The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მეგრელი

გიორგი მეგრელი
Date of birth:1993  (31 years)
Category:Scientist

Biography

გიორგი მეგრელი 1993 წელს დაიბადა. სწავლობდა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. იგი გულწრფელი მადლიერების გრძნობით იხსენებს მასწავლებლებს, რომლებმაც შეაყვარეს ტექნიკური საგნები – კოტე კუპატაძეს, მათემატიკის მასწავლებელს, ლეილა ნარინდოშვილს, ფიზიკის მასწავლებელს და დამრიგებელს, სალომე პატარაშვილს.

სკოლის პარალელურად გიორგი დადიოდა IT ცენტრ „მზიურში", სადაც ეუფლებოდა პროგრამირებას პედაგოგ გურამ ქოთოლაშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ იყო ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ახალგაზრდა მაგისტრი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი რამ მისცა, მაგრამ დამოუკიდებელი მეცადინეობის გარეშე შორს ვერ წავიდოდა; „ძალიან გამიჭირდებოდა, პრაქტიკაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. დამოუკიდებლად გავარჩიე ის ტექნოლოგიები, რომელზეც ვმუშაობდი ან მაინტერესებდა. უნივერსიტეტმა კი მასწავლა თუ, როგორ მესწავლა და გამერჩია სიახლეები“.

2016 წელს, მაგისტრატურის დამთავრებიდან ძალიან მალე, გიორგი მეგრელმა კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა. მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში კომპანია Google ერთ-ერთი სასურველი და საოცნებო სამუშაო ადგილია. მასში მოსახვედრად გიორგიმ დიდი და რთული გზა გაიარა. თავად გვიმხელს, რომ მეგობრების გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს გახდებოდა: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემმა მეგობარმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემთან ერთად გადიოდა გასაუბრებას, გამიწია რეკომენდაცია, შემდეგ დამიკავშირდა რეკრუტერი და დაიწყო გასაუბრების პროცესი, რომელიც საკმაოდ სტრესული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ესტონეთში ვმუშაობდი და პარალელურად სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი. ვცდილობდი, რომ დღეში 2-3 საათი გასაუბრებისთვის მემეცადინა. გვერდით მედგა ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გაბისონია, რომელიც Google-ში მუშაობდა და უკვე ჰქონდა გავლილი ეს პროცესი“.

გიორგი გულახდილად მოგვითხრობს იმ გამოცდილების შესახებ,რომელიც მან დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობით და თსუ-ში, ჯერ ბაკალავრიატში, შემდეგ კი მაგისტრატურაში სწავლის დროს დააგროვა: „ტექნოლოგიების განვითარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკს რომ შეხედოთ, ნახავთ, რომ რაც მეტი დრო გადის, ტექნოლოგიები მით უფრო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ავყვეთ ამ ტემპს, თუ გვინდა რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ნახულობ, რომ შენს შექმნილ პროდუქტს ხალხი იყენებს და ბედნიერია; რა თქმა უნდა Google-ში მუშაობის დროს უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. მაგრამ პირველად როცა ეს გავაცნობიერე, „თეგეტა მოტორსში“ ვმუშაობდი. ჩემს ერთ-ერთ პროგრამას ხალხი წარმატებით იყენებდა, ვიცოდი რომ ძალიან დიდი საქმის კეთება შეუმსუბუქდათ, გამიხარდა და ალბათ ეს არის, რასაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი IT ინდ. მეწარმე თუ კომპანია უნდა ემსახურებოდეს –  შეუმსუბუქოს ადამიანებს ცხოვრება“.

Google-ს რეკრუტერთან რამდენიმე გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში გიორგი მეგრელმა კომპანიიდან დადებითი პასუხი მიიღო და დღეს Google-ს ლონდონის ოფისში მუშაობს. „თვითონ გასაუბრებების პროცესი იმდენად რთული არ იყო ჩემთვის, რამდენადაც სტრესული, რადგან ასეთ დიდ კომპანიასთან პირველად მქონდა გასაუბრება და არ ვიყავი გამოცდილი. მქონდა 8 ტექნიკური გასაუბრება, თითო დაახლოებით 45 წუთიანი. ისინი მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე ან google docs-ში პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს. ძალიან გამიხარდა და თავდაჯერებულობაც მომემატა. სტუდენტებს და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ. უნივერსიტეტში უდაოდ ბევრ რამეს ისწავლიან, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ძალიან რთულია“, – ამბობს გიორგი.

ლონდონში გიორგი მეგრელი ცხოვრობს მეუღლესთან, ანა ხულელიძესთან ერთად, რომლის თანადგომასაც ძალიან აფასებს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, კომპანია Google-ს შეცვლას არ აპირებს, უბრალოდ შესაძლოა რომელიმე სხვა ქვეყნის ოფისში გადავიდეს სამუშაოდ. 

მისი გამოცდილება ცხადყოფს, რომ თანამედროვე მსოფლიოში პროფესიონალთათვის საზღვრები არ არსებობს და 24 წლის ახალგაზრდისთვის, სწორი აკადემიური განათლებისა და თავდაუზოგავი შრომის საფუძველზე, თავად ისეთი კომპანიის კარიც კი ღიაა, როგორიც კომპანია Google-ია.

წყარო:

1. studinfo.edu.aris.ge/tag/გიორგი-მეგრელი/ 


Share: