The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ჭანიშვილი

რეზო ჭანიშვილი
ოფიციალური სახელი:ლაუზ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:21 ივნისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი (პედაგოგი კ. მანჯგალაძე) 1963 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.

ცეკვა დაიწყო აჭარის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლეში გ. ჩიხლაძის ხელმძღვანელობით; გამოდიოდა ბათუმის კულტურის სახლთან არსებულ ცეკვის ანსამბლში; 1955–1956 წლებში იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის, ქართული ცეკვის თვითმოქმედი ანსამბლის (ქორეოგრაფი გ. დარახველიძე) მსახიობ - მოცეკვავეა; 1963–1970 წლებში იგი ხელმძღვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პედინსტიტუტის ცეკვის ანსამბლს, პარალელურად მუშაობდა ბათუმის სხვადასხვა ანსამბლში, მოსწავლე – ახალგაზრდობის კულტურის სახლის ხელმძღვანელად და მთავარ ქორეოგრაფად, ასევე აჭარპროფკავშირის კულტურის სახლის დირექტორი და მასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდიის დირექტორი და მასთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი იყო; 1974 წლიდან კი თბილისის ხალხური ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდიის დირექტორის მოადგილე და ცეკვების დამდგმელია; 1975–1978 წლებში თბილისის საქალაქო, რესპუბლიკური, საერთაშორისო ღონისძიებების მთავარი ქორეოგრაფი; 1978–1980 წლებში დამასკოში მივლინებული სირიის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონსულტანტია; 1980–1983 წლებში ლოტბარ ჯ. ჭკუასელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. აქვე, 1981 წელს დააარსა ცეკვის სახელმწიფო სკოლა–სტუდია, რომლის პირველი დირექტორი იყო; 1983 წელს მან მუშაობა დაიწყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, სადაც დააარსა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერანი", რომელმაც 30–მდე ქვეყანა მოიარა და  მრავალი ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი გახდა. ჭანიშვილი საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის ერთ–ერთი დამფუძნებელია. წლების მანძილზე ამ კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. თბილისის ე. თაყაიშვილის სახ. კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი და უნივერსიტეტთან არსებული ფოლკლორის კომპლექსური კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია; დამდგმელია ცეკვებისა ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის დრამატულ თეატრებსა და კინოფილმებში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, არის სამეცნიერო შრომების ავტორი. ჰელსინკში გამართული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალის ლაურეტი (1962), ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკური კონკურსში ცეკვა "ქართულის შესრულებისთვის ოქროს მედლის მფლობელი (1972). ქორეოგრაფ - ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.566; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.337; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.63

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - ღირსების მედალი
    მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდისა და ქართული კულტურის განვითარების საქმეში მიღწეული წარმატებისათვის
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: