The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი

ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
Legal name:ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი
Date of birth:1726
Date of death:1791  (at 65 years)
Category:Royalty, Military Person

Biography

1724 წელს ქართლის სამეფოში შექმნილი უძიმესი სამხედრო–პოლიტიკური ვითარების გამო,  გვირგვინოსანი მამა შვილი ვახტანგ VI და ბაქარ I იძულებულნი გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ და ცოლ–შვილისა და მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით რუსეთში გადახვეწილიყვენენ. ხსნებულ მეფეთა და მათი ძმების შთამომავლები რუსეთში თავად გრუზინსკის გვარს ატარებდნენ.

რუსეთში ჩასვლის შემდეგ, ბაქარი იმპერიის სამსახურში ჩადგა და თავდადებული სამსახურის სანაცვლოდ არტილერიის გენერალ–პორუჩიკი და უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი გახდა. ბაქარს ცოლად ჰყავდა არაგვის ერისთავის გიორგის ასული ანა. მათ 5 შვილი შეეძინათ ორი ვაჟი: ალექსანდრე (1726-1791), ლევანი (1728-1763) და სამი ასული: ელისაბედი (?-1768), მარიამი (?-1807) და კიდევ ერთი ასული, რომლის სახელიც უცნობია.

1750 წლის 1 თებერვალს ქართლის მეფედყოფილი ბაქარი რუსეთში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მან საზეიმო ფიცი დაადებინა უფროს ვაჟს და მემკვიდრეს – ალექსანდრეს, რომ მამაპაპისეულ სამეფო ტახტს დაიბრუნებდა. ამ ფიცის  მიმართ ერთგულებამ უფლისწულის ცხოვრებაში საბედისწერო როლი შეასრულა.

ალექსანდრე ბაქარის ძე გვარდიის ოფიცერი იყო და  ბაგრატიონთა სამეფო დინასტიიდან ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ცოლად რუსი  თავადის ქალი დარია მენშიკოვა მოიყავანა. დარია გენერალ ალექსანდრე ალექსანდრე მენშიკოვის ასული და იმპერატორ პეტრრე I–ის უახლოესი მეგობრის, გენერალსიმუსისა და სენატორის ალექსანდრე დანიელის ძე მენშიკოვის შვილიშვილი გახლდათ. უფლისწულ ალექსანდრე ბაქარის ძე დიდი პატივისცემით სარგებლობდა რუსეთის არისტოკრატიის უმაღლეს ფენებში. თედო ჟორდანიას ცნობით, ალექსანდრე ბატონიშვილი „იყო დიდებისა და პატივის მოყვარე, უმეგობრდებოდა რუსეთში გავლენის მქონე პირებს და პეტრე III–ის მეფობაში თვითონაც მოიპოვა გავლენა სასახლეში. დაუახლოვდა და დაუმეგობრდა კიდეც თვითონ პეტრე III-ს; მასთან დადიოდა, დროს ატარებდა და სიკვდილის დრომდე არ ტოვებდა  მას... ხასიათით იყო მეტად ჩქარი და მოუსვენარი, სამსახურში ითვლებოდა იზმაილის პოლკის გვარდიაში და 1762 წელს ჰქონდა კაპიტნის ჩინი და კარგი ჯამაგირი, გარდა მამისაგან დარჩენილი დიდ–ძალის უძრავის ქონებისა. რეშტის (1732 წ.) და განჯის (1735 წ.) ტრაქტატებით, რომელიც რუსის მთავრობამ შეჰკრა სპარსეთთან, ვახტანგი და მისი შთამომავლობა ითვლებოდა ნამდვილ მემკვიდრედ ქართლის ტახტისა“.

ასე, რომ,რუსეთის მმართველი ელიტის მიერ დაფასებული უფლისწული ალექსანდრე თავს ქართლის სამეფო ტახტის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ თვლითა, რისი ლეგიტიმური საფუძველიც გააჩნდა. მამის გარდაცვალების დღიდანვე იგი ფარულად ემზადებოდა საქართველოში წამოსასვლელად, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. როგორც ჩანს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება ტახტისმაძიებელ უფლისწულს სამშობლოში დაბრუნების ნებას გარკვეულ დრომდე არ აძლევდა.

1765 წელს უფლისწული ალექსანდრე მოზდოკში ჩავიდა, მაგრამ საქართველოში ვერ შემოაღწია. როგორც ჩანს, უფლისწულის ბიძის – პაატა ვახტანგის ძე ბაგრატიონის შეთქმულების ჩახშობისა და მის მონაწილეთა დასჯის გამო, ახალი შეთქმულების მოსაწყობად ქართლ–კახეთში არახელსაყრელი  ვითარება სუფევდა.

უფლისწული ალექსანდრე თავს სხვადასხვა ქვეყანაში აფარებდა და ისე აწყობდა ერეკლე II –ის წინააღმდეგ გალაშქრების გეგმებს. ჯერ სპარსეთის მბრძანებელ ქერიმ–ხან ზენდთან იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მმართველებთან ჩავიდა. ალექსანდრე ბებია (მამის დედა) რუსუდან დედოფალი – ყაბარდოს მთავრის ასული იყო. აქედან გამომდინარე ალექსანდრე ქართლის ტახტის დაბრუნებისათვის ბრძოლაში ჩრდილოკავკასიეთა გამოყენებასაც გეგმავდა.

ალექსანდრე ბაქარის ძეს ერთხანს აქტიურად მფარველობდა იმერეთის მეფე სოლომონ I, რომელსაც აშფოთებდა ქართლ–კახეთის მეფის დაახლოება ოსმალეთის სულთანთან. სოლომონ I-ის გარშემო თავი მოიყარეს ერეკლეს მმართველობით უკმაყოფილო ფეოდალებმაა, რომლებიც ალექსანდრე ბაქარის ძის გარშემო დაირაზმნენ. 1779 წელს, როდესაც ერეკლე II გაილაშქრა ერევანზე, ალექსანდრემ ქართლის თავადაზნაურობას აჯანყებისაკენ მოუწოდა, ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ერეკლემ გადამჭრელ ზომებს მიმართა. მის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლის მცდელობა ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდა.  საქართველოდან დევნილმა ალექსანდრე ბაქარის ძემ თავი დერბენტის მფლობელს – ფათ–ალი–ხან იბნ ჰუსეინს შეაფარა. მათ ერეკლეს წინააღმდეგ დიდი ჯარიც მოაგროვეს.

შექმნილ ვითარებაში ერეკლე II–ის წინაშე ქართლის დაკარგვის საშიშროება დადგა, ამიტომაც ქართლ–კახეთის მეფემ რუსეთის მფარველობაში შესვლის წინაპირობად მოითხოვა, რომ საიმპერატორო კარს ხელი აეღო მისი მთვარი მეტოქის – ალექსანდრე ბაქარის ძის მხარდაჭერაზე. მფარველობითი ტრაქტატის დადებამდე, ერეკლე II-ის თხოვნის შესაბამისად, საიპერიო მთავრობამ დერბენტის ხანს მოსთხოვა ქართლ–კახეთში გასალაშქრებლად შეგროვილი ჯარის დათხოვნა და მასთან მყოფი ქართლის სამეფო ტახტის პრედენდენტის გადაცემა. მდიდრული ძღვენით მოსყიდულმა ფათ–ალი–ხანმა ალექსანდრე აიძულა, დაბრუნებულიყო რუსეთში, სადაც ის გზაშივე დააპატიმრეს.

ალექსანდრე ბაქარის ძე სმოლენსკში გადაადახლეს, სადაც შინაპატიმრობაში მყოფს მიმოწერაც კი აუკრძალეს. მასთან მუდმივად იმყოფებოდა მთავრობისგან ყარაულად მიჩენილი ოფიცერი, რომელიც უფლისწულს თვალ–ყურს ადევნებდა. იმედგაცრუებული ალექსანდრე, რომლის მრავალწლიანი მცდელობაც ქართლის სამეფო ტახტის დასაუფლებლად უშედეგოდ დასრულდა, 65 წლის ასაკში სმოლენსკშივე გარდაიცვალა.

უფლისწულ ალექსანდრეს და დარია მენშიკოვას 5 შვილი შეეძინათ, 3 ვაჟი: გიორგი (1762-1852), ალექსანდრე (1763-1823), იოანე (ბავშვობაში გარდაიცვალა) და 2 ასული – ანა (1760-1842) და დარია (?-1796). ისინი თავად გრუზინსკის გვარს ატარებდნენ.

ალექსანდრე ბაქარის ძის უმცროსი ვაჟი ალექსანდრე უმემკვიდრეოდ გადეგო. უფროს ძეს – გიორგის ცოლად ჰყავდა ვარვარა პეტრეს ასული ბახმატიევა. მათ ჰყავდათ ვაჟი – იოანე, რომელიც ბავშვობაშივე გარდაიცვალა და ასული – ანა (1798-1889). მათ გარდა გიორგის კიდევ ჰყავდა ორი ვაჟი მხევალთაგან, რომელთაც მემკვიდრეობა არ დარჩენიათ, მათი დაბადების და გარდაცვალების თარიღები უცნობია.

ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონის შთამომავლობა პირდაპირი ანუ მამაკაცთა ხაზით შეწყდა 1852 წელს, როდესაც გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი – გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსი.

წყარო:

1. ჯავახიშვილი, დავითი. უფლისწულ ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონის წინაპრები და პირდაპირი შთამომავლები / დავით ჯავახიშვილი //ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები .- თბილისი, 2014.  - [ტ.] 2(15). - გვ.11-18.

2. ხელთუფლიშვილი, მიხეილ. საქართველოს შესვლა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში // საქართველო–რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში. წ. 2. – თბ., – 2016. – გვ. 537-538.

3. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ბაქარის_ძე


Share: