The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანასტასია გედევანიშვილი

ანასტასია გედევანიშვილი
Date of birth:20 March, 1864
Date of death:1956  (at 91 years)
Category:Translator, Educator, Journalist, Public Man, Civil Rights Activist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი 1881 წელს და ქალთა I გიმნაზიის დამატებითი, მე-8 პედაგოგიური კლასი. 1895-1897წწ. პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციების კურსი ლიტერატურასა და პედაგოგიკაში.

1881-1895წწ. თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში ასწავლიდა ყველა საგანს, შემდეგ წმინდა ნინოს სასწავლებელში იყო მასწავლებელი და დამრიგებელი. 1896 წელს პარიზში გამართულ "ფემინისტ ქალთა საერთაშორისო კონგრესში" მონაწილეობდა როგორც დელეგატი. მან საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა ქალთა უფლებების დაცვის წრე და 1906 წელს, დანიაში, ქ. კოპენჰაგენში "ქალთა თანასწორუფლებიანობის ინტერნაციონალური კავშირის მესამე კონგრესში" მიიღო მონაწილეობა (კოპენჰაგენის კონგრესზე "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის" მოხსენება დაბეჭდილია ამავე კონგრესის შრომათა კრებულში, 1906). 1905-1906წწ. ანასტასია გედევანიშვილი თავმჯდომარეობდა "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირს", რომლის წევრებიც არალეგალურად იკრიბებოდნენ მის ბინაზე, ამ კავშირის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთის ქალთა ყრილობებში, სადაც ქართველ ქალთა წარმომადგენელი იყო რუსუდან ნიკოლაძე.  "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის" დამფუძნებელი კრება გაიმართა 1905 წლის 20 ნოემბერს, ანასტასია გედევანიშვილის სახლში, დაესწრო 150 დელეგატი ყველა სოციალური ფენიდან, კავშირის ჰქონდა თავისი წესდება. 1908 წლის დეკემბერში, სრულიად რუსეთის პირველ ქალთა ყრილობის დელეგატებს ანასტასია გედევანიშვილმა, როგორც "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის"  თავმჯდომარემ, პეტერბურგში მისალმება გაუგზავნა. "ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირის" პირველი პოლიტიკური გამოსვლა მოხდა თბილისის ახალი ხმოსნების არჩევნების დროს. ქალაქის თავისადმი გაგზავნილ მიმართვაში კავშირი მოითხოვდა ქალაქის საბჭოში ქალების არჩევას და შესაბამის ანაზღაურებას. 1908 წელს ანასტასია გედევანიშვილმა თავის სახლში დააარსა პირველი ქართული საბავშვო ბაღი, სადაც სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს ბაღი შემდეგ ქართული გიმნაზიის შენობაში (თსუ) გადავიდა. ბაღს 1917 წლამდე ხელმძღვანელობდა ანასტასია გედევანიშვილი. ბაღს ჰყავდა მშობელთა კომიტეტი ("საბავშვო ბაღის კომიტეტი") და ჰქონდა საკუთარი ბეჭედი. 1897-1898წწ. ილია ჭავჭავაძის თხოვნით გაზეთ "ივერიისათვის" ფრანგულიდან თარგმნა პაულ ჰაიზეს "უცხონი", ჟან რეიბარშის "ლუი", შარლ ფოლიკის "სატუსაღოს პატარა ქალი", "შობა მუშის ოჯახში", "დედა"; იბსენის "ნონა", "ელლიდა". ანასტასია გედევანიშვილი იყო ჟურნალ "ნაკადულის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ჟურნალში ბეჭდავდა საკუთარ თარგმანებს. ფრანგულიდან თარგმნა "ანდრე მარტი"- მოთხრობა ცნობილ ფრანგ კომუნისტზე ("სახელგამი", 1932წ.)  ანასტასია გედევანიშვილმა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები - ავტოგრაფები, ფოტოსურათები და სხვა მასალები, რაც მის მეუღლეს მიხეილ გედევანიშვილს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა გამოცემისათვის ჰქონდა შეკრებილი, აგრეთვე მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცა XIX-XXსს. წიგნებისა და პერიოდული გამოცემების ბიბლიოთეკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია ანასტასია გედევანიშვილის ხელნაწერი მოგონებები, წერილები, ქალთა საერთაშორისო კონგრესის დელეგატის მანდატი და სხვა მასალები. "ქართველი ჟანა დარკი" - ასე უწოდა ანასტასია გედევანიშვილს აკაკი წერეთელმა.  დრამატურგ იოსებ გედევანიშვილის და, ექიმ მიხეილ გედევანიშვილის მეუღლე, დიმიტრი და შალვა გედევანიშვილების დედა. (მცხეთელი გედევანიშვილები).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.536

Member of Organizations

  • ქართველ ქალთა თანასწორუფლებიანობის კავშირი, თავმჯდომარე (1905-1906)

Bibliography

  • ანდრე მარტი : ამბავი მოზარდთათვის სამოქალაქო ომიდან (Translator). - ტფილისი, სახელგამი, 1932. - 11გვ.

Share: