შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რაჟდენ არსენიძე
ბიოგრაფიარაჟდენ მათეს ძე არსენიძე დაიბადა 1880 წლის 1 ოქტომბერს სოფელ სოჩხეთში (ქუთაისის მაზრა, ახლანდელი ტყიბულის რაიონი). მამა სასულიერო პირი, დიაკონი ჰყავდა და შვილს პირველი ქართველი წამებულის, რაჟდენ პირველწამებულის სახელი დაარქვა. სწავლობდა ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იურიევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება. თავისი პოლიტიკური მრწამსით იგი იყო სოციალ-დემოკრატი, იბრძოდა რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში ჭაბუკობიდანვე ჩაება (პარტიული ზედმეტი სახელი – მიშა). რსდმპ II ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. ხშირად გამოდიოდა მიტინგებზე მგზნებარე რევოლუციური მოწოდებებით, ეწეოდა არალეგალურ საქმიანობას, წერდა პოლიტიკურ წერილებსა და პროკლამაციებს, რისთვისაც გადასახლებული იყო ციმბირში. პარტიის დავალებით ერთხანს მეოთხე დუმის სოციალ–დემოკრატიულ ფრაქციაში მუშაობდა პეტროგრადში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს მოაშურა. მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შედგენაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი და საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1919 წელს - დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი. თანამედროვეთა ერთსულოვანი მოწმობით, რაჟდენ არსენიძის თაოსნობითაა შედგენილი „საქართველოს კონსტიტუცია“, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო 1921 წლის თებერვალში. საქართველოს მთავრობის წევრს, ნოე ცინცაძეს თუ დავესესხებით, – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციას რ. არსენიძის კულტურისა და ცოდნის ბეჭედი აზის“ ( „ჩვენი დროშა“, პარიზი, 1965, N43, გვ. 6). რაჟდენ არსენიძე ახალგაზრდობიდანვე აქტიურ სამწერლო–პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. თანამშრომლობდა გაზეთებში „ივერია“, „კვალი“, აგრეთვე, სოციალ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ–გაზეთებში, რომლებიც მთავრობის განკარგულებით ხშირად იხურებოდა: „სხივი“, „ლამპარი“, „მერცხალი“. „ჩვენი დროება“, „განთიადი“ და ბევრი სხვა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რაჟდენ არსენიძე იძულებული გახდა ემიგრაციაში გახიზნულიყო. თავდაპირველად სტამბოლში დასახლდა, რომ სამშობლოსთან ახლოს ყოფილიყო და მისი განთავისუფლებისთვის ებრძოლა. ამ მიზნით გაწევრიანდა ეროვნულ მთავრობასთან დაარსებულ „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა. ამასთან, რედაქტორობდა სტამბოლში გამომავალ მის პერიოდულ ორგანოს – „თავისუფალ საქართველოს“. სულ გამოვიდა ამ ჟურნალის 27 ნომერი 1921 წლის 15 მაისიდან 1922 წლის 15 ოქტომბრამდე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რაჟდენ არსენიძის „თავისუფალი საქართველო“ მიუკერძოებელი ისტორიული ქრონიკაა იმ პერიოდის საქართველოში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიისა. 1930–იან წლებში პარიზში მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა ჟურნალი „სოციალისტური აზრი“. 1952 წელს, როცა მიუნხენში დაარსდა ანტისაბჭოური რადიო „თავისუფლება“, ბატონი რაჟდენი უყოყმანოდ დაინიშნა ქართული რედაქციის პირველ დირექტორად. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტები და 10 წლის მანძილზე უკვე რადიოს საშუალებით იბრძოდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სივრციდან სამშობლოს გამოსახსნელად. ვიქტორ ნოზაძე მას ასე ახასიათებს: „რაჟდენმა ძალიან კარგად იცოდა ქართული ლიტერატურა და ბევრ ლექსს ზეპირად იტყოდა ხოლმე. იგი იყო ქართული კულტურის დიდი მოყვარული; ესმოდა იგი კარგად და არ გაუშვებდა ისეთ წიგნს, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, რომ იგი არ წაეკითხა... იგი იყო ფართო დიაპაზონის კაცი! თავისი პარტიული ამხანაგების უმრავლესობისაგან გამოირჩეოდა ფართო განათლებით, გონების ჰორიზონტით და საქართველოს წარსულის კარგი ცოდნით“ („კავკასიონი“, პარიზი, 1967, XII, გვ. 139,141). რაჟდენ არსენიძე რამდენიმე საყურადღებო ნაშრომის ავტორია. 1917 წელს, თბილისში, გამოიცა მისი „დემოკრატიული რესპუბლიკა“. ეს არის მრავალმხრივ საინტერესო გამოკვლევა, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და ისტორიული თვალსაზრისით. ფაქტობრივად, მასში აისახა ქართველი სოციალ–დემოკრატების პროგრამული შეხედულებები სახელმწიფო მოწყობისა და მართვა–გამგეობის საკითხებთან დაკავშირებით. ავტორი არ მალავს თავის უარყოფით შეხედულებებს მმართველობის ამერიკული მოდელისადმი, არ მოსწონს და არადემოკრატიულად მიიჩნევს ორპალატიან პარლამენტს, ცდილობს თავისებურად შეაფასოს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და საკითხი. იგი ცალსახად ევროპულ, კერძოდ, შვეიცარიულ მმართველობას ანიჭებს უპირატესობას, როგორც უშუალო დემოკრატიის გამოვლინების საუკეთესო ნიმუშს. შეიძლება ითქვას, რომ „დემოკრატიული რესპუბლიკა“ მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული სამართლებრივი ლიტერატურის გამორჩეული ნაშრომია. ალბათ სწორედ ამიტომ, 2014 წელს ეს წიგნი მეორედ გამოიცა დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ, ქართული სამართლის კლასიკის სერიით. რაჟდენ არსენიძე არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ პოლიტიკურ–ჟურნალისტური მოღვაწეობით და მეცნიერულ მუშაობასაც მისდევდა. კერძოდ, იგი ავტორია ნაშრომისა: „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა" (პარიზი, 1963). 1962 წელს რაჟდენ არსენიძე მიუნხენიდან დაბრუნდა და ლევილის შატოში დასახლდა. ავადმყოფობის მიუხედავად კვლავაც ხალისით მონაწილეობდა, როგორც პარტიულ, ისე საზოგადო ქართულ საქმიანობაში. გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს. დაკრძალულია ლევილში. თავის უკანასკნელ წერილში მას ანდერძი დაუტოვებია: „ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ იარაღი არ დაგვიყრია, ბრძოლა არ შეგვიწყვეტია, იგი გრძელდება და არ წყდება, სანამ ქართველი ხალხი არ მოიპოვებს თავისუფლებას, სანამ არ გახდება სრული გამგე და პატრონი თავის მომავლის!“... წყარო: 1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. – თბ., 2005. – გვ. 348–355. 2. არსენიძე რაჟდენ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.21-23. https://ka.wikipedia.org/wiki/რაჟდენ_არსენიძე 3. www.justice.gov.ge/Page/index?code=945518a1-5b30-4146-8851..
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |