შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დომინიკა ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო ან ამაღლება, ახლანდელი ვანის რაიონი. პირველი ლექსი, "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო", ილია ჭავჭავაძემ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა 1893 წელს. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან", როგორც ქართული ენის კარგი მცოდნე (იყო პირველი კორექტორი ქალი). ამავე გაზეთში 1894 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა", "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვ). პატრიოტული მოთხრობის, "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე, 1897 წელს აღიარეს, როგორც ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი. მან დიდი ამაგი დასდო ქართველი ქალის უფლებების დაცვის საქმეს (წერილი "პატარა ერის დიდებულნი ასულნი" – "სახალხო ფურცელი", 1926 წელი № 478), ერთ-ერთმა პირველმა დააარსა "ქართველ ქალთა საზოგადოება", რომლის თაოსნობითაც გაიხსნა ერთგვარი სალონ-საჩაიე "ძმური ნუგეში" (შემოსავალს გადასცემდნენ I მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფთ). აღსანიშნავია განდეგილის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც, თარგმნა ჰაინრი ჰაინეს, კონდრატ რილეევის, მარქსიმ გორკის, ივან ტურგენევის, ალექსანდრ კუპრინის, ტარას შევჩენკოს, მარკიზ სონიესა და სხვების ნაწარმოებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია თარგმანი ალექსანდრე გრიბოედოვის ''ვაი ჭკუისაგან''. განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების კრებული გამოქვეყნდა 1910 წელს, ლექსების კრებული -1918 წელს. განდეგილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბავშვო ლიტერატურაშიც, მან დაწერა და თარგმნა არაერთი უცხოური საყმაწვილო მოთხრობა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.551; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.21 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |