The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯეიმს ნორმან კუკ-კოლისი

დაბადების თარიღი:7 მაისი, 1876
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1941  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაიბადა ირლანდიაში, კუკის ციხესიმაგრეში, კორკის საგრაფოში. განათლება მიიღო ჩელტენჰემის კოლეჯში. მონაწილეობდა ბურების მეორე ომში (1899-1902), პირველ მსოფლიო ომში. მისი სახელი უკავშირდება არაერთ მნიშვნე-ლოვან სამხედრო მოქმედებას. პირველ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მუდროსის ზავის თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან საქართველოში ჩამოვიდა ინგლისელთა 5 გემი 15-20-ათასკაციანი ჯარით, რომელიც განლაგდა, ძირითადად, ბათუმსა და თბილისში. ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა გენერალი კუკ-კოლისი. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, ბათუმის მმართველობა ხელში აიღო კადეტმა მასლოვმა, რომელმაც ოლქის მმართველობაში რუსი მოხელეები მოიყვანა. კუკ-კოლისმა ბათუმის ოლქში ინგლისელთა სრული დიქტატურა დაამყარა. 21 იანვრიდან ბათუმში დაწესდა ინგლისის ფლოტზე მიღებული დრო. სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით, გამკაცრდა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ აიკრძალა მანიფესტაციები. ისჯებოდა ყველა, ვინც ბათუმში ნარგავების განადგურებას შეეცდებოდა ან ქუჩებს დაანაგვიანებდა. 1919 წლის სექტემბრიდან ბათუმში და მთლიანად ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქართული პრესა საკმაოდ უარყოფითად აფასებდა კუკ-კოლისის საქმიანობას. მას არაერთი უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა საქართველოს დემოკრეატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. დენიკინის დამარცხების შემდეგ, რუსეთიდან დევნილი თეთრგვარდიელების თავშესაფრად ბათუმი იქცა. კუკ-კოლისი აქტიურად უჭერდა მხარს სამხრეთ რუსეთის მოქმედ მოხალისეთა არმიას. 1920 წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბათუმის ოლქის შემოერთებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც სამხედრო გუბერნატორის, კუკ-კოლისის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვა. 1920 წლის 2 მარტს გენერალმა კუკ-კოლისმა ქართულ მხარეს შემდეგი მოთხოვნები წარუდგინა: "1. ბათომის ოლქში ნატანების, ახალციხის და არტაანის მხრით აშკარად სწარმოებს შეტევა საქართველოს ჯარისა; 2. ამ ჟამამდის ორი უკანასკნელი პუნქტის სამხედრო ძალებმა გადმოლახეს არსებული საზღვარი. არტაანის რაზმმა უკვე გადააყენა შავშეთში ადგილობრივი ადმინისტრაცია და მის ადგილზე თავისი დანიშნა. ამას გარდა, სამი ქართველი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ არტანუჯში. ნატანების რაზმი მზვერავებს უშვებს საზღვარზე. 3. ვინაიდან მე მაქვს მიღებული კატეგორიული ბრძანება მთავარსარდლის გენერალ სერ ჯორჯ მილნისაგან, რომ არავითარ სამხედრო ძალას არ მიეცეს საზღვრის გადალახვის საშუალება და საქართველოს ჯარი კი ნებადაურთველად გადმოვიდა ბრიტანეთის გამგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაიყვანოთ საქართველოს ჯარის ყველა ნაწილები, რომლებიც ამჟამად ბათომის ოლქის ფარგლებში იმყოფებიან. 4. თუ არავითარი ამგვარი ბრძანება არ იქნა გაცემული, ამისათვის საჭირო დროის განმავლობაში, მე ვიტოვებ უფლებას მივიღო ისეთი ზომები, როგორსაც საჭიროდ ვცნობ, რომ საშუალება მექნეს მთავარსარდლის განკარგულება სისრულეში მოვიყვანო. მე ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ პასუხი გამომეგზავნება". ინგლისის მთავრობის მიერ ბათუმის ოლქიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, გენერალ კუკ-კოლისის ბრძანებით, მოსახლეობაში დაიგზავნა სპეციალური მოხელეები არსებული ვითარების ასახსნელად, რათა ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიანად წარმართულიყო. ბათუმის სამხედრო გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ კუკ-კოლისი განაგრძობს სამსახურს ბრიტანეთის არმიაში. 1927 წელს გახდა მე-11 ქვეითი ბრიგადის, ხოლო 1934 წელს 55-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1935-1938წწ. იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში დისლოცილებული ბრიტანეთის ჯარების ხელმძღვანელი. 1938 წლიდან ცხოვრობდა ირლანდიაში, კუკების სასახლეში. 1918 წელს მიღებული აქვს ბრიტანეთის სამხედრო ორდენი "განსაკუთრებული დამსახურებისთვის" (D.S.O.), ხოლო 1919 წელს ბრიტანეთის წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის რაინდული ორდენი (C.M.G.). ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, 1919-1920წწ. ბათუმის გენერალ-გუბერნატორი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.235

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: