ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
იობ ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი: | 18?? |
გარდაცვ. თარიღი: | 12 ნოემბერი, 1877 |
დაკრძალვის ადგილი: | სოფელ ზემო ალვანის ეკლესია, ახმეტის რაიონი |
კატეგორია: | საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი |
ბიოგრაფია
მღვდელი იობ პავლეს ძე ცისკარიშვილი დაახლოებით XIX საუკუნის ათიან წლებში დაიბადა. მისი პაპა დავითიც სასულიერო პირი ყოფილა. იობ ცისკარიშვილმა განათლება თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ წარჩინებით განაგრძო სწავლა პეტერბურგში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების საზოგადოებამ თიანეთის მაზრაში ბლაღოჩინის მოვალეობა დააკისრა. იგი დიდხანს ხელმძღვანელობდა სასულიერო საქმიანობას დუშეთის მაზრაში, რომელშიც შედიოდა ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის ეკლესიები სამრევლოებით. მისი თაოსნობით თიანეთის, ჟაბოტას, მატნის, მარელისის და ალვანის ეკლესიებთან ბავშვებისათვის წერა-კითხვის შემსწავლელი ჯგუფები გაიხსნა. მამა იობმა ალვანის სამების ეკლესიასთან ოროთახიან ფიცრულ შენობაში დაწყებით სასულიერო სკოლას ჩაუყარა საფუძველი. მამა იობს დიდი წვლილი მიუძღვის ქართველებსა და ვეინახებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებაში. 1851 წელს ჩეჩნეთში მაისტის თემსა და თუშებს შორის დამოკიდებულება გამწვავებულა, დაწყებულა სისხლის აღება. ორივე მხარეს მრავალი ადამიანი დაუკარგავს. მამა იობი თიანეთის მაზრის უფროსის დავალებით გაემგზავრა ჩეჩნეთში და მაისტის თემის უფროსებთან ერთად მოსისხლე მტრები შეარიგა. მამა იობის მოღვაწეობა საინგილოსაც უკავშირდება. XIX საუკუნის დასაწყისში ქართული მოსახლეობით სავსე ეს მხარე ნელ-ნელა გადადიოდა მუსულმანურ სარწმუნოებაზე და კარგავდა თავის მამა-პაპეულ ქრისტიანულ რწმენას. ამ მეტად მტკივნეული პროცესის შეჩერებას ყოველმხრივ ცდილობდნენ მოწინავე ქართველი მამულიშვილები. მამა იობს ამ დიდ ეროვნულ-ქრისტიანულ საქმეში თავისი წვლილი შეუტანია. ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში ვკითხულობთ: "1851 წელს 22 მარტს მღვდელმთავარი იობ ცისკარიშვილი მივლინებული იქნა ლეკების ხაზზე ინგილოთა მართლმადიდებლობაზე დასაბრუნებლად. მან შეძლო 1179 სულის კვლავ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე შემობრუნება." არც თუ ბევრისთვის იქნება ცნობილი ის ფაქტი, რომ მღვდელი იობ ცისკარიშვილი ვაჟა-ფშაველას ნათლია იყო. ამის შესახებ ვაჟას მეტრიკულ ამონაწერში წერია "…მშობლები სოფელ ჩარგლის მცხოვრებნი, ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე პავლე რაზიკაშვილი და მისი კანონიერი მეუღლე ბარბარე. ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. მიმრქმელი იყო თიანეთის მაზრის მღვდელთმთავარი და კავალერი იობ ცისკარიშვილი, ხოლო საიდუმლო ნათლისღებისა აღასრულა ჩარგლის სამწყსოს მღვდელმა იასე მგელაძემ, მედავითნე ვასილ წოწკოლაურთან ერთად" (დოკუმენტი გაცემულია 1877 წლის 17 სექტემბერს რუსულ ენაზე). მამა იობი იყო უაღრესად განათლებული და ნიჭიერი პიროვნება, რომელიც წარმატებით უთავსებდა ღვთისმსახურებასა და მეცნიერულ-შემოქმედებით საქმიანობას. იბერიულ-კავკასიურ ენათა მეცნიერულად შესწავლის საქმეში მამა იობის შრომა მარი ბროსეს სახელს უკავშირდება. ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ საქართველოში მოგზაურობის დროს (1847-1848) გაიცნო და საქმიანი კავშირი დაამყარა მღვდელ იობ ცისკარიშვილთან. ცნობილია, რომ ბროსემ ჯერ კახეთში იმოგზაურა. 1847 წელს იგი ქისტაურში რაფიელ ერისთავის ოჯახს ესტუმრა, აქედან გადავიდა ალვანში, სადაც რაფიელ ერისთავმა მას მღვდელი იობი გააცნო, რომელმაც თავისი განსწავლულობით დიდი შთაბეჭდილება დატოვა მეცნიერზე. მამა იობი ხალისით გამოხმაურებია მარი ბროსეს მოწოდებას - შეეგროვებინა მასალები და მიეწოდებინა მისთვის ცნობები თავისი ტომის ენის, ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და ხალხური სიტყვიერების შესახებ. მამა იობი, როგრც სასულიერო პირი, ერიდებოდა საერო საქმეებში აქტიურ ჩართვას. იგი თავის პირად წერილებში მარი ბროსეს თხოვდა საქართველოს ეგზარხოსის წინაშე უშუამდგომლოს, რათა ნება მიეცა თუშური კილოს გრამატიკაზე მუშაობის უფლება. მამა იობის დიდი შრომის ფასად შეიქმნა პირველი წოვა-თუშური ენის გრამატიკა, რომლის საფუძველზეც 1856 წელს ცნობილმა აკადემიკოსმა ა. შიფნერმა მონოგრაფია თუშური ენის გრამატიკული სტრუქტურის შესახებ გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა. ბერდო გოიშვილს, თავის ნაშრომში "მოგესალმებით თუშებო," საინტერესო დოკუმენტი აქვს მოხმობილი; მარი ბროსე 1849 წლის 15 ივნისს წაკითხულ მოხსენებაში მამა იობის შესახებ აღნიშნავს: "იობ ცისკარიშვილი მეტად საინტერესო მუშაობას ატარებს. მაქვს პატივი აკადემიას წარვუდგინო მღვდელი იობი ცისკაროვი, წარმოშობით თუში, რომელმაც შეადგინა წოვური ენის მოკლე გრამატიკა. აკადემიას არ შეუძლია არ თანაუგრძნოს კაცს, რომელიც მიისწრაფვის ასეთი საქებარი მიზნისაკენ და არ ისურვოს, რომ სასულიერო ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს მას მუშაობაში. ჩვენ გავიგეთ, რომ იობი ახლა უკვე იწოდება მღვდელმთავრად. ეს წოდება მას ხელს არ უნდა უშლიდეს, რომ გააგრძელოს თავისი ლიტერატურული მუშაობა. ჩვენი თვალსაზრისით მის მიერ წარმოდგენილ მასალას უთუოდ აქვს დიდი მეცნიერული ღირებულება". სოფელ ზემო ალვანის სამების ეკლესიის ისტორიაც მამა იობის სახელთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ დღეს ასაკოვანი თუშები თავიანთი მამა-პაპისგან გაგონილ ასეთ ამბავს ჰყვებიან: წოვათაში ყოფილა წმიდა სამების ნიში, ხატი. ბარში ჩამოსახლების შემდეგ, უფიქრიათ დროთა განმავლობაში თუშები ამ მთებში ვეღარ ივლიან, ვეღარ ამოსწვდებიანო და გადაწყვიტეს ამ ნიშის ბარში ჩამოტანა. თავისთავად ამ საქმეს ღვთისმსახური ითავებდა. მამა იობს სამების ნიშიდან საეკლესიო ნივთები, წიგნები, ჯვარი ხურჯინით წამოუბრძანებია. ჯვარი მთელი გზა ხურჯინიდან უვარდებოდა. ბოლოს თოკით დაუმაგრებია, მაგრამ ტბათანასთან ისე დაუკარგავს ვეღარ უპოვია. რამოდენიმე ხნის მანძილზე ამ ადგილას კაშკაშა ნათებას ხედავდნენ. ხალხს ამ სიწმინდის სასწაულებრივი გაუჩინარების ადგილას სალოცავი ნიში აუგია და მას მერე ეს ნათებაც გამქრალა. მამა იობს 1855 წელს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო შემდეგ 1869 წელს დიდი პაპის მოსახელე ერთადერთი ვაჟი დავითი. ერთიმეორეს მიყოლებულ მწუხარებას დიდი დაღი დაუსვავს მამა იობისთვის. შთამომავლებს გადმოცემით როგორც ახსოვთ, სიცოცხლის ბოლო წლებში იგი საზოგადოებრივ საქმიანობას ჩამოშორდა და ზემო ალვანში, თავის სახლში მარტო ცხოვრობდა. წოვათის სამების სახელობაზეა სოფელ ზემო ალვანში აგებული სამების ეკლესია. აქვეა დაკრძალული მამა იობი მეუღლითურთ: "საფლავსა შინა მდებარე ვარ ბლაღოჩინ მღვდელი იობი დავით მღვდლის შვილის ძე ცისკაროვი. მხილველნო გევედრებით თითო შენდობა მაღირსეთ. გარდავიცვალე ჩყოზ-სა წელსა (1877) გიორგობის თვისა იბ-სა (12)." იქვე გვერდით დევს ასევე თლილი ქვა წარწერით: "ლოდსა ამა ქუეშე მდებარეობს გვამი ბლაღოჩინის და კავალერის მღვდელის იოვ ცისკაროვის მეუღლის ელისაბედ გიორგის ასულისა აღსრულებულისა იდ (14) დღესა მარტისასა ჩყნე (1855) წელსა შობიდგან თვისისა კე (25) წლისა. წამკითხველთა ევედრების შესწირონ საუკუნო ნეტარებითი ცხოვრება." მამა იობის ერთადერთი ვაჟის საფლავის ქვაც აქვეა: "ამა ლოდსა ქვეშე განისვენებს იოვ ცისკაროვის ძე დავითი აღსრულებული 13 იანვარსა 1869 წ შობიდან 18 წლისა … მკითხველნო შემავედრეთ უფალსა ვაჲ მე". ( იობ ცისკარიშვილის დაზიანებული ფოტო აღადგინა ილია ჭრელაშვილმა).
წყარო: ალვანელები: tirine.wordpress.com
|