The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი II (საქართველოს მეფე)

ოფიციალური სახელი:გიორგი ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე 1072-1089წწ., ბაგრატ IV-ის ძე; მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა; 1073 წელს მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი; ნინია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო(ეგრისი) დაარბია; მათი დამორჩილების შემდგომ გიორგი II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები "წყალობით დაფარა"; ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს ლიპარიტს - ლოწობანი, ნიანია ქვაბულის ძეს - თმოგვი, ვარდანს სვანთა ერისთავს - ასკალანა; 1074 წელს ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს; გიორგი II-მ მესხთა ლაშქრითა და კახთა მეფის აღსართანის გამდგარი ფეოდალი დაამარცხა; ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს; მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ, მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გიორგი II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს ფალდონს მიჰყიდა; 1073 ან 1074წწ. საქართველოს შემოესია "დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რომელმაც აიღო სამშვილდე, დაარბია ქართლი და დიდძალი ტყვიითა და ნადავლით უკან დაბრუნდა; იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი; გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი; ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც "მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, "მრავალრიცხოვანი კლარჯეთისა, შავშეთისა ჯავახეთისა და არტანისა", აგრეთვე ციხე-ქალაქი, "სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები; საერთაშორისო მდგომარეობის გართულებამ ახალი საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა; 1079 წელს ყველის ციხესთან მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით; მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს; თურქებმა ააოხრეს საქართველოს დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით დაბრუნდნენ უკან; XI საუკუნის 80-იან წლების დამდეგიდან დაიწყო სელჩუკიან თურქთა ახალი შემოსევები; გიორგი II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა(სავარაუდოდ 1081-1082წწ.) და მორჩილება გამოუცხადა; საქართველო სელჩუკიანი თურქების მოხარკე გახდა; კმაყოფილმა მალიქ-შაჰმა საქართველოს სამეფო გაათავისუფლა "ზედამარბეველთაგან", გიორგი II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარიც გამოაყოლა; მტრისა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა; ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა; ზამთარში მოულოდნელად გიორგი II-მ ალყა მოხსნა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რის გამოც მას კიცხავს დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი; ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური უბედურება მიწისძვრა(1088), რომელიც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართველოს სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება; 1089 წელს  გიორგი II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი(შემდეგ აღმაშენებლად წოდებული) დასვეს; ისტორიკოსთა ერთი ნაწილი(ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე) გიორგი II-ის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევს 1089 წელს, ხოლო ზოგიერთი(ნ. ურბნელი, თ . ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) კი 1112 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.17


გააზიარე: