The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ჩერქეზიშვილი

ეკატერინე ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1946  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ინგლისური ქართველოლოგიის განვითარების ერთ-ერთი მონაწილე. დაამთავრა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, სადაც დაეუფლა უცხო ენებს. 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ძირითადად უცხოური ლიტერატურის დამუშავებაზე. 1922 წელს გაემგზავრა ინგლისში საბიბლიოთეკო საქმის შესასწავლად. ლონდონში ცხოვრობდა ვ. ჩერქეზიშვილთან ("ვაზიანი"), რომელიც იყო მ. და ო. უორდროპების ქართული ენის მასწავლებელი. მისი წარდგინებით ო. უორდროპმა ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული უორდროპთა წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციის აღწერა და კატალოგის შედგენა მას მიანდო. მის მიერ შედგენილი, მანქანაზე გადაბეჭდილი 550-გვერდიანი კატალოგის ორი ტომი სამ ეგზემპლარად ყოფილა წარმოდგენილი. ეს კატალოგი უორდროპთა ვრცელი ფონდის ერთ-ერთი გზამკვლევი იყო დიდხანს, ხოლო ზოგიერთი პირველხარისხოვანი ცნობის გამო დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას. ეკატერინე ჩერქეზიშვილმა ქართული გამოცემებით შეავსო უორდროპთა ფონდი, რაც კარგად ჩანს ს. იორდანიშვილისთვის 1925-1931 წლებში მიწერილი მისი წერილებიდან (დაცულია ს. იორდანიშვილის არქივში). წერილები ნათელს ჰფენს მის ბიოგრაფიას, მის მოღვაწერობას საქართველოსა და ქართული საქმის საკეთილდღეოდ. იგი ქართველ მეცნიერებს სთხოვდა, გაეგზავნათ თავიანთი უახლესი გამოკვლევები და ნაშრომები, რომელთა გადათარგმნასა და გამოქვეყნებას რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში თვითონ უზრუნველყოფდა. თბილისიდან მიღებულ კატალოგებს, ბიულეტენებს აცნობდა ო. უორდროპს და შესაძენი წიგნების სიას გზავნიდნენ თბილისში. ინგლისიდან საქართველოს ბანკში გაიხსნა კრედიტი. მას კავშირი ჰქონდა ლონდონში მცხოვრებ საქართველოთი დაინტერესებულ პირებთან, ეხმარებოდა მათ ქართული წიგნების შეძენაში. 1928 წელს მან დაიწყო ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენა, რომელიც ეყრდნობოდა ძველი და ახალი აღთქმის ქართულ და ინგლისურ ტექსტებს, "ვეფხისტყაოსნის" მ. უორდროპისეულ თარგმანს, დ. ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონს (1886). საცნობაროდ გამოყენებული ყოფილა მ. ბროსესა და ნ. მარის შრომები; ავტორს უსარგებლია ი. ჯავახიშვილის ისტორიული ხასიათის ნაშრომებითა და თბილისის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერთა გამოკვლევებით. 1937 წელს ლექსიკონი განიხილეს ზ. ავალიშვილმა და რ. გაბაშვილმა, მისი საბოლოო რედაქცია ო. უორდროპს ეკუთვნის. ხსენებული ლექსიკონი ეკატერინე ჩერქეზიშვილს დაუსრულებია 1939 წელს, მაგრამ მის გამოცემას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. ლექსიკონი დაიბეჭდა 1950 წელს; ეძღვნება ო. უორდროპის ხსოვნას და გამოცემულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მ. უორდროპის სახელობის ფულადი ფონდის ხელშეწყობით. ლექსიკონი შეიცავს 15 ათას სიტყვას. ავტორის მიზანი იყო ხელმისაწვდომი გაეხადა ქართული ენა და ლიტერატურა ინგლისელ მკვლევართათვის. რამდენადაც ეს იყო პირველი ცდა ამგვარი ლექსიკონის შედგენისა, ბუნებრივია, იგი სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ყურადღების ღირსია. ეკატერინე ჩერქეზიშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა - გემი, რომლითაც იგი საბერძნეთში მიემგზავრებოდა, ჩაიძირა.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.553


გააზიარე: