The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ყანდარელი

კონსტანტინე ყანდარელი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1902
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მექანიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

10 წლის ასაკიდან მუშაობდა დოლუხანოვის აგურის ქარხანაში, პარალელურად სწავლობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. 1918 წელიდან იყო სპორტული საზოგადოება "შევარდენის" აქტიური წევრი, უფროს ძმასთან - ლადო (ვლადიმერ) ყანდარელთან ერთად. 1921 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სწავლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო "ბენდუქიძის ავტოსახელოსნოში" ზეინკლის თანაშემწედ, შემდეგ თბილისის წყალსადენის სახელოსნოებში ხარატად; პარალელურად ესწრებოდა ლექციებს და ემზადებოდა სახელმწიფო გამოცდებისათვის. შემდეგ ხანებში მუშაობდა  ქალაქის სასაკლაოს ელსადგურში, მალევე ჩააბარა დიზელის ძრავის მემანქანის გამოცდა და მუშაობა დაიწყო ელსადგურის მემანქანედ. 1924 წელს, როდესაც კონსტანტინე ყანდარელმა ელსადგურში მუშაობა დაასრულა, ქალაქის აღმასკომის კომუნალური განყოფილების მიერ გადაცემული ფულადი ჯილდო მან გამოიყენა გერმანიაში არალეგალურად გამგზავრებისათვის. 1919 წლიდან ასევე გერმანიაში იმყოფებოდა მისი ძმა ლადო ყანდარელი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ევროპაში სასწავლებლად მივლინებული სტუდენტებს შორის იყო. ბერლინში, კონსტანტინე ყანდარელი შევიდა შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიუტის მექანიკის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი სწავლა განაგრძო მიტტვაიდას (საქსონია) ინტიტუტში, რომელიც დაასრულა 1927 წელს. შემდგომ ხანებში მუშაობდა ინჟინრად "ჰენრიხ ლანცის" სასოფლო-სამეურნეო იარაღების მწარმოებელ ფირმაში; ასევე "ფულდნერის" ქარხანაში. 1925 წლიდან იყო გერმანიის კომპარტიის წევრი. 1928 წელს გერმანიაში საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის შეთავაზებით მუშაობდა ბესლანის კრახმალის კომბინატის მექანიკური ნაწილის პროექტირებაზე ბერლინში, რომლის დასრულების შემდეგ კონსტანტინე ყანდარელი დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის უმაღლესმა საბჭომ იგი 26 კომისრის სახელობის ქარხნის საამქროების გამგედ დანიშნა, შემდეგ კი ქარხნის მთავარ მექანიკოსად. ასევე მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატში პროფესიული განათლების ინდუსტრიული სექციის გამგედ. 1930 წლიდან კონსტანტინე ყანდარელი იყო საქართველოს მელითონეთა კავშირის ინჟინერ-ტექნიკოსთა სექციის რესპუბლიკური ბიუროს თავჯდომარე, საქართველოს მანქანათ-საამშენებლო ინტერნაციონალური ბიუროს თავჯდომარე, საქართველოს ინჟინერ-ტექნიკოსთა სასექციათაშორისო ბიუროს პრეზიდიუმის წევრი, ჟურნალ "ტექნიკა და შრომის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათ-საამშენებლო ფაკულტეტის ლექტორი. 1930 წლიდან იყო სკპ(ბ) წევრობის კანდიდატი. 1930 წელს კონსტანტინე ყანდარელი გადაიყვანეს სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის მთავარ ინჟინრად; 1933 წლიდან იყო ამავე ქარხნის დირექტორი. 1937 წლის 23 აპრილს სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის პარტორგანიზაციამ კონსტანტინე ყანდარელი კომპარტიიდან გარიცხა "1924 წელს საზღვარგარეთ გაქცევის ფაქტის დამალვის" და "კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ელემენტების მფარველობის" ბრალდებით,  იგი ასევე მოხსნეს დირექტორის თანამდებობიდან. კონსტანტინე ყანდარელი დააპატიმრეს 1937 წლის 1 მაისს. დაპატიმრებას წინ უძღვოდა სახლის ჩხრეკა, ოჯახის ქონების და ბინის ნაწილის კონფისკაცია. 1937 წლის 13 სექტემბერს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ, თბილისში, კონსტანტინე ყანდარელს "კონტრრევოლუციური ორგანიზაციის - "თეთრი გიორგის" წევრობის" და "გერმანული დაზვერვის სასაგრებლოდ დივერსიულ-მავნებლური მუშაობის" ბრალდებით დახვერტა მიუსაჯა. თითქმის 20 წლის განმავლობაში ოჯახს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გადასინჯა კონსტანტინე ყანდარელის საქმე და 1956 წლის 11 აგვისტოს გააუქმა განაჩენი დანაშაულის მამხილებელი საბუთების უქონლობის გამო. კონსტანტინე გიორგის ძე ყანდარელი რეაბილიტირებულ იქნა სიკვდილის შემდეგ. რეპრესირებული. 2018 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მელიქ აზარიანცის სახლის კედელზე, სადაც  კონსტანტინე ყანდარელი ცხოვრობდა, მემორიალური ნიშანი დამონტაჟდა.  

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge; გაზეთ "კვირის პალიტრის" ოფიციალური ვებგვერდი: kvirispalitra.getabula.gefacebook.com


გააზიარე: