The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩიტაია

გიორგი ჩიტაია
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:28 აგვისტო, 1986  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

1907 წელს ფოთის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში; 1911 წლიდან ირიცხებოდა პეტერბურგის უნივერსისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე; 1913 წელს კენისბერგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა გერმანულ ენას და ისმენდა პროფესორ ბროკელმანის ლექციებს; პეტერბურგის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ეთნოლოგიის საფუძვლებს; 1916 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი, საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა მეცნიერულ მოღვაწეობას.

 1917-1922 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. ფოთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში; 1923-1931 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი; 1929-1930 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი; 1930-1940 წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1931-1936 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე; 1935-1936 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის კავკასიამცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; 1936-1938 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის სექციის ხელმძღვანელი; 1938-1941 წწ. ამავე ინსტიტუტის ეთნოგრაფიის  განყოფილების გამგე; 1940-1953 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. გ. ჩიტაია 1961 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს მატერიალური კულტურისა და სამეურნეო ყოფის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების გამგე, ხოლო 1968 წლიდან გარდაცვალებამდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრის გამგე. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საველე ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებას, დანერგა საველე მუშაობის კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი და პირველმა ნათელჰყო მისი უპირატესობა. ყოველივე ეს აისახა მეცნიერის ორასამდე ნაშრომში, რომლებიც დაფუძნებულია მდიდარ საველე მასალაზე. მისი მდიდარი მეცნიერული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია მის მიერ მაღალ თეორიულ დონეზე შესწავლილი მემკვინდვრეობის სისტემები საქართველოსა და ამიერკავკასიაში და ამ სისტემებთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღებისა და ნაგებობების, შრომის ორგანიზაციის, რწმენა-წარმოდგენების, რიტუალების, სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებანი. მისი ფასდაუდებელი ღვაწლის შედეგია 1960 წელს თბილისში დაარსებული ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ; მისი სახელი მიენიჭა ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ; მის საპატივცემულოდ თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს გ. ჩიტაიას სახელობის ქუჩას; საფუძველი ჩაუყარა ჩვენში ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა ახალგაზრდა კადრები.

 წყარო: მამულიშვილთა სავანე.-თბ., 1994.-გვ. 380; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.57-193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1986)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1918-1921)
  • ფოთის ქალაქის საბჭო, თავმჯდომარე (1918-1921)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1997-2001 წლებში გამოცემული "შრომებისა"(5 ტომად) და "ეთნოგრაფიული ალბომისათვის"
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში 1976-1992 წლებში გამოცემული ნაშრომისათვის - "მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის" 5 ტომად (9 წიგნად)
  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1946 - მედალი "სამამულო ომის დროს თავდადებული შრომისთვის"
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • შრომები (ავტორი) // ტ. 4: საუნივერსიტეტო ლექციების კურსი ეთნოგრაფიაში "სვეტები". - თბილისი, 2001. - 311გვ.. - ISBN: 99928-963-7-X
  • შრომები (ავტორი) // ტ. 5: ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წერილები, რეცენზიები. - თბილისი, 2001. - 544გვ.. - ISBN: 99928-51-11-2
  • შრომები (ავტორი) // ტ. 3: XX ს. ქართული ეთნოგრაფია. საველე-ეთნოგრაფიული ძიებანი, მეთოდოლოგია . - თბილისი, 2001. - 644გვ.
  • შრომები (ავტორი) // ტ. 2: ქართველი ხალხის ეთნოგენეზი და კულტურულ-ისტორიული პრობლემები. - თბილისი, 2000. - 447გვ.. - ISBN: 99928-51-11-2
  • შრომები (ავტორი) // ტ. 1: ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა. - თბილისი, მეცნიერება, 1997. - 424გვ.
  • ქართული ეთნოლოგია : ლიტ. მიმოხილვა (ავტორი) // ცალკე ამონაბეჭდი: "მიმომხილველი"-საქ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ-ბის ორგანო. - ტფილისი, 1926. - 247-261გვ.

გააზიარე: