The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მეჰმედ ფაშა გურჯი

Date of birth:1536
Date of death:13 July, 1626  (at 90 years)
Category:Politician

Biography

გურჯი მეჰმედ ფაშა წარმოშობით პირველი ქართველია, რომელიც ოსმალეთის დიდი ვეზირი  – კაიმაკამი გახდა. იგი ბავშვობაში დაატყვევეს და ოსმალეთში მონად გაყიდეს. სემიზ ალი–ფაშას კარზე მოხვედრილი მალევე დაწინაურდა. სულეიმან I-ის (1520-1566) მეფობის ბოლო წლებში, როდესაც დიდი ვეზირი სემიზ ალი ფაშა გახდა (1561-1565 წწ.), მან თავისი საჭურისი მონა, გურჯი მეჰმედი სულთნის სასახლეში მიიყვანა, სადაც იგი სხვადასხვა სამსახურს ასრულებდა. შემდეგ სულთნის სასახლის თეთრკანიან საჭურისთა უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა სულთნის სასახლის გამგებლობა და ამასთან დაკავშირებული საქმეების სულთნისთვის მოხსენება, აუდიენციაზე სულთანთან უცხო სახელმწიფოების ელჩებისა და წარმომადგენლების წარდგენა, სახელმწიფოში მოგზაურობის დროს ფადიშაჰებისა და უფლისწულის თანხლება და სხვა.

იმ დროს, როდესაც გურჯი მეჰმედი სულთანის სასახლეში მსახურობდა, ოსმალების მიერ დატყვევებული ქართლის მეფე სიმონ I სტამბულში იედიკულის ციხეში გამოკეტეს (1600). სიმონ I-ის ვაჟის გიორგი X-ის მიერ სტამბულში მამის გამოსახსნელად გაგზავნილი დელეგაციის წევრები გურჯი მეჰმედ ფაშას დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს, საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ 1603 წელს ირანმა ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო და სიმონ მეფის ტყვეობიდან განთავისუფლება ჩაიშალა, რადგან ქართლ–კახეთის მეფეები ირანის მოკავშირეებად გამოდიოდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ ომში.

1603 წელს ოსმალეთის ტახტზე ავიდა აჰმედ I (1603-1617 წწ.). მის დროს განსაკუთრებით სწაფად დაწინაურდა გურჯი მეჰმედი. 1604 წლის 4 იანვარს იგი ჰასოდაბაშად (სულთნის სასახლის მსახურთა უფროსი, რომელსაც ემორჩილებოდა სასახლის მთელი მომსახურე პერსონალი და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა სულთანთან) დაინიშნა. 1604 წლის აგვისტო–სექტემბერში სულთნის უავგუსტოესი დივანის მესამე ვეზირის წოდება მიენიჭა, 1604 წლის 22 სექტემბერს ეგვიპტის ვალად დაინიშნა. გურჯი მეჰმედი ეგვიპტეში ჩავიდა, თავისი წინამორბედი ეგვიპტის  ვალი, აჯანყებული ჰაჯი იბრაჰიმ ფაშა დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა. ეგვიპტეში წესრიგი დაამყარა და ხაზინის საქმეები მოაგვარა. 1605 წლის მაის–ივნისში ეგვიპტის ვალის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და სტამბოლში დააბრუნეს. 1606 წლის 25 მაისს მეჰმედ ფაშა გახდა რუმილიის ვალი. იმავე წელს ბოსნიის ბეგლარბეგად დანიშნეს და ბელგრადისა და დუნაისპირეთის სანახების დაცვა დაავალეს, შემდეგ კი დამასკოს ვალის თანამდებობა ეკავა.

1609 წლის 11 მაისს, როდესაც დიდმა ვეზირმა მურად ფაშამ სტამბოლი დატოვა და ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ გაემგზავრა, გურჯი მეჰმედ ფაშას პირველად დაევალა დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება. მურად ფაშას სიკვდილის შემდეგ (1611 წ.) დიდ ვეზირად ნასუჰ ფაშა დაინიშნა და მისი ლაშქრობიდან სტამბოლში დაბრუნებამდე დიდი ვეზირის მოვალეობას კვლავ გურჯი მეჰმედი ასრულებდა. 1612-1613 წწ. ერზრუმის ვალის თანამდებობა მიიღო, შემდეგ კუბეშანი გახდა, მესამე ვეზირობა ებოძა და დედაქალაქში იმყოფებოდა. 1615 წლი 22 მაისს, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა სტამბოლი დატოვა და ირანის წინააღმდეგ გაემგზავრა სალაშქროდ. დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება კი კვლავ მეჰმედ ფაშას დაევალა. პოლონეთში ლაშქრობისას იგი თან ახლდა ოსმან II და სულთნის ხაზინის საქმეებს განაგებდა.

მუსტაფა I–ის სულთნობის დროს 1622 წლის 21 სექტემბერს გურჯი მეჰმედ ფაშა დიდვეზირად დანიშნეს და ეს თანამდებობა 1623 წ. 5 თებერვლამდე ეკავა. ამ თანამდებობაზე მოღვაწეობა მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა, თუმცა მან მშვენივრად იცოდა სახელმწიფო საქმეების წარმოება. დიდ ვეზირად ყოფნისას მან შეძლო ქვეყანაში არსებული კრიზისისა და არეულობის დაძლევა, რაც საწინდარი იყო ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის. ცენტრალური ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოშლილი იყო, ღამღამობით ქურდობები და მკვლელობები ხდებოდა. გურჯი მეჰმედ ფაშამ ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, თანამდებობის პირები და ულემები შეკრიბა და ზომები მიიღო. სწორედ გურჯი მეჰმედის დროს გამოიძიეს ოსმან II-ის მკვლელობა. გაირკვა, რომ მუსტაფა I-ს არ გაუცია ბრძანება ოსმან II-ის მოკვლის შესახებ. ეს ჩაიდინა იენიჩართა ასეულმა დაუდ ფაშას მითითებით. ასეული დაშალეს და აღარ აღუდგენიათ, ხოლო დაუდ ფაშა 1623 წლის 5 იანვარს სიკვდილით დასაჯეს.

გურჯი მეჰმედ ფაშამ მიიღო ზომები ფულის კურსის განმტკიცებისათვის. მაგრამ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში შეუძლებელი იყო რაიმე წარმატების მიღწევა.

გურჯი მეჰმედ ფაშამ გადადგა ნაბიჯები დონისა და ზაპოროჟიელი კაზაკების თავდასხმების ასალაგმავად. მეჰმედ ფაშას მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ხალხის მდგომარეობის გაუჯობესებას. სასახლის დიდმოხელეების ერთ ნაწილს და იენიჩარებს არ მოსწონდათ გურჯი მეჰმედ ფაშას მოღვაწეობა, რომლის საქმიანობაც მიმართული იყო ქვეყანაში წესრიგის დამყარებისა და სახელმწიფოს განმტკიცებისათვის. მათი მოთხოვნით იგი გადააყენეს დიდი ვეზირის თანამდებობიდან და კუნძულ როდოსზე გადაასახლეს. თუმცა მუსტაფა I-ის ტახტიდან გადაყენების და მურად IV–ის გამეფების შემდეგ (1623 წ. 10 სექტემბერი) გურჯი მეჰმედ ფაშა სტამბოლში დააბრუნეს და მეორე ვეზირად დანიშნეს. 1624 წლის აპრილის დამდეგს მეჰმედ ფაშას მესამედ დაევალა დიდი ვეზირის მოვალეობის შესრულება და ეს თანამდებობა სიკვდილამდე 1626 წლის 13 ივლისამდე ეკავა.

გურჯი მეჰმედ ფაშას მოღვაწეობა არ მოსწონდათ რეაქციულ ძლაებს, განსაკუთრებით იენიჩარებს. რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებული ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებით. იენიჩარები აჯანყდნენ და მოითხოვეს გურჯი ფაშას სიკვდილით დასჯა და განახორციელეს კიდეც 1626 წლის 13 ივლისს. მეჰმედ ფაშას სიკვდილის შესახებ ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით იგი სიკვდილით დასაჯეს იენიაჩარებმა იმის გამო, რომ მან დახმარება არ აღმოუჩინა ბაღდადის წინააღმდეგ მიმავალ ოსმალეთის ლაშქარს. თუმცა ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია და უფრო სანდო უნდა იყოს ვენეციის კონსულის (ბაილოს) ცნობა. მისი გადმოცემით, იენიჩარებმს, ხელთ ჩაუვარდათ საბუთი, რომლის მიხედვითაც გურჯი მეჰმედ ფაშა აპირებდა იენიჩარების უფლებების შეზღუდვას, ამის გამო იენიჩარები შეიკრიბნენ მეჰმედ ფადიშის მეჩეთის წინ და მურად IV-ს მოსთხოვეს გურჯი მეჰმედ ფაშას სიკვდილით დასჯა. სულთანი მერყეობდა, არ მუნდოდა 90 წლის მოხუცი ვეზირის სიკვდილით დასჯა, მაგრამ იენიჩარებმა თავისი გაიტანეს.

ოსმალური და ევროპული წყაროები ერთხმად აღიარებენ, რომ გურჯი მეჰმედ ფაშა იყო ჭკვიანი, ღირსეული, ერთგული და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი. იგი მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე იცავდა სახელმწიფოს ინტერესებს და იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისატვის.

წყარო:

1. სვანიძე, მიხეილ. გურჯი მეჰმედ ფაშა : (1536-1626) / მიხეილ სვანიძე // ახლო აღმოსავლეთი და საქართველო = The Near east and Georgia. - თბილისი, 2013. - [ტ.]VII. - გვ.174-181.

2. მეჰმედ ფაშა გურჯი : 1536-1626 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.214-215.

3. ქუთათელაძე, ზურაბ. გურჯი მეჰმედ ფაშა (გარდ. 1626) : დიდვეზირი ოსმალეთის სულთნის კარზე // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.122


Share: