The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ჯორჯაძე

დიმიტრი ჯორჯაძე
Date of birth:26 October, 1898
Date of death:1985  (at 86 years)
Burial location:მენტონის სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Businessmen, Athlete

Biography

დიმიტრი ჯორჯაძე 1898 წ. 26 ოქტომბერს დაიბადა სიღნაღში ტიტულარული მრჩევლის, ქველმოქმედისა და კავკასიის კავალერიის პოლკის ოფიცრის ალექსანდრე ჯორჯაძისა და დომენიკა ნაუმენკოს ოჯახში. სწავლობდა ვლადიკავკაზში იუნკერთა სასწავლებელში. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიმიტრი ჯორჯაძე თვითნებურად წამოვიდა სასწავლებლიდან და მოხალისედ შეუერთდა საქართველოს მუსლიმანურ კავალერიას ბათუმის დასაცავ ბრძოლაში. იყო ბათუმის ადმინისტრაციის წევრი. საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ, იმ იმედით რომ უკან მალევე დაბრუნდებოდა ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ – იტალიაში, სადაც იტალიელ მრბოლელ ზანირატს დაუმეგობრდა. სწორედ ზანირატისგან ისწავლა ავტომობილის მართვა და ამ პერიოდშივე შეიძინა თავისი პირველი ავტომობილი იტალიური "Lancia".

იტალიიდან დიმიტრი ჯორჯაძე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და კერძო ტაქსოპარკი შეიძინა, სადაც მძღოლებად ქართველები დაასაქმა, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებიც. პარალელურად ის ავტოსპორტით იყო დაკავებული და საბოლოოდ პროფესიონალ ავტომრბოლელად ჩამოყალიბდა. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო გზატკეცილის რბოლები, რომელიც ბელგიის საკურორტო ქალაქ სპას შემოგარენში ტარდებოდა და აღნიშნული ავტოდრომი ყველაზე სწრაფ ტრასად ითვლებოდა. 1931 წელს დიმიტრი ჯორჯაძემ სპა ფრანორშანზე 24 საათიან რბოლაში მერსედეს ბენც SSK გრან–პრი მოიგო. 1580.7 მილი საათში 65.8 მილი სიჩქარით დაფარა. რბოლისას მას პარტნიორობას იტალიელი გოფრედო ზეენდერი უწევდა. რუსული პრესა დიმიტრი ჯორჯაძეს ხშირად მოიხსენიებდა რუს ემიგრანტად, ზოგიერთი წყარო კი რუმინელ გრაფად მიიჩნევდა. ავტოსპორტში მას ხშირად მოიხსენიბდნენ როგორც "კაცს ავაზის ტყავში".

საზოგადოებაში დიმიტრი ჯორჯაძეს ფლეიბოის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და თვითონაც აღიარებდა, რომ ძალიან უყვარდა ქალები... ...და ოცნებობდა, მისი შვილების დედა ქართველი ყოფილიყო, მაგრამ ეს ოცნება ვერ აისრულა...

1937 წელს დიმიტრი ჯორჯაძე დაქორწინდა ოდრი ემერზე. ოდრი უძრავი ქონების მულტიმილიონერ ჯონ ჯოსი ემერის ქალიშვილი და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II შვილიშვილის დიდი თავადის დიმიტრი პავლეს ძე რომანოვის ყოფილი მეუღლე იყო. ქართველმა თავადმა აღზარდა ოდრი ემერისა და დიმიტრი რომანოვის ვაჟი – პავლე.

ოდრისთან განქორწინების შემდეგ, დიმიტრი ჯორჯაძემ 1954 წ. ცოლად მოიყვანა მოდელი და მსახიობი სილვია ეშლი. სილვია ეშლისთვის ის მეხუთე ქმარი იყო, ლორდ ეშლი კუპერის, მსახიობ დუგლას ფაბიანსკის, გრაფ ედუარდ ჯონ სტენლისა და ასევე მსახიობ კლარკ გეიბლის შემდეგ. დიმიტრი ჯორჯაძის ორივე მეუღლეს პრინცესას სტატუსი მიენიჭა. 1977 წელს კიბოთი გარდაცვლილი სილვია ეშლის საფლავის ქვას ჰოლივუდში შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს – პრინცესა სილვია ეშლი.

1940 წ. შტატებში, სამხრეთ კაროლინაში დიმიტრი ჯორჯაძემ ყველაზე ლამაზი და ისტორიული მნიშვნელობის პლანტაცია "Boone Hall" შეიძინა თავის ცხენსაშენთან ერთად. ჯორჯაძე ცნობილი იყო როგორც წმინდასისხლიანი ცხენების ბრწყინვალე სელექციონერი. მისი ცხენები რეგულარულად მონაწილეობდნენ დოღში. ყველაზე გამორჩეული იყო ცხენი "Princequillo", რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა ჩრ. ამერიკის ჩემპიონობა და ყველაზე სწრაფი ცხენის ტიტული. 1945 წელს ჯორჯაძეებმა პლანტაცია 120 ათას დოლარად გაყიდეს, ძვირადღირებული იახტა კი პრეზიდენტ ეიზენჰაუერს აჩუქეს.

დიმიტრი ჯორჯაძე აქტიურად იყო დაკავებული სასტუმროების ბიზნესში სერჟ ობოლენსკისთან ერთად. იყო ცნობილი სასტუმროს "Ambassador"-ის ადმინისტრატორი.

გადმოცემით, მხატვარმა ირაკლი თოიძემ "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრირებისას ტარიელის პორტრეტისათვის დიმიტრი ჯორჯაძე შეარჩია.

1985 წ. დიმიტრი ჯორჯაძე მონტე–კარლოში გარდაიცვალა. მონაკოდან გადაასვენეს და მენტონის სასაფლაოზე დაკრძალეს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკელმა მწერალმა ქალმა გეილ ელტონ მეიომ დიმიტრი ჯორჯაძის შესახებ წიგნი – "კაცი ვეფხვის ტყავში: თავად დიმიტრი ჯორჯაძის ცხოვრება" – დაწერა.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბდიმიტრი ჯორჯაძე (1898-1985) : მსოფლიო ავტორბოლის ჩემპიონი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.187. - სტატიას ახლავს ფოტო.

2. მახარაძე, ირაკლიდიმიტრი ჯორჯაძე : (1898-1985) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.52-57.

3. ჯორჯაძე დიმიტრი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.222. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.


Share: