The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასო წულაძე

ვასო წულაძე
ოფიციალური სახელი:ვასილ წულაძე
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1889
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1969  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის 2-კლასიანი სკოლა.

1901-1902წწ. მეორე კლასამდე სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, საიდანაც გამოვიდა სწავლის ქირის არქონის გამო. ადრეული ასაკიდან ჩაერთო სოციალისტურ მოძრაობაში; მონაწილეობდა ბათუმის ნავთობის ქარხნების მუშათა მოძრაობაში, გურიის გლეხთა მოძრაობასა და 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1908 წელს მეფის რეჟიმმა დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით. 1910-იანი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატიული პრესის გამოცემებს; იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1911 წლიდან იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1914 წლისათვის მუშაობდა მურღულის მადნის დამამუშავებელი ქარხნების საავადმყოფოს სალაროს გამგედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა გაზეთ "ერთობის" საგამომცემლო ნაწილის უფროსად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო სამეურნეო-საგამგეო კომისიის თავმჯდომარე და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. 1921 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, მუშაობდა პარტიის თბილისის ორგანიზაციაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა "სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში", ემიგრანტულ მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ რგოლში. მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.465

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1906-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: