შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მარიამ კანდელაკი
ბიოგრაფიამარიამ კანდელაკი ბერლინში, „ჰანფილმში“, ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობს. იგი საერთაშორისო პროექტების მონაწილე და არაერთი ანიმაციური ფილმის ავტორია. დაიბადა 1969 წლის 23 ნოემბერს თბილისში. კინემატოგრაფს ბავშვობიდანვე დაუმეგობრდა. მისი ბაბუა ერთ–ერთი პირველი ქართველი დოკუმენტალისტი გახლდათ. მამა, მსახიობი და რეჟისორი გელა კანდელაკი, 1981-1986 წწ. "ქართული ფილმის" მულტგაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, 1986 წლიდან კი კინოსტუდია "კვალის" და ხელის ჩრდილების თეატრ "ბუდრუგანას" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ასე რომ მარიამს, ჯერ კიდევ სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეს, შესაძლებლობა ჰქონდა ეხატა და მონაწილეობა მიეღო ანიმაციური ფილმების შექმნაში. 1988 წელს მარიამ კანდელაკმა დაამთავრა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი; 1994 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტი; შემდეგ სწავლა განაგრძო ლიუბეკის (გერმანია) ანიმაციის ტელევიზიის ბიზნეს სკოლაში (2001) და მონაწილეობა მიიღო ჰალეში (გერმანია) ჩატარებული ევროპული ანიმაციის მასტერკლასებში (2002). 1990–იან წლებში, როცა ომისა და გაჭირვების გამო შეუძლებელი იყო ფილმებზე მუშაობა, მარიამი და მისი მეგობრები ანიმაციურ რეკლამებზე მუშაობდნენ, შემდეგ თანდათან გაჩნდა ფილმებზე გადასვლის საშუალება. იგი დამდგმელი მხატვარია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა „გილოცავთ ახალ წელს“ (1995) და ქართულ–უნგრული მხატვრული ფილმისა „სულელი ბროწეულის ხე“ (1999). ამ წლებში შეიქმნა მისი მცირე ფორმატის ანიმაციური ფილმები: „სიზმარია?!“ (1999) და „წუთისოფელი“ (2001). 1908 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნიქოზელი ეპისკოპოსის მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის თაოსნობით სოფელ ნიქოზში დაარსდა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მოსწავლეები ანიმაციის ხელოვნებასაც ეუფლებიან. აქ ხელოვანები სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსულ ყმაწვილებს ხელოვნების ანაბანას. ხელოვნების სკოლის მუშაობის დროს დაიბადა ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის იდეა. ფესტივალზე არ ტარდება კონკურსი. აქ ხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და უცხოელ ანიმატორთა შორის. ავტორები თავად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და განაწყობენ მაყურებელს ფილმის აღსაქმელად. მარიამის შუამდგომლობით ნიქოზის ფესტივალი თანამშრომლობს „ანესის“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალთან. 1960 წელს დაარსებული „ანესის“ ფესტივალი (საფრანგეთი) ანიმაციაში იგივეა, რაც „კანის“ კინოფესტივალი კინოში. ამ თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდა ქართველი ანიმატორები – ანა ჩუბინიძე, სანდრო ქათამაშვილი, ტატო კოტეტიშვილი და სხვ. უკვე გავიდნენ ევროპულ ბაზარზე. მარიამ კანდელაკი ყოველწლიურად წარადგენს ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მსოფლიოს გამორჩეული ანიმაციური ფესტივალების ორგანიზატორების შეკრებაზე "Meet Festival Programers". მარიამ კანდელაკი მუშაობს, როგორც კომერციულ, ასევე ექსპერიმენტულ, შემოქმედებით ანიმაციაში. კომერციული ფილმები აბსოლუტურად კომპიუტერული პროდუქციაა, ეფექტებით დახუნძლული, შემოქმედებითი ანიმაცია კი კვლავ ხელით იხატება და კომპიუტერი შემდეგ ერთვება. ამ სტილისტიკაშია გაკეთებული მარიამის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ვეფხვი და მოყმე“ (2011). ამ ფილმზე მუშაობის პროცესში მისთვის ამოსავალი იყო ბალადის უშანგი ჩხეიძისეული ჩანაწერი, რომელიც ფილმს ხმად გასდევს. "ტოლერანტობა, თანაგრძნობა, სიყვარული, ჭეშმარიტი და არა ყალბი, რაც საზოგადოებისთვის თანდათან უცხო ხდება, ამ ქართულ ბალადაში მძაფრად და, ამავე დროს, პოეტურად არის განცდილი. ამაზე რიგი ინსტიტუციები მუშაობენ, ცდილობენ, ადამიანები ამ ფასეულობებისკენ მოაბრუნონ, დაანახონ, რა არის ადამიანი. გარდა ამისა, ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირადად არის აქტუალური დედაშვილობის თემა, რის გამოც ამ ფილმის იდეა გაჩნდა," - ამბობს მარიამ კანდელაკი. ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. მარიამი ფესტივალის ერთ–ერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია. ნიქოზში იმართება საუბრები ანიმაციასა და, ზოგადად, კინოხელოვნებაზე. ტარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის მზადდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურასა და საქართველოს ძეგლებს. 1916 წელს მარიამ კანდელაკი „ევროპის ანიმაციის ჯილდოს“ საორგანიზაციო კომიტეტმა (EAFA) აირჩია ელჩად საქართველოში. იგი ნიქოზის ფესტივალზე წარდგენილ ქართველ ავტორთა ფილმებს დააკვირდება. ამ ორგანიზაციაში 40 ქვეყანა შედის და თავის ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს ევროპის საუკეთესო ანიმაციურ ფილმებს. რაც შეეხება მარიამის ევროპულ კინოპროექტებს, იგი ხშირად პროდიუსერისა და კოორდინატორის როლშია ARTE და ZDF-ის კინოპროექტებში. როგორც პროდიუსერმა იმუშავა ანიმაციურ ფილმზე „ ვან გოგის უკანასკნელი წერილი“ (2012); რეჟისორ ანდრეას ფოგთთან ერთად – ქართულ-გერმანულ დოკუმენტურ ფილმზე "On the road, Nomaden Europa", რომელიც "არტეს" დაკვეთით გაკეთდა და მოგვითხრობს მათზე, ვინც სამშობლოს ტოვებს და სამუშაოს საძებნელად უცხო ქვეყნებში მიდის. ფილმს 5 პროტაგონისტი ჰყავს, მათ შორის, ქართველიც. ამჟამად, როგორც წარმოების მენეჯერი მუშაობს ანიმაციურ სერიალზე „შეჰერეზადა – ჯერ კიდევ უცნობი ამბები“. ფილმი 26 სერიისგან შედგება და მას სამი ქვეყანა იღებს - გერმანია, ინდოეთი და ავსტრალია. პარალელურად, რატი ნანეიშვილთან ერთად, მუშაობს ქართულ–ლიტვურ ანიმაციურ მხატვრულ ფილმზე „დომინიკასის ისტორია“. მარიამ კანდელაკს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი აქვს და ბეჯითად იღწვის მათი განხორციელებისთვის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს ქალიშვილი, ელისაბედი, რომელიც ნახევრად გერმანელია და ჯერ მხოლოდ 12 წლისაა. წყარო: 1. www.24saati.ge/weekend/story/20778-vefkhvisa-da-moymis-evropeli-mayureblisatvis 2. ჩეკურიშვილი, ბელა. "ვეფხვისა და მოყმის" ევროპელი მაყურებლისათვის // 24 საათი. - 2011. - 22 ოქტომბერი. - N2847 (239). - გვ.A6 3. www.geocinema.ge/ge/prod.php?kod5=250 4. https://rebraindrain.wordpress.com/მარიამ-კანდელაკი-ბიოგრაფ/ 5. www.radiotavisupleba.ge/a/animatsiis-akhali-talga/28261494.html 6. https://soundcloud.com/radio.../shokoladis-stumari-19-07-2016-mariam-kandelaki
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |