The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთრინ ვივიანი

ქეთრინ ვივიანი
დაბადების თარიღი:1917
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2010  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი ფრანგული ცივილიზაციის განხრით.

თავდაპირველად იგი ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლონდონში ბელგიის საელჩოში მუშაობდა. ომის შემდეგ გააგრძელა ფრანგული და ინგლისური ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესწავლა, თარგმნიდა ფრანგულიდან, წერდა ლექსებსა და პიესებს. მოგვიანებით ქართული ენის სემინარები გაიარა დევიდ მარშალ ლანგის ხელმძღვანელობით ლონდონის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკისა და აფრიკათმცოდნეობის ინსტიტუტში და სამოციანი წლების შუახანებიდან სიცოცხლის ბოლომდე დიდი რუდუნებითა და სიყვარულით ემსახურებოდა ქართველოლოგიის სფეროს. საქართველოში ქეთრინ ვივიანს უპირველესად იცნობენ როგორც "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელს.  ქეთრინ ვივიანი იგონებდა, რომ "ვეფხისტყაოსნით" და საზოგადოდ ქართული ლიტერატურით მორის ბაურას ნაშრომის "შთაგონება და პოეზია" გაცნობის შემდგომ დაინტერესდა: წაიკითხა პოემის მარჯორი უორდროპისეული თარგმანი, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქართული ენის შესწავლა და "ვეფხისტყაოსნის" თანამედროვე ინგლისური თარგმანის შესრულება. ქართული ენის შესწავლის შემდეგ, სამოციანი წლების მიწურულს, ქეთრინი შეუდგა პოემის თარგმნას. 1972 წელს, თარგმანზე მუშაობის პერიოდში იგი პირველად ეწვია საქართველოს – ჩამოვიდა თბილისში და თან ჩამოიტანა თარგმანის სამუშაო პირი. ჩამოვიდა, რათა დაეთვალიერებინა რუსთველის სამშობლო, გაეცნო ქართველი ხალხი და ქართველ მეცნიერთა დახმარებით ორიგინალთან შეეჯერებინა ინგლისური ტექსტი. ინგლისელი მთარგმნელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. საქართველოში პირველი სტუმრობის შესახებ ქეთრინ ვივიანი წერდა, რომ ამ მეტად საინტერესო ვიზიტმა მას გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა საქართველოსა და ქართველებზე. შემდგომმა ვიზიტებმა კი კარგად გააცნო საქართველოს წარსული და აწმყო, დააახლოვა და დაამეგობრა ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებთან. ქეთრინ ვივიანს მჭიდრო თანამშრომლობა და განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა ქართველოლოგიური სკოლის ცენტრთან ამ ცენტრის დაარსების პირველივე დღეებიდანვე, 1992 წლიდან. იგი იყო ცენტრის სამეცნიერო ორგანოს - ჟურნალ "ქართველოლოგის" ჭეშმარიტი დამფასებელი, შემფასებელი და მისი საინტერესო ავტორი. აქვე დაწყებული ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების ინგლისური თარგმანის რედაქტორი ("შუშანიკის წამება", ჯუმბერ ჩოლობარგიას თარგმანი, თბ. 2006.). 1994 წლის დეკემბერში ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის მიერ ძალზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური მოღვაწეობისათვის ქეთრინ ვივიანს მიენიჭა მარჯორი უორდროპის პრემია.  მოგვიანებით, ამავე ცენტრის წარდგინებით იგი თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად იქნა არჩეული. ქეთრინ ვივიანის მერ შესრულებული თარგმანები: Shota Rustaveli, The Knight in Panther Skin, A Free Translation in Prose, London, 1977; Sulkhan-Saba Orbeliani, A Book of Wisdom and Lies, London, 1982; The Georgian Chronicle, the Period of Giorgi Lasha, Amsterdam, 1991; Kalistrate Salia, A History of the Georgian Nation, 1983. ქართველოლოგი.

წყარო: ჟურნალი "ქართველოლოგი": kartvelologi.tsu.ge; ჩვენ და ვეფხისტყაოსანი: rustvelli.yolasite.com


გააზიარე: