The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თეა ხელაშვილი

თეა ხელაშვილი
Date of birth:5 June, 1967  (57 years)
Category:Painter

Biography

თეა ხელაშვილი დაიბადა თბილისში, 1967 წლის 5 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და, პარალელურად, მეორადი ფაკულტეტი ფერწერის განხრით.

მხატვრობა და ზოგადად, ხელოვნება ყოველთვის იყო მისი სულიერი ნავსაყუდელი. ბავშვობიდან ხატავდა, სისტემატურად მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. 1997 წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 
1998 წელს თეა ხელაშვილი საბერძნეთში გაემგზავრა. ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გაიარა პროგრამა „ბერძნული ენა და კულტურა“. თეა თვლის, რომ მისი საბერძნეთში მოხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი, თუმცა სრულიად სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა. ბერძნული მითოლოგია, ისტორია და კულტურა ყოველთვის აინტერესებდა, ბავშვობიდან იზიდავდა კრეტის მინოსური ცივილიზაცია და მისი თვითმყოფადი ხელოვნება, თითქოს უხილავ კავშირს გრძნობდა  ამ უცხო ქვეყანასთან.

ათენის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თეამ უპრობლემოდ შეისწავლა ენა, მოიარა ქვეყანა, გაეცნო ანტიკური კულტურის ძეგლებსა და თანამედროვე  ხელოვნების სტრუქტურას. ისე მოხდა, რომ საბერძნეთში ახალი ჩასული იყო, როცა მუშაობა დაიწყო ერთ–ერთ გალერეაში მხატვრად. რვათვიანი სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, რადგან ვიზა ერთწლიანი ჰქონდა, გადაწყვიტა დარჩენილიყო და გაეგრძელებინა შემოქმედებითი ცხოვრება.

გალერეა აკროპოლისთან ახლოს, ტურისტებით სავსე უბანში იყო განთავსებული. გალერეის მეპატრონე საკმაოდ სუსტი მხატვარი, მაგრამ კარგი ბიზნესმენი აღმოჩნდა. თეა ერთი წლის მანძილზე მისი სახელით ხატავდა სხვადასხვა ზომის ფერწერულ ტილოებს. მეპატრონე ხელს აწერდა და ყიდდა. თეასთვის ეს მექანიკური სამუშაო იყო, ხატავდა დამკვეთის მიერ შერჩეული სტილითა და წინასწარ განსაზღვრული ფერებით, მაგრამ ამ კომპრომისზე წასვლამ საშუალება მისცა უცხო ქვეყანაში ფეხზე დამდგარიყო, ელემენტარულად, საღებავების ფული ჰქონოდა და საკუთარი ნამუშევრები შეექმნა.

თეა ხელაშვილი ძირითადად, ფერწერაში მუშაობს, ცდილობს ტილოზე გადაიტანოს ნაფიქრი და განცდილი. მაძიებელი ბუნება აქვს, სიახლეებისკენ მიილტვის. „ყოველთვის მაინტერესებდა ახალი მასალის ცდა, მხატვრობაში ხომ შესაძლებლობები ამოუწურავია... ძალიან მიყვარს გრაფიკა, ასევე ქსოვილზე მუშაობა ბატიკის ტექნიკით. მიმუშავია გობელენშიც და მინანქარზეც... საბერძნეთში ვცადე პირველად კარიკატურების კეთებაც, სხვათა შორის, კარგად გამომივიდა და ესეც საინტერესო გამოცდილება იყო“, – ამბობს თეა. 
გარკვეული რაოდენობის ნამუშევრების დაგროვების შემდეგ თეა ხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე თემატურ გამოფენაში. ყველა გამოფენიდან რამდენიმე ნახატი ყოველთვის ეყიდებოდა. მისი შემოქმედებით გალერისტებიც დაინტერესდნენ და კერძო კოლექციონერებიც. ეს იყო ძიების, საკუთარი თავის პოვნის, სამყაროს შეცნობისა და სულიერი განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. თანამშრომლობდა რამდენიმე საინტერესო გალერეასთან, სისტემატიურად მონაწილეობდ გამოფენებში, როგორც ბერძენ და უცხოელ, ასევე ქართველ მხატვრებთან ერთად. ძირითადად საბერძნეთში მოღვაწეობდა, მაგრამ თანამშრომლობდა, ასევე, საქართველოს, გერმანიის, იტალიისა და ჰოლანდიის გალერეებთან. „უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ უამრავი რამ შემიძლია, მაქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები, არასოდეს ვარ მარტო და როცა შინაგანად გახსნილი ხარ, სიკეთისა თუ სიყვარულის გზას ადგახარ, მთელი სამყარო მომართულია შენს დასახმარებლად“, აღნიშნავს ქართველი მხატვარი.

წყარო:

1. https://www.versia.ge/.../4584-„მუდმივად-მაძიებელი“-ქართველი-მხატვრის-ბე... 

2. radio1.ge/ge/videos/view/174365.html

 


Share: