შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჩუბინაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. 1906-1916 წწ-ში ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა ლაიფციგის, ჰალლეს და პეტროგრადის უნივერსიტეტებში. 1917-1922 წწ. იყო კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტის, 1929-1934 წწ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი; 1934-1941 წწ. ხელოვნების მუზეუმის "მეტეხი" ხუროთმოძღვრების განყოფილების გამგე; 1941-1973 წწ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; 1918-1948 წწ. თსუ პროფესორი, 1922-1940 წწ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922-1928 წწ-ში – რექტორი), ჰალლეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის დამფუძნებელი. გიორგი ჩუბინაშვილის ერთი უმთავრესი საკვლევი საგანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია იყო. მან დაადგინა ქართული არქიტექტურის განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი, მისი საფეხურები და ნიშან-თვისებები, მონოგრაფიულად შეისწავლა ქართული სატაძრო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები (ბოლნისის სიონი, მცხეთის წმინდა ჯვრის ტაძარი და მისი მიმდევი ეკლესიები, წრომი, სამწევრისი, კუმურდო, "სამი კათედრალი" და ა.შ.) ცალკე დაამუშავა კახეთის საეკლესიო და სამოქალაქო ხუროთმოძღვრება; დაწერილი აქვს ნარკვევები 1930-1950-იანი წწ-ის არქიტექტურის შესახებ. გ. ჩუბინაშვილმა დიდტანიანი შრომა მიუძღვნა ქართულ ლითონმქანდაკებლობასაც, რითაც დადგინდა შუასაუკუნოვანი ქართული პლასტიკის ისტორიის ძირითადი საფეხურები და თავისებურებანი. შუა საუკუნეების მხატვრობის საკითხები განხილულია სახელოვნებათმცოდნეო-კულტურულისტორიულ მონოგრაფიაში გარეჯის კლდეში ნაკაფი მონასტრების შესახებ. გ. ჩუბინაშვილი წერდა მცირე ხელოვნების ქართულ (არმაზისხევის ოქროს ნივთები, სპილოს ძვლის ტრიპტიქონი რაჭიდან) თუ შემოტანილ (სირიული თასი უშგულიდან) ნიმუშებზე; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები თავის თანამედროვე ხელოვანთა თუ მეცნიერთა შესახებ. იგი საგანგებოდ სწავლობდა მომიჯნავე ქვეყნების (პირველ რიგში სომხეთის, ასევე ინგუშეთის, აზერბაიჯანის) ხუროთმოძღვრებასა და რელიეფებს, დამუშავებული აქვს სპეციალური (ა. დიურერის "12 წლის ქრისტე" და სამეცნიერო-პოპულარული (ლ. კრანახი, ე. ბარლახი, ფ. მაზერელი, კ. კოლვიტცი) ნაშრომები ევროპული მხატვრების შესახებ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.164-165; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.-647-648 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |