია და გიორგი მთაწმინდელმა მხოლოდ 1060 წელს მოახერხრა ქართლში გადასულიყო. საქართველოში იგი ხუთ წელს დარჩა, სანამ დავალებული საქმე – ეკლესიის მართვა–გამგებლობა და შინაური ცხოვრების რეორგანიზაცია არ დაამთავრა.  1065 წელს, მეფის ნებართვით, უკან ათონის მთაზე გაბრუდა და თან წაიყვანა 80 უდედმამო ბავშვი აღსაზრდელად და მონასტერში ქართველ ბერთა და მოღვაწეთა რიცხვის გასაძლიერებლად. კონსტანტინოპოლში მისული გიორგი მთაწმინდელი 1065 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალეს ათონის მთაზე.

გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება აღწერა მისმა მოწაფემ გიორგი მცირემ.

წყარო:

1. შუბითიძე, ვაჟა. გიორგი მთაწმინდელი // ყველა დროის 100 უდიდესი ქართველი / ვ. შუბითიძე. - თბ., 2011. - გვ.48-55.

2.  გიორგი მთაწმინდელი (1009-1065) // ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები. - თბ., 2010. - გვ.21-23.

3. წნიდა გიორგი მთაწმინდელი //წმიდა პეტრე იბერი და მისი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო . – თბ., 2016 . – გვ. 155-158.


Share: