The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თემურ აფაქიძე

თემურ აფაქიძე
Date of birth:4 March, 1954
Date of death:17 July, 2001  (at 47 years)
Burial location:ტროეკუროვოს სასაფლაო, მოსკოვი, რუსეთი
Category:Aviator, Military Person

Biography

თემურ ავთანდილის ძე აფაქიძე დაიბადა 1954 ლის 4 მარტს, თბილისში. ერთი წლისა იყო როცა დედასთან ერთად საცხოვრებლად ლენინგრადში (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) გადავიდა, იქ იზრდებოდა და სწავლობდა რვა კლასის დამთავრებამდე. დაამთავრა სამი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი: ნახიმოვის სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი, 1986 წელს – ა. ა. გრეჩკოს სახელობის სამხედრო–საზღვაო აკადემია, ხოლო, 2000 წელს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. მსახურობდა საზღვაო ავიაციაში. 1980-იან წლებში იგი საბჭოთა კავშირის საუკეთესო საზღვაო მფრინავად ითვლებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს პოლკოვნიკი თემურ აფაქიძე ყირიმში (უკრაინა), საკის სამხედრო-საჰაერო ბაზაში ტაქტიკური მომზადების ცენტრს ხელმძღვანელობდა.

თემურ აფაქიძემ 1991 წლის 26 სექტემბერს, რუსეთის საზღვაო მფრინავებიდან პირველმა, განახორციელა მძიმე ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვის“ გემბანზე ავიაგამანადგურებელ „სუ-27“-ის დაშვება. 1992 წელს გადაყვანილ იქნა ჩრდილოეთ ფლოტზე „სევერომორსკ“–3–ის სამხედრო აეროდრომზე და დაინიშნა საავიაციო პოლკის საჰაერო–საცეცხლე და ტაქტიკური მომზადების უფროსად – ჩრდილოეთის ფლოტის სამხედრო–საჰაერო ძალების სახომალდო საავიაციო დივიზიის შერეული ჯგუფის უფროს მფრინავად.

2000 წლიდან გენერალ–მაიორი აფაქიძე გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ავიაციის სარდლის მოადგილედ. სამი ათასი საათი ჰქონდა ნაფრენი თვითმფრინავების 13 სახეობაზე. აფაქიძის ანგარიშზეა 300 დაჯდომა კრეისერის გემბანზე შავსა და ხმელთაშუა ზღვებზე, ატლანტიკასა და ჩრდილოეთში. იგი შედიოდა იმ პილოტების ხუთეულში, რომლებიც დაეუფლნენ „პუგაჩოვის კობრას“ და „კოლოკოლს“. მან რუსეთის „ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის“  მფრინავებიდან ერთ-ერთმა პირველმა მიიღო რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება (1995, 17 აგვისტო).

თემურ აფაქიძე დაიღუპა 2001 წლის 17 ივლისს, ფსკოვის მახლობლად, სამხედრო–საზღვაო ავიაციის 85–ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო საჩვენებელი ფრენების დროს. მფრინავმა შეასრულა უმაღლესი პილოტაჟის ყველა ფიგურა და ასაფრენ ზოლს უახლოვდებოდა დასაჯდომად, როდესაც მისმა თვითმფრინავმა დაიწყო რყევა. გვიანდელი რეტროსპექტული მონაცემებით, მან არ განახორციელა კატაპულტირება და  ბოლომდე იბრძოდა თვითმფრინავის გადასარჩენად. სახელმწიფო მისიის დასკვნა მეომრულად მკაცრი და ლაკონიური იყო: აფაქიძე დაიღუპა ფსიქოფიზიკური გადატვირთვის შედეგად.

რუსეთის ეროვნულ გმირს სიკვდილისშემდგომი პატივი არ მოჰკლებია – ავიაგამანადგურებელ „Cy–33“–ის დაცემის ადგილზე დაიდგა სამახსოვრო მემორიალი და აშენდა სამრეკლო; მურმანსკის ოლქის ქ. სევერომორსკში, საფონოვის მოედანზე, დაიდგა თემურ აფაქიძის ბიუსტი.

დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/.../Апакидзе,_Тимур_Автандил...

2. www.peoples.ru/military/aviation/timur_apakidze/

3. iverioni.com.ge/8354-vin-iyo-themur-afaqidze-da-ratom-moindomes-rusebma-misi-u... 

4. გოგიტიძე, მამუკა. ტიმურ ავთანდილის ძე აფაქიძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 170–171.

5. ქუთათელაძე, ზურაბ. თემურ აფაქიძე (1954-2001) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.28-29.

6. სვანიძე, დეა. თემურ აფაქიძე - ავიაციის გენერალ-მაიორი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2013. - აპრილი. 


Share: