The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით შარაშიძე

დავით შარაშიძე
Date of birth:1886
Date of death:5 November, 1935  (at 49 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician, Journalist

Biography

სოციალ–დემოკრატი დავით შარაშიძე დაიბადა 1886 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. შარაშიძის გვარი სოფელში ცნობილი იყო, როგორც განათლებითა და ცოდნით გამორჩეული. მშობლები, გიგო შარაშიძე და ნინო ქიქოძე, სახალხო პედაგოგები იყვნენ. ასწავლიდნენ ბახვის სკოლაში, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს აუგია (ნინო ქიქოძე გაბრიელ ეპისკოპოსის ძმისწული გახლდათ). მათი ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი, დავითი,   თავდაპირველად სოფლის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისში და ბოლოს ოდესის რეალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1905 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდეგ დააპატიმრეს. რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ დატოვებდა რუსეთის იმპერიის საზღვრებს. გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო უმაღლესი განათლება. სამშობლოში დაბრუნებულს კვლავ არ მისცეს აქ ცხოვრების  უფლება და იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო. მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დავით შარაშიძე დაარსების დღიდან რედაქტორობდა სოციალ–დემოკრატთა რუსულ ენაზე გამომავალ გაზეთ „ბორბას“. 1919 წელს აირჩიეს  დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. 1925 წლამდე სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ კი საფრანგეთში დასახლდა და იქ გააგრძელა პოლიტიკური და ჟურნალისტური მოღვაწეობა.

დავით შარაშიძე  იყო სოციალ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალების „ბრძოლის“ და „ბრძოლის ხმის“  რედაქტორი, ასევე, პარიზში გამომავალი ინტერპარტიული ორგანოს „დამოუკიდებელი საქართველოს“ თანარედაქტორი. მისი პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა საზღვარგარეთულ ჟურნალ–გაზეთებში. მას ეკუთვნის ანრი ბარბიუსის საპასუხოდ ფრანგულ ენაზე გამოქვეყნებული მოზრდილი ნაშრომი სათაურით „საბჭოები და საქართველო“, რომელსაც თან ახლავს კ. კაუცკის ვრცელი წინასიტყვაობა.

დავით შარაშიძეს ჰყავდა ფრანგი მეუღლე, ელენე. მათი ვაჟი გიორგი (გოგი) შარაშიძე ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი გახდა და პარიზის უნივერსიტეტში ასწავლიდა. დავითის უფროსი ძმა, შალვა შარაშიძე ცნობილი პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო (წერდა „თაგუნას“ ფსევდონიმით). მათი და, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე ასევე ცნობილი მეცნიერი–ისტორიკოსი გახლდათ. 1919 წელს იგი საქართველოს დამფუძნებელ კრების წევრად იქნა არჩეული სოციალ–დემოკრატიული პარტიიდან.

დავით შარაშიძე 1935 წლის 5 ნოემბერს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ჟურნალი "ბრძოლა" // ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია : ტ. 1. / გ. შარაძე. - თბ., 2001. - გვ.291-359.


Share: