The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1879
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1967  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამ პერიოდიდან ებმება მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1901 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში, "ისკრის" დამხმარე ჯგუფში; ჟენევაში დაქორწინდა მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძეზე (1880-1937 წწ.). 1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; ჩაბარებული ჰქონდა რამდენიმე მუშათა წრე საპროპაგანდოდ. 1905 წელს, ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური "მენშევიკი"; მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე კი "ბოლშევიკი". 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის და რეაქციის გამძაფრების გამო პარტიულ სამუშაოზე გაგზავნეს ქალაქ ბაქოში. 1906 წელს კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სადაც დარჩა და დააასრულა სასწავლო კურსი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წელს ევაკუაციის წესით დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში. დროებით მუშაობდა სამტრედიაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ქალაქთა კავშირში. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, რის გამოც 1924 წლის დასაწყისში იძულების წესით გაასახლეს მოსკოვში. 1925 წელს თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს. 1925 წელს "მენშევიკურ" პარტიაში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება. 1936 წელს სსრკ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა მას 5 წლით ყაზახეთის სსრ-ში გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებაში ყაზახეთის სსრ-ში ქალაქ ჩიმკენტში მუშაობდა პოლიკლინიკაში, სადაც დააპატიმრეს 1937 წელს. 1937 წლის დეკემბრიდან იმყოფებოდა "ტაიშეტლაგში" (ტაიშეტის შრომა-გასწორების ბანაკი), სადაც მუშაობდა ექიმად. 1942 წლის აპრილში გადააგზავნეს "ყარლაგში" (ყარაგანდის შრომა-გასწორების ბანაკში), სადაც 1942 წლის 7 მაისიდან მუშაობდა დასახლება ბიდაიკის საავადმყოფოში. სასჯელის ვადა დაუმთავრდა 1945 წლის 5 ივნისს, მაგრამ არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება და 1947 წლის 28 თებერვალს სსრკ-ს შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებთ 3 წლით გაუგრძელეს გადასახლების ვადა. გათავისუფლდა 1950 წელს და დაბრუნდა თბილისში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

წყარო: სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია : www.feminism-boell.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

გააზიარე: