The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დონ დამიანე სააკაშვილი

დონ დამიანე სააკაშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1865
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1943  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის ეზო, ქუთაისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაიბადა ქართველი კათოლიკეების, იაკობ სააკაშვილისა და მაგდალინა ლაჩინაშვილის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის კათოლიკური დაწყებით სკოლაში და ქუთაისის კლასიკურ გიმნაზია, რომელიც 1883 წელს დაასრულა. 18 წლის ასაკში სასწავლებლად რომში გაემგზავრა, რომიდან დაბრუნების შემდეგ, დონ დამიანე სააკაშვილს სასულიერო სემინარიაში პროფესორობა შესთავაზეს, მაგრამ იგი მღვდლად ეკურთხა. 1892-1903 წლებში დამიანე სააკაშვილი ტირასპოლის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოში მსახურობდა; ზრუნავდა მოსახლეობის განათლებისათვის; საკუთარი ფიზიკური შრომით, რომელსაც ის ეწეოდა ეკლესიების კუთვნილ დამხმარე ნაგებობათა მშენებლობასა და ეზო-გარემოს კეთილმოწყობაში, მისაბაძ მაგალითს აძლევდა მრევლის წევრებს და მათ საყოველთაო აღიარებას, დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. 1893-1894 წლებში მისი ხელმძღვანელობით აიგო კათოლიკური ეკლესიები პერეკოპსა და ბერდიანსკში. ასევე, მის სახელს უკავშირდება 1903 წელს ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის იდეა. ამავე 1903 წელს, დონ დამიანემ, საქართველოში მოგზაურობისას, მეგზურობა გაუწია კათოლიკური სამყაროს გამოჩენილ მოღვაწესა და ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს, ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოსს, ბარონ დე როპპს. ეს მოგზაურობა თავის წერილში აღწერილი აქვს საზოგადო მოღვაწეს, საქართველოში კათოლიკობის ისტორიის მკვლევარს ზაქარია ჭიჭინაძეს. 1905-1939 წლებში დონ დამიანე ქუთაისის კათოლიკური მონასტრის წინამძღვარი იყო; იგი მღვდელმსახურებას უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში; თეოლოგია-ფილოსოფიასთან ერთად, მან ბრწყინვალედ იცოდა საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ზედმიწევნით ფლობდა უცხოურ ენებს: იტალიურს, ფრანგულს, პოლონურს, ლათინურსა და რუსულს; თავისუფლად ქადაგებდა იტალიურ და პოლონურ ენებზე; იყო ენციკლოპედიური განათლების, ჭეშმარიტად გამორჩეული ინტელიგენტი; თავდადებით ემსახურებოდა ყველა ადამიანს, ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად. საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, რომის მისიამ საქართველოში მოღვაწეობა შეწყვიტა. პაპის რწმუნებული, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ნატალე გაბრიელ მორიონდო 1921 წლის მარტში იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. კათოლიკეების მიმართ ანტირელიგიურმა ისტერიამ განსაკუთრებული ძალით იფეთქა, რადგან ისინი "იმპერიალისტური ევროპის" პოტენციურ მოკავშირეებად ჩათვალეს. მათი ეკლესიები დაანგრიეს ან არადანიშნულებისამებრ გადააკეთეს; სასტიკი რეპრესიებისა და შანტაჟის პირობებში უხდებოდათ ცხოვრება სიკვდილს გადარჩენილ მღვდლებს: დამიანე სააკაშვილს, ემანუელ ვარდიძეს, კონსტანტინე საფარაშვილს. მათ აქტიურად დევნიდა ბოლშევიკური რეჟიმი. ეკლესიის დახურვის შემდეგ, დონ დამიანე სიცოცხლის ბოლომდე დარაჯად მუშაობდა ეკლესიაში და დიდი რუდუნებით უვლიდა მას. სამშობლოსა და მრევლის წინაშე ვალმოხდილი მოძღვარი 1943 წლის 23 აპრილს, 79 წლის ასაკში აღესრულა. მიუხედავად ომის უმძიმესი დღეებისა, მის გასაცილებლად უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

წყარო: საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალება: catholic.ge


გააზიარე: