შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანთიმოზ ივერიელი
ბიოგრაფიაოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან. სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალემის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ანთიმოზ ივერიელი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭვდის საქმეში. მის მერვე დაარსებულ სტამბებში(ბუქარესტი, სნაგოვის მონასტერში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში). მისივე ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ ენებზე. მის სახელს უკავშირდება რუმინულ ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება, მათ შორის "ქადაგებანი". იგი ილუსტრაციებს და მინიატურებს თვითონ ქმნიდა("სახარება" 1693 წელი). ანთიმოზ ივერიელმა მოაჩუქურთმა თავის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის("ანთიმოზის მონასტერი") მთავარი კარი და სარკმელები, რომელთა ორნამენტებში ქართული მოტივები შერწყმულია რუმინულთან და რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნულ, ძველ სლავურ და არაბულ ენებზე გამოცემული წიგნებით. ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთში 25 წლის მანძილზე სხვადასხვა ადგილას დაარსებულ ოთხ სტამბაში დაბეჭდა 64 წიგნი. მისი ხელშეწყობით მისმა მოწაფეებმა დააარსეს სტამბა ალეპოშო(სირია). მისსავე სახელთანაა დაკავშირებული თბილისში პირველი სტამბის დაარსება 1709 წელს და იმავე წელს ქართულად "სახარების"დაბეჭდვა. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა ანთიმოზ ივერიელის მოწაფემ მიხაი იშტვანოვიჩმა. ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, სათავეში ედგა ანტიოსმალურ პატრიოტულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას. ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავრთან. იგი შეიპყრეს, სასულიერო ღირსება აჰყარეს(დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია) და სამუდამო ექსორია მიუსაჯეს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში. 1992 წლის 12 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და 27 სექტემბერი დააწესა მისი მოხსენიების ოფიციალურ დღესასწაულად. რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, ვლახეთის მიტროპოლიტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.158
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |