The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რუსი მდივანი

რუსი მდივანი
Legal name:რუსუდან მდივანი
Other name:იზაბელ
Date of birth:1906
Date of death:1936  (at 30 years)
Category:Sculptor

Biography

რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ–მაიორის, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედ სობოლევსკას ქალიშვილი რუსუდანი 1906 წ. დაიბადა.

1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მდივნების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში.

რუსუდან მდივანი ნიჭიერი მოქანდაკე იყო. მეგობრობდა პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან - დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანსა და ქეთევან მაღალაშვილთან. შემორჩენილია ქართველ მხატვრებთან გადაღებული რუსუდანის ფოტო. რუსის შემოქმედებაზე მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუსტით შეიძლება მსჯელობა. ის მონუმენტალისტიკის სპეციალობაში ესპანელი მხატვრის ხოსე მარია სერტის მოსწავლე იყო. მალე საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.

ხოსე მარია სერტი პარიზში პიკასოს გამოჩენამდე პირველ მხატვრად ითვლებოდა და საფრანგეთში ერთ–ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალის, პიანისტ მიზია გოდებსკას მეუღლე გახლდათ. პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილი მიზია პიერ ოგიუსტ რენუარისა და ანრი დე ტულუზ–ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოკტოს გმირების პროტოტიპი, კოკო შანელის უახლოესი მეგობარი, პარიზულ ბომონდში მიღებული, პოპულარული ადამიანი იყო და ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა. ასეთი წყვილის მყუდროება დაარღვია რუსის გამოჩენამ.

მიზია გოდებსკა მოხიბლული იყო ქართულ–ევროპული სილამაზის მქონე რუსუდანით და ის თავის სამეგობროს წევრად აქცია. 53 წლის მიზიას, რომელსაც არცერთ ქმართან შვილი არ ჰყოლია, როგორც ჩანს რუსუდანის მიმართ დედობრივი გრძნობა გაუჩნდა. მათ ურთიერთობაში გარკვეული როლი ალბათ საერთო პოლონურმა ძირებმაც ითამაშა. სერტიც და მიზიაც აღმერთებდნენ რუსის.

1928 წ. 18 აგვისტოს ხოსე მარია სერტიმ და რუსუდან მდივანმა ჰააგაში ქორწილი გადაიხადეს. ქორწინების შემდეგაც მიზია სერტის ახლო მეგობრად და მისი ხელოვნების ყველაზე ზუსტ შემფასებლად დარჩა. რუსუდანისადმი სიყვარული კი ქმრისგან მიტოვებულმაც შეინარჩუნა – ეხმარებოდა საქორწინო სამზადისში და რუსისთვის კაბა კოკო შანელს აარჩევინა. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა საზოგადოებაში არაჯანსაღი მითქმა–მოთქმა გამოიწვია და საფუძვლად დაედო ჟან კოკტოს პიესას "წმინდა ურჩხულები".

ხოსე მარია სერტიმ მეუღლეს ესპანეთში კატალონიის პატარა საკურორტო ქალაქ პალამოსში დიდებული ვილა აუშენა. პალამოსის ვილა ევროპელი მხატვრების თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდა. ახალგაზრდა დიასახლისით ევროპის ყველაზე ცნობილი ესთეტები იხიბლებოდნენ, რუსი განსაკუთრებით სალვადორ დალის უყვარდა, რომელიც ხშირად აღნიშნავდა – ყველაზე ლამაზი მუზა ხოსე მარია სერტის ჰყავსო.

რუსუდან მდივნის ცხოვრებას ძმების – ალექსისა და სერგის გარდაცვალებამ მძიმე დაღი დაასვა. "რუსიმ ვერ გადაიტანა მწუხარება და ჩაიფერფლა ოთხი წლის შემდეგ... რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია ვთქვა, რომ რუსი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა "ლა ჰაიეს" მუზეუმში დაცულ ვერმეერის (იან ვერმეერი ჰოლანდიელი ფერმწერი. XVII ს.) ნორჩი ქალიშვილის პორტრეტს" – აღნიშნავდა სალვადორ დალი.

ძმების სიკვდილით შეძრული, ჭლექით დაავადებული რუსუდანი მიზიამ და კოკო შანელმა შვეიცარიაში წაიყვანეს სამკურნალოდ.

1938 წ. რუსი მდივანი შვეიცარიაში ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლიმდივნების ოჯახი // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.108-117.

2. დაუშვილი, რუსუდანქართველი ხელოვანი ქალები ემიგრაციაში / რუსუდან დაუშვილი // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველოლოგიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია : დოქტორანტების შრომები / საქ. საპატრიარქო; სტუ-ს თეოლოგიის სასწ.-სამეცნ. ცენტრი; საქ. საინჟინრო აკადემია. - თბილისი, 2011. - ISBN 978-9941-20-024-3. - გვ.156-159. - რეზიუმე ინგლისურ ენაზე.


Share: