The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ მუსხელიშვილი

მიხეილ მუსხელიშვილი
Other name:მიშელ მუსხელი  (Acronym)
Date of birth:8 July, 1903
Date of death:11 July, 1964  (at 61 years)
Burial location:სტრასბურგი, საფრანგეთი
Category:Lawyer, Scientist

Biography

იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტი, სპორტსმენი, მთამსვლელი, "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერი მიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი ოფთალმოლოგის ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში.

1921 წელს 18 წლის ასაკში მიხეილ მუსხელიშვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად მიემგზავრება. უმაღლეს განათლებას გეტინგენის, მიუნხენის, ლიონის, პარიზის სასწავლებლებში ეუფლება. 1932-1933 წლებში, უკვე მიშელ მუსხელად მონათლული, მოღვაწეობს პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში, 1935-1948 წლებში კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორია. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრას განაგებს. მიხეილ მუსხელიშვილი გახლდათ სტრასბურგის უნივერსიტეტის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ქვეყნების კვლევის ცენტრის (რომელსაც ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია) დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი.

1948-1951 წლებში მიხეილ მუსხელიშვილმა დაარსა საუნივერსიტეტშორისო ფედერაცია და იყო მისი პრეზიდენტი. 1954 წლიდან კი ორჯერ აირჩიეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად.

მიხეილ მუსხელიშვილი ერთ–ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო თავის დროს და ევროკაშირისა თუ ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მრავალი ნაშრომი უძღვნა ევროპულ ფედერალიზმსა და ფედერალისტურ მოძრაობას. საგულისხმოა, რომ მის უკანასკნელ მონოგრაფიას ერქვა "ფედერალური სტრუქტურები".

1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინადღეს, ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, ევროგაერთიანების მხურვალე ინიციატორის მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ–გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა. "ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს",_ უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს...

მიხეილ მუსხელიშვილი იტალიის ალპებში, აოსტას ხეობაში, მწვერვალ სევინის (3378 მ.) დაპყრობის შემდეგ დაშვებისას გადაიჩეხა. 61 წლის პროფესორის ტრაგიკულ აღასასრულს ფართო გამოხმაურება მოჰყოლია მთელს ევროპულ პრესაში, კერძოდ, ისეთ გავლენიან ფრანგულ გაზეთებში, როგორიც "მონდი" და "ფიგაროა". აი, ზოგიერთი ამონარიდი: " პირადი ვაჟკაცობა და შემართება, გასაოცარი ენთუზიაზმი, ინტელექტუალური სიმდიდრე შეადგენდა, ხასიათის სიძლიერესა და ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად, ამ შესანიშნავი პიროვნების თვისებებს", "უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია", "მიშელ მუსხელის დაკრძალვამ გვიჩვენა, თუ რა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა იგი კოლეგებსა და სტუდენტებში", "მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ნათელი ნიჭისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესორი, სულიერებით, კეთილშობილებით, გონიერებით გამორჩეული"...

მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორი რომაელი სტუდენტი ასულა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა აუფრიალბია. ...და ეს აქტი საყვარელი სტრასბუგელი პროფესორის ხსოვნისადმი მიუძღვნიათ...

მიხეილ მუსხელიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმისშვილია ისტორიკოსი , აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ასევე ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის ლევან მუსხელიშვილის ვაჟი.

წყარო:

1. მუსხელიშვილი მიხეილ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.143. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. შუბითიძე, ვაჟაევროინტეგრაციასა და ევროპოლოგიაში შეტანილი ქართული წვლილი // ევროპეიზაცია და ქართული პოლიტიკური აზროვნება (საქართველოს პოლიტიკური იდენტობა) = ვაჟა შუბითიძე. - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-20-296-4. - გვ.137-147.


Share: