The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე არჩილ II ძე ბაგრატიონი

ალექსანდრე არჩილ II ძე ბაგრატიონი
Date of birth:1674
Date of death:29 November, 1711  (at 37 years)
Burial location:დონის მონასტერი, მოსკოვი
Category:Writer, Military Person

Biography

1667 წელს კახეთის მეფემ არჩილ II ახალციხის ფაშასგან დაიხსნა თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ქეთევანი, ცოლად შეირთო და თბილისში დიდებული ქორწილი გადაიხადა. სამეფო წყვილს ოთხი შვილი შეეძინათ – დარეჯანი, ალექსანდრე, მამუკა და დავითი. ალექსანდრე 1674 წელს დაიბადა თბილისში. ბავშვები თელავის, სამუხრანბატონოსა და თბილისის სასახლეებში იზრდებოდნენ და საუკეთესო განათლება მიიღეს. 1683 წელს არჩილ II–მ რუსეთისაგან სამხედრო დახმარების მიღების იმედით თავისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და მამუკა, 69 კაციანი ამალით, მოსკოვში გაგზავნა. 1784 წლის 29 აგვისტოს ქართველ ბატონიშვილებს შესაბამისი პატივით დახვდნენ, საცხოვრებლად დიდვაჭარ დ. ნიკოლაევის სასახლე მიუჩინეს, დაუნიშნეს თარჯიმანი, დაცვა 15 მეთოფით, მეურვედ თავადი ვ. ვ. გოლიცინი და წამყვანი ადგილი მიუჩინეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების სათავადო არისტოკრატიას შორის. ალექსანდრე ბატონიშვილმა იმთავითვე მიიპყრო ახალგაზრდა პეტრე ალექსის ძის ყურადღება. ასაკით თითქმის ტოლები და ბუნებით ცნობისმოყვარე ახალგაზრდები მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. თანამოაზრეთა წრეში ქართველი ბატონიშვილი „ალექსანდრ გრუზინეცის“ ზედმეტსახელით იყო ცნობილი.

1685 წლის 9 დეკემბერს არჩილ II მეთაურობით ქართველთა 162 კაციანი ამალა ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში. 1686 წლის ნოემბერში ალექსანდრე დაქორწინდა თავადის ასულ ფეოდოსია მილოსლავსაკიაზე. ქორწინებიდან მოკლე ხანში არჩილ II სამშობლოში გაემგზავრა იმერეთის ტახტის დასაბრუნებლად. ამ პერიოდში გარდაიცვალა ალექსანდრეს მეუღლე ფეოდოსია, რომელსაც მემკვიდრე არ დარჩა. საქართველოში სიტუაციის შეცვლის გამო 1690 წლის სექტემბერში ალექსანდრე კვლავ რუსეთში დაბრუნდა. მისთვის პეტრე I უკვე ჰქონდა მოფიქრებული სამხედრო მოღვაწეობის ასპარეზი: იმ დროის რუსეთში ძალზე ჩამორჩენილი სფერო – არტილერია.

1691 წელს პეტრე I ეყოლა ვაჟიშვილები: ალექსი და ალექსანდრე, ხოლო 1693 წელს ალექსანდრე ბაგრატიონს ქორწინების გარეშე ეყოლა ქალიშვილი - სოფია. პეტრემ ალექსანდრეს წლიურად 4000 რუბლი დაუნიშნა და ვ. გოლიცინის სასახლე გადასცა ოხოტნი რიადში. ამ დროისათვის ალექსანდრე მეორედ დაქორწინდა. მეფისწულის რჩეული იყო ელიზბარ (ილია) რომანის ძე დავითაშვილის ქალიშვილი მარიამი (გლიკერია) ბაგრატიონ–დავითაშვილი.

ალექსანდრემ 1697 წელს პეტრესთან ერთად იმოგზაურა ევროპაში: კენინგსბერგსა და ჰააგაში. ქართველი ბატონიშვილი დიდი მონდომებით დაეწაფა საარტილერიო საქმეს – პეტრე I–თან ერთად თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკულ ჩვევებსაც იღებდა – ნავსაშენში მუშაობის დროს რუსეთის მეფე და ქართველი ბატონიშვილი არც ჩაცმულობითა და არც საქმიანობით არ გამოირჩეოდნენ ადგილობრივი მუშებისაგან, პეტრე I აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ბატონიშვილმა შეისწავლა კატარღის მართვა. გაიცნო და გადმოიღო საფლოტო ტერმინები და ხელი მიჰყო საჭირო წიგნების რუსული ენიდან ქართულად თარგმნას.

თავისუფალ დროს უფლისწული დადიოდა ქართულ სამოსში, რომელსაც იგი, როგორც  ჰოლანდიელები აღნიშნავდნენ, „აღმოსავლური ბრწყინვალებით ატარებდა“. ალექსანდრემ ჰოლანდიაში გაიცნო ჰოლანდიელი მეცნიერი, ამსტერდამის ბურგომისტრი, კორნელ ვიტცენი. მან შემდგომში დიდი დახმარება გაუწია ქართული წიგნის ბეჭდვით დაინტერესებულ არჩილ მეფეს. 1699 წელს ალექსანდრე მოსკოვში დაბრუნდა. 1700 წელს პეტრე I-მა მას მიანიჭა გენერალ–ფელდციხმაისტერის წოდება და რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა. ალექსანდრე ბატონიშვილი შეუდგა რუსეთის არმიის რეორგანიზაციას. 1700 წელს შვედებთან ბრძოლისას ნარვასთან ალექსანდრე ტყვედ ჩავარდა. შვედეთის მეფე კარლოს XII-მ გამარჯვების აღსანიშნავად სტოკჰოლმში ტრიუმფალური მსვლელობა მოაწყო. ტყვეთა მწკრივის თავში, პოლონელი ელჩის, გენერალ–მაიორ დანგეს გვერდით, ალექსანდრე ბატონიშვილი მიაბიჯებდა. კარლოს XII-ის საქციელით აღშფოთებულმა პეტრე I-მა გამოაყვანინა ტყვე შვედები და შვედეთის ელჩის მეთაურობით მოსკოვის ქუჩები შემოარბენინა. სტოკჰოლმში ალექსანდრე სტრინდალის სასახლეში დააბინავეს, მასთან ერთად იყო მისი რვა თანმხლები ქართველიც. ტყვეობაში მყოფ ალექსანდრეს პეტრე I-მა წოდება და ნახევარი ხელფასი შეუნარჩუნა. პეტრე ითხოვდა მის დაბრუნებას და მზად იყო, მისი წონა ფული გადაეხადა, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ათი წლის შემდეგ, 1711 წელს დათახმდნენ შვედები ბატონიშვილის და ტრუბეცკოის გრაფ პიპერზე გაცვლაზე. ალექსანდრე სტოკჰოლმიდან წამოიყვანეს, მაგრამ გზაში დაავადდა და 1711 წლის 3 თებერვალს რიგაში გარდაიცვალა. 1711 წლის 29 ნოემბერს მოსკოვში გადაასვენეს და დონის მონასტერში დაკრძალეს.

ალექსანდრე ბატონიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც – რუსულიდან ქართულად თარგმნა „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“.

წყარო:

1. აბესაძე, მერაბ. პეტრე პირველის ძმათნაფიცი ალექსანდრე ბაგრატიონი // ქართული ტიპოგრაფია / მ. აბესაძე. - თბ., 2011. - გვ.3-27.

2. ქუთათელაძე, ზურაბ. ალექსანდრე არჩილის-ძე (1674-1711) : რუსეთის პირველი გენერალ-ფელდციხმაისტერი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.13-14.

3. ბაგრატიონი ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.30-31.


Share: